_ გამარჯობა ირა, ქეთი ვარ..._ მინდოდა მეთქვა დიანას მეგობარიმეთქი, მაგრამ თქმაც არ დამაცადა. თითქოს ჩემს ზარს ელოდებოდა და უეჭველად იცოდა , რომ ადრე თუ გვიან დავურეკავდი.
_ თომა როგორაა ქეთი?_ მკითხა შეშფოთებულმა.
_ მგონი ყველაფერი გართულდა, თუმცა არ ვიცი, უნდა გნახოთ. იმედია მოსვლა არ დავაგვიანე!_ გული უცნაურად მტკიოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა , თითქოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მქონდა გასაკეთებელი და თავს ვერ ვაბამდი. თითქოს ძალიან ძვირფასი მეცლებოდა ხელიდან. შეხვედრა იმ საღამოსვე დამითქვა და მანუგეშა.
_ ნუ ნერვიულობ, სანამ ბავშვს არ ვნახავ საუბარი მიჭირს, თუმცა თომა ძლიერი ბიჭი ჩანს! გელოდები ქეთი, აუცილებლად!_მასთან საუბრის შემდეგ ბევრი აღარ მიყოყმანია, ჩვენში ხომ ფსიქოლოგის ისე ეშინიათ, როგორც ჯალათის. არადა დროული ჩარევა რამდენის პრობლემას მოაგვარებდა. ამის გასააზრებლად დრო მეც დამჭირდა, ამიტომ თომას ხელი მოვკიდე და უთქმელად დავუწყე გამზადება.
_ სადაა შენი ნახატების ალბომი? ხომ არ დაგვიწყებია, რომ ირინას სურათის დახატვას დაპირდი?_ ვკითხე მას. ირინას ხსენებაზე ბავშვი გამოცოცხლდა. საქაღალდეში ნახატები და ფანქრები ჩაიწყო და ზურგჩანთა ზურგზე მოიკიდა. თუმცა მაინც უცნაურად დუმდა. ხელი მოვკიდე და ოთახიდან გამოვედით.
_ სად მიდიხართ ქეთევან?_ მკითხა კარს უკან მოჩვენებასავით დადარაჯებულმა როენამ.
_ სასეირნოდ! მშვენიერი საღამოა!_ ვუპასუხე მე, რაც შემეძლო მშვიდად.
_ ახლა დაბრუნდი საავადმყოფოდან, დარწმუნებული ხარ, რომ სასეირნოდ წასვლა კარგი აზრია?_ისე მკითხა, კარგად არ მცნობოდა, აუცილებლად დავიჯერებდი, რომ გულწრფელად ზრუნავდა ჩემზე.
_ არ ინერვიულოთ, მალე დავბრუნდებით!_ გავუღიმე და კიბეებზე დავეშვი.
კართან რიტა შემეჩეხა, უცნაურად დაბნეულმა შემომხედა და დამნაშავესავით ამარიდა თვალი.
სახლიდან რომ გავედით, ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ფრონტის წინა ხაზიდან სამშვიდობოს გავაღწიეთ. მშვიდად ამოვისუნთქე. და გაჩერებისკენ ნელა გავუყევი გზას.
მშვენიერი დღე იყო, მაგრამ რატომღაც თომას სახეზე ვერანაირ თბილ ემოციას ვერ ვხედავდი. რობოტივით მომყვებოდა გვერდით. თუმცა ხელი მაგრად ჰქონდა ჩაკიდებული ჩემს ხელზე.
რატომღაც დავითზე ვფიქრობდი. თავს დამნაშავად ვგრძნობდი, ბოლო_ბოლო უეჭველ სიკვდილს მან გადამარჩინა. რომ არა მისი სწრაფი რეაქცია , ის ვიღაც თავის მიზანს მიაღწევდა და ირაკლისთან გამამგზავრებდა. ვინ იყო, რატომ სურდა ჩემი მოკვლა? ვერაფრით ვხვდებოდი. განა რას წარმოვადგენდი ასეთს, რომ ვიღაც საფრთხედ აღმიქვამდა? არაფერი მე არ მქონდა, არავინ მე არ მყავდა? მხოლოდ თომა. თომა იყო ერთადერთი განძი და სიმდიდრე ჩემთვის. უცებ თითქოს გასხივოსნება ეწვიაო, ისე გამინათდა გონება. სწორედ თომა იყო ამ ამბის გასაღები. ერთი კითხვა ამეკვიატა, რატომ მაინც და მაინც ახლა? დასაფლავებაზეც ხომ იყო მოსული როენა, რატომ მაშინ არ შემოგვთავაზა მასთან ცხოვრება? რას ელოდებოდა? კარგად მახსოვდა მისი უცნაური მზერა, როცა პირველად დაინახა თომა. მახსოვდა როგორ შეათვალიერა და რა უცნაური წამიერი ცივი ღიმილი გაუკრთა ტუჩებზე. ზუსტად იმ წამს , როცა მის ერთადერთ ვაჟს მიწას აყრიდნენ, როენა ანგარიშიანი მზერით უყურებდა თომას. ვინ იყო როენა? საიდან მოვიდა? აუცილებლად უნდა გამერკვია მისი წარსული, მტკიცედ მჯეროდა, სწორედ მის წარსულში ვიპოვნიდი სიმართლის მარცვალს. მაგრამ არ ვიცოდი საიდან დამეწყო. მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ვიცნობდი, რომლებიც ასე თუ ისე იცნობდნენ როენას, მაგრამ სამწუხაროდ არც ერთს არ ვენდობიდი. არც დავითს და მით უფრო არც ალექსანდრეს. კესოზე ლაპარაკი ზედმეტი იყო, ასევე ფრიდონზე. ორივე როენას ერთგული ძაღლები იყვნენ და დარწმუნებული ვიყავი არაფერს მეტყოდნენ. იქნებ რიტასთან მეცადა? მაგრამ რიტას, მას შემდეგ, რაც დავითთან ერთად დამინახა, თითქოს ვძულდი. სულ თავს მარიდებდა და როცა ველაპარაკებოდი უცნაურად ბლუყუნებდა .თითქოს, რაღაც სინდისის ქენჯნას გრძნობდა, მაგრამ თქმით ვერაფერს მეუბნებოდა. ალბათ სწორედ მან ჩამიშვა როენასთან და დავითთან ჩემს შეხვედრაზე ყველაფერი ჩაუკაკლა. როენამაც სწორედ ამიტომ მომიქსია ის მანიაკი ალექსანდრე.
ვფიქრობდი და ვერაფრით ვხვდებოდი, რა ჯანდაბა მექნა და საიდან დამეწყო.
პოლიციასაც არ ვენდობოდი. სიმართლე რომ გითხრათ, მათ ირაკლის საქმეც კი ვერ გამოიძიეს და ჩემთვის თავს არც შეიწუხებდნენ. როენას კავშირებიდან გამომდინარე, ადვილი შესაძლებრლი იყო, სულაც კორუმპირებულიები ყოფილიყვნენ.
მთელი გზა ირამდე ასეთ ფიქრებში გავატარე. შემდეგ კი ყურადღება მოვიკრიბე და მთელი კონცენტრაცია თომასკენ მივმართე. მთავარი თომა იყო. გულში ისიც კი ვიფიქრე, იქნებ ბარგი ჩამელაგებინა და იმ ციხიდან საერთოდ წამოვსულიყავი, მაგრამ რატომღაც ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი, რასაც ვხედავდი მხოლოდ აისბერგის ხილული წვერი იყო და ყველაზე მთავარი კვლავ წყლის ქვეშ იმალებოდა. ოდესმე სადმე აუცილებლად წამოყოფდა თავს და კაცმა არ იცის, მეც ტიტანიკივით ჩამძირავდა. ამიტომ ჯობდა ყველაფერი ბოლომდე მიმეყვანა და რამდენადაც შევძლებდი სიმართლე გამერკვია.
ირას ოფისი მყუდრო და გემოვნებიანი იყო. უცნაური სიმშვიდე სუფევდა. ოთახში უზარმაზარი კომფორტული, პასტელისფერი ყვითელი დივანი იდგა , კედელზეც რამდენიმე ლამაზი სურათი ეკიდა, გრძელი სქელი ფარდა კიდევ უფრო მეტ მყუდროებას ანიჭებდა იქაურობას. ერთი სიტყვით სასიამოვნო გარემო იყო.თითქოს სასაუბროდ განაწყობდა სტუმარს.
_ გამარჯობა მეგობარო!_ მიესალმა ირა თომას და ხელი გაუწოდა. თომამ ხელი ჩამოართვა.
_ დაჯექი, სადაც ისურვებ._ ხელით მთელ ოთახზე მიუთითა ირამ. თომა მაგიდის წინ ფერად ნოხზე დაჯდა და ჩანთა წინ დაიდო. ირამ გაუღიმა და მაგიდის მეორე მხრიდან თავადაც ნოხზე დაჯდა პატარა ბავშვივით. ალბათ თომას ნდობის მოპოვება სურდა ამ ქცევით.
_ აბა როგორ ხარ, პირობა შეასრულე._ ჰკითხა და გაუღიმა.
თომამ მშვიდად გახსნა ჩანთა და მოზრდილი ფორმატი ამოიღო. კიდევ ერთხელ დახედა და ირას მაგიდაზე გაუჩოჩა.
მივედი და დივანზე ჩამოვჯექი თან ყურადღებით ვაკვირდებოდი მათ. თითქოს მნიშვნელოვანი არაფერი ხდებოდა. ირა არც არაფერს ეკითხებოდა, განსაკუთრებულს. მის ნახატს ყურადღებით ათვალიერებდა და შიგა და შიგ მოწონების ნიშნად თავს უქნევდა.
_ თუ გინდა, ახლაც შეგიძლია დახატო, სანამ მე და დედა ვისაუბრებთ! ჩემს ერთ კარგ მეგობარს გაგაცნობ, გინდა?_ წამოდგა ირა და თომას შეხედა. თომამ თავი დაუქნია.
_ ნიაკო შემოდი თუ შეიძლება, _ მოიხმო ირამ თანაშენწე.
_ თომა ოთახში გაიყვანე თუ შეიძლება და ჩვენი ოქროს კაპიტანი გააცანი! _ ოქროს კაპიტნის ხსენებაზე თომამ ინტერესით ასწია თავი.
_ კაპიტანი ოქროს თევზია!_ აუხსნა ირამ , და აშკარად საბოლოოდ მოიგო ჩემი შვილის გული. თომა წამოდგა და ოთახში შემოსულ ნიას მორჩილად გაჰყვა. ირა მომიახლოვდა და გვერდით მომიჯდა.
_ საუბარი შეწყვიტა არა?_ მკითხა ინტერესით. მე თავი დავუქნიე და ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი. არაფერი გამომრჩენია, არაფერი დამიმატებია, ყველაფერი ისე ვუამბე, როგორც მოხდა. ირა ყურადღებით მისმენდა და პატარა რვეულში რაღაცას ინიშნავდა დრო და დრო.
_ ცხადია, ამ ყველაფერს შენს დედამთილთან აქვს კავშირი. აშკარაა ისეთ რამეს უნერგავდა მთელი წლის მანძილზე, ნელ_ ნელა და თანდათან , რომ ბავშვმა სტრესი მიიღო, საუბარი შეწყვიტა. თუმცა ეს ერთგვარი თავდაცვაა, ფარია, რაც თომამ შესძლო საკუთარი თავის დასაცავად . რა თქმა უნდა, ის ისევ დაიწყებს საუბარს. მაგრამ იმ ადგილს უნდა გაარიდო. აუცილებელია ის სახლი დატოვო. ახლა ნახე რამ შემაშფოთა მის ნახატებში. კარგად დააკვირდი._ მითხრა ირამ და წინ თომას ნახატები დამიწყო.
_ ყურადღებით დააკვირდი , ბავშვის ნახატში ყველაფერი მნიშვნელოვანია, არ არსებობს მთავარი და მეორეხარისხოვანი დეტალები._ კიდევ ერთხელ ამიხსნა ირამ.
სურათი ავიღე და დავხედე.
ერთი შეხედვით არაფერი იყო განსაკუთრებული. მისი საწოლი ეხატა, წიგნების თარო. საწოლზე ორი პატარა კაცუნა იჯდა და კარისკენ იყურებოდა.
ოდნავ ღია კარიდან კი უზარმაზარი ჩრდილი შემოდიოდა ოთახში. ჩრდილს თავზე სამი წვეტი ჰქონდა. თითქოს გვირგვინის მსგავსი. მეორე სურათზე წიგნების თარო ეხატა და მხოლოდ ერთ წიგნს ეწერა სათაური " კალიების დედოფალი".
_ ირა ეს წიგნი მართლა აქვს თომას, ირა ნუთუ ამდენად მნიშვნელოვანია?_ მივაჩერდი ირინას.
_ ზუსტად! რადგან სათაურით მხოლოდ ეს მონიშნა ესეიგი ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის._ დამეთანხმა ის.
_ აშკარაა თომას რაღაცის ეშინია! და რაღაცნაირად ეს შიში შენ გიკავშირდება. რომ არ გიცნობდე, ალბათ სოციალურ სამსახურს ჩავრევდი!_ მეგონა ხუმრობდა , მაგრამ ირას სახეზე ღიმილის ვერავითარი ნიშანწყალი ვერ დავინახე.გამაკანკალა ამ ყველაფრის გააზრებისას.
_ აი ეს არის ის სურათი, რამაც დამზაფრა!_ ერთი პატარა ნახატი ამოარჩია და გამომიწოდა.
სამი ფუგურა ეხატა სურთის ცენტრში.
მამა, დედა და ბავშვი. უბრალო ბავშვური სურათი იქნებოდა, რომ არა ერთი საზარელი დეტალი.სავარაუდოდ ის ფიგურა, რომელშიც დედა მოიაზრებიდა მამას თავს აჭამდა.
_ ღმერთო ჩემო!_ ამოვიკვნესე მე. _ აი რას ეუბნება ის ალქაჯი, აი რით აშინებს! აი რას უყვება ყოველ ღამ! _ ცახცახმა ამიტანა.
ყველაფერი ცხადი იყო: როენა თომას ზღაპარს უყვებოდა, სადაც დედამ მამა მოკლა და საკუთარი შვილი დააობლა.
_ ბავშვის ფსიქიკა მყიფეა ქეთი! თუმცა თომა ძლიერი ბავშვია. ცდილობს შეეწინააღმდეგოს ამ ყველაფერს. შეხედე. ნახატზე ბავშვს როგორ აქვს დედისთვის ხელი ჩავლებული. შეიძლება ეუბნებიან, რომ დედა უმოწყალო მხეცია, მაგრამ კალიების დეფოფალს თომა შენ კი არა როენას ეძახის._ მესმოდა და არც მესმიდა მისი სიტყვები. საფეთქლები მიელავდა.
_ ეს წიგნი უნდა მომიტანო ქეთი! უნდა გავიგოთ რა წერია შიგნით.
_ დამალული აქვს ,მეეჭვება ასე ადვილად ვიპოვო! _ ამოვიოხრე მე. მართლაც ბოლოს, როცა ამ წიგნის ნახვა მოვინდომე ვერაფრით მივაგენი და ისიც კი ვიფიქრე როენამ ისევ ხომ არ გამოართვამეთქი თომას.
_ მე ერთ დავალებას მივცემ თომას და ვნახოთ თუ შევძლებთ მისი სამალავის პოვნას!_ იმედიანად გამიღიმა ირამ.
შემდეგ ნიას დაუძახა და ბავშვის მოყვანა სთხოვა. ისევ ისე მიუჯდა გვერდით და მასთან ერთად დაიწყო ხატვა, ისე მონდომებით და გულწრფელად ხატავდა ირა წამით მეც კი დავიჯერე, რომ ხატვა მართლა მოსწონდა.
_ მოდი თომა ორივემ განძის რუკა დავხატოთ! და ერთმანეთს შევადაროთ, კარგი?_ ჰკითხა უცებ ირამ თომას.
ცოტა ხანი ორივე თავაუღებლად ხატავდა.
_ აი მე დავამთავრე!_ გაიცინა ირამ და თომას ნახატი გაუწოდა. თომამაც მიაწოდა თავისი ნახატი.
_ ქეთი, დარდმუნდბული ვარ ზუსტად საკუთარი სამალავი დახატა!_ მითხრა წამოსვლისას და თომას განძის რუკა მის უჩუმრად გადმომცა.
_ ბავშვი მარტო არ დატოვო. როგორც კი შეძლებ ის სახლი მიატივე და გელოდებით შემდეგ შეხვედრამდე,!_ ირადან გულდამძიმებული წამოვედი. თუმცა ასეთი საბრძოლო შემართება მანამდე არასდროს მქონია. სახლში მისვლის თანავე თომას ოთახში შევედი, ბავშვური ხელით დახატულ მინიშნებებს გავყევი და საწოლის ქვეშ, კედელზე, ზედ იატაკის გასწვრივ პატარა მოძრავ პანელს წავაწყდი. ამოღება ვცადე და ადვილად ამომყვა. ერთი შეხედვით იატაკის ხის პატარა ფიცარს ჰგავდა. პანელი გამოვწიე და საიდუმლო უჯრას წავაწყდი. ხელი შევყავი და შგნით რამდენიმე ქაღალდს და პატარა რვეულს მივაგენი. დაუხედავად გამოვიღე და უბეში ჩავმალე. პანელი დავხურე და ის ის იყო გამოძრომას ვაპირებდი საწოლის ფეხზე ამოტვიფრულმა ნაკაწრებმა მიიქციეს ჩემი ყურადღება. "ირაკლი რევიას სამალავი" ეწერა ბავშვური გაკრული ხელით.
იმ დღეებში გასაუბრებამაც კარგად ჩაიარა და სამსახურში გამოსაცდელი ვადით მიმიღეს, მთარგმნელობითი ბიურო იყო. მშვიდი და სასიამოვნო სმახური. რომ არა ჩემი პირადი პრობლემები თავს უკეთ ვიგრძნობდი. მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ჩემი ქმრის ბავშვობის დღიური ჩამივარდა ხელთ.
"გამარჯობა დღიურო, მე შენ
პრინც დაქაჰარს დაგარქმევ. შენ იქნები ჩემი საიდუმლო ნაუტილუსი. მე კი კაპიტანი ნემო ვარ. აბა შენ იცი, საიმედოდ შეინახე ჩემი მონაყოლი ამბები"
ამ უცნაური სიტყვებით იწყებოდა ირაკლის დღიური.
ვე რა
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2