~~~~~~~~~~~~~~
ასე მგონია შეცდომით ვარ ქვეყნად მოსული
და სხვისი დარდიც ალბათ მე მაქვს ზურგზე სათრევი,
ან ალბათ მზე ვარ, ცაზე ჯერაც არ ამოსული,
მგონი ჯერ კიდევ ბევრი დამრჩა თქვენთვის სათქმელი.
საითაც წავალ, არ მასვენებს უფლის განგება,
ყველა უკუღმართს მე რად უნდა გადავეყარო?
ვერ გამიგია რას ვაშავებ, ნეტავ რა ხდება,
ცაო გამაგრდი, შენც თავზე არ გადამეფარო.
ვაის გავექეც, ვუისაგან ვერ გავიქეცი,
ყველა ხერგილი დაკეტილი დამხვდა ყოველთვის.
ბევრი ვეცადე მაგრამ მაინც მე წავიქეცი,
მუხლებდამტვრეულს ალბათ უფრო მეტიც მომელის.
ვერსად გავიყიდე სამართალი, კაპიკის ფასი,
უსამართლობას უფრო მეტი ფასი ქონია.
უფალს შევთხოვე სათხოვარი დღეს მარტო ასი,
ამისრულეო, სანამ მომკლავს ეს აგონია.
უფლის სასწორი გაფუჭდა და არასწორია?
დღეს ასე ვფიქრობ, რადგან მჯობნის სულით დამპალი.
ყველას ქმედება ხელმეორედ ასაწონია,
ყოველ ნაბიჯზე იჩაგრება ალალმართალი.
გულლმობიერი და მომთმენი არვის სჭირდები,
რაც მეტს მოუთმენ, უფრო მეტად გამოგიყენებს,
გამაგიჟებენ, გულს მიხოკავს ხვალის ფიქრები,
დღეს სამართლიანს გვერდით არვინ ამოგიყენებს.
ქვას გესვრიან და სისხლმოცხებულ ხელებს იწმენდენ,
ამაყი მზერით გიყურებენ, თითქოს მართლები.
მერე ტაძარში უსირცხვილოდ ლოცვას იწყებენ,
და"ეწმინდებათ" სისხლიანი, ბოღმა თვალები.
ეჰ. ღმერთო, სად ხარ, ალბათ არც შენ გისმენენ უკვე, ალბათ მოგწყინდა ხალხის ასე გადაგვარება,
შენ შენი ლოცვით, სიყვარულით მათ გულებს უტევ,
გულებს, რომლებსაც სიყვარული არ ეკარება.
ირმა სარაული
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1