ჩემი სიყვარული სხვაა – რთული, წინააღმდეგობებით სავსე და ზოგჯერ დამთრგუნველი. მე ისეთი ქალი ვარ, ვინც საკუთარ თავს ყოველდღე ხელახლა სწავლობს და ცდილობს, ცხოვრება მთლიანად მოიცვას, მაგრამ მაინც ხანდახან საკუთარ ტკივილებში იკარგება.
არ შეგიყვარდე, რადგან ჩემს ღიმილს ყოველთვის თან ახლავს ოდნავ ჩრდილი. ის ჩრდილი, რომელსაც მხოლოდ კარგად შემოხედვის შემდეგ შეამჩნევ. ხშირად ხმამაღლა ვიცინი, მაგრამ ღამეებში მოწყენილი ვარ ჩემს ფიქრებში.
არ შეგიყვარდე...
მე გაზაფხულის ფერები ვარ – ხან წვიმა, რომელიც მინდვრებს ალამაზებს, ხან თავქარიანი ქარი, რომელიც ყველაფერს თავდაყირა აყენებს, ხან მოფარფატე პეპელა, რომელიც თითქოს წამით ჩერდება, მაგრამ ვერასდროს იჭერ.
ჩემი სული სეზონებივით ცვალებადია. ერთ დღეს მზესავით თბილი ვარ, მეორე დღეს კი მოღრუბლული ცა, რომელიც საკუთარ წვიმას ვერ აკავებს. ხანდახან შენი გულისთვის მზად ვარ, ვარდის სურნელი ვიყო, მაგრამ ხშირად ჩემს თავში ქარიშხალია, რომელიც ყველაფერს არევს.
არ შეგიყვარდე, რადგან მე არასდროს ვარ ერთნაირი. ჩემთან ყოფნა ნიშნავს, რომ ხან ქარის მოლოდინში უნდა იყო, ხან მზის სხივების მოულოდნელ გამოჩენას უნდა დაელოდო. ჩემი სილამაზე სწორედ ამ ქაოსშია – იმ გაურკვევლობაში, რომელიც ყველაფერს თავისებურ ხიბლს აძლევს.
მე ქალის სხეულში მოქცეული ბუნების ფერები ვარ. ხან ნაზი სიოსავით მოფერება შემიძლია, ხან ძლიერ ტალღასავით ყველაფრის დამსხვრევა. ხანდახან ჩემი ტკბილხმიანი სიცილი მზესავით გაათბობს შენს სულს, მაგრამ შეიძლება მოულოდნელად მოვიდეს ქარი და სიცარიელე დაგიტოვოს.
თუ მაინც შეგიყვარდი, გახსოვდეს, ჩემში გაზაფხულის ყველა სახეა. მე არ ვარ მხოლოდ ყვავილების სურნელი, მე წვიმაც ვარ, რომელიც ზრდის და აცოცხლებს. თუ გაბედავ, უნდა შეიყვარო ყველაფერი – ქარი, პეპელა და ფერებიც, რომლებიც დროდადრო იცვლებიან.
გაფრთხილებ... არ შეგიყვარდე...
მაგრამ თუ მაინც შეგიყვარდი, იცოდე, რომ ჩემი სიყვარული აბსოლუტურია. თუ ერთხელ მოგისურვე, თუ ერთხელ გითხარი „შენ ჩემთან ხარ,“ ეს ნიშნავს, რომ მზად ვარ, შენთან ერთად ყველაფერი გავიტანო – სიმწარე, სიხარული, მარცხი და გამარჯვება.
მე ქალი ვარ, ვისაც უყვარს ღრმა, ჭრილობიანი და მწველი გრძნობებით. თუ გამიბედავ სიყვარულს, მოგიწევს, ჩემი მთლიანი სამყარო მიიღო. და მაინც, გაფრთხილებ... არ შეგიყვარდე.“
✍️მაია ურუშაძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев