გილოცავთ ყველა მართლმადიდებელს! ყველა იუბილარს და ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამის მოსახელეებს! ვიხაროთ, ვიმრავლოთ მადიდებლად უფლისა!
წმინდა ეკლესია ღაღადებს, რომ ღვთისმშობელი, მარად ქალწული მარიამი უმაღლესია ყველა ქმნილ გონიერ არსებათა შორის. იგი შეუდარებლად აღემატება თვით უმაღლეს ანგელოზებს - ქერუბიმებსა და სერაფიმებს! ღვთისმშობელი ყველა მიწიერი და ზეციური ქმნილების დედოფალია. სახელიც მისი - მარიამი, რომელიც ღვთის ბრძანებით მიეცა, ქალბატონს, დედოფალს ნიშნავს. "ქალწული, რომელმაც შვა ხორცშესხმული ღმერთი, რომელიც ღმერთის დედა გახდა, უკვე თავისთავად იქცა ქალბატონად, დედოფლად და მფლობელად ყველა მიწიერი და ზეციური ქმნილებისა",- - რადგან წუთისოფლიდან გასვლის შესახებ ღვთისმშობლისთვის ცნობილი იყო. წმინდა ქალწული თვითონ ითხოვდა ამ ქვეყნიდან გასვლას და ანგელოზისგან ეუწყა, რომ მისი წუთისოფლიდან გასვლის ჟამი დადგა. ფაქტობრივად, ანგელოზმა ახარა წმინდა ქალწულს ამის შესახებ და ღვთისმშობელი მომზადებული გავიდა ამ ქვეყნიდან. ამიტომაც ეწოდა ამ მდგომარეობას მიძინება და არა გარდაცვალება.
თავისი ნეტარი მიძინების შესახებ წინასწარ, სამი დღით ადრე, ეუწყა ანგელოზისგან. ამ უწყებამ სიხარულით აღავსო დედა ღვთისა. უფალს შესთხოვა, მიცვალებამდე კიდევ ერთხელ ეხილა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში საქადაგებლად წასული მოციქულები, რათა გამოსთხოვებოდა მათ. შემდეგ მიძინებისთვის მზადებას შეუდგა. ამის შესახებ პირველ ყოვლისა იოანე ღვთისმეტყველს ამცნო, თან განკარგულებები გასცა. იოანემ იაკობ მოციქული, მართალი იოსების ძე, იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსი, მოინახულა და ყოველივე აუწყა. მისგან მორწმუნეებმაც შეიტყვეს ყოვლადწმინდა ქალწულის წუთისოფლიდან გასვლის ჟამის დადგომის შესახებ.
სიონის მთაზე უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. მწუხარებდნენ წმინდა ქალწულთან განშორების გამო. ღვთისმშობელი აიმედებდა და ჰპირდებოდა, რომ არ მიატოვებდა მათ, ყოველთვის მსწრაფლშემწე და შუამდგომელი იქნებოდა მათი, ვინც მწუხარებისა და განსაცდელის ჟამს მიმართავდა. მის ამ დაპირებაში მთელი კაცობრიობის ნუგეშია დამარხული.
როდესაც ღვთისმშობელი თავის სურვილებს იოანე და იაკობ მოციქულებს გადასცემდა, მოულოდნელად ძლიერი ხმაური გაისმა. იოანე ღვთისმეტყველის სახლთან შეკრებილმა ადამიანებმა იხილეს, რომ სახლს ნათელი ღრუბელი შემოერტყა. უფალმა აღასრულა თავისი ყოვლადწმინდა დედის სურვილი: სულიწმინდის მადლით ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მყოფი მოციქულები სასწაულებრივად აღიტაცა ღრუბელმა და ყველანი სიონის მთაზე აღმოჩნდნენ, თომას გარდა. უფალმა ამ დროს უკვე აღსრულებული მოციქულებიც კი აღადგინა. მიძინების წინ წმინდა ქალწულს გარს ერტყა მოციქულთა სიმრავლე - ათორმეტთა გარდა იქ სამოცდაათთაგანნიც იმყოფებოდნენ. როდესაც ღვთისმშობლისგან შეკრების მიზეზი შეიტყვეს, მწუხარებას მიეცნენ მასთან ხორციელი განშორების გამო. წმინდა ქალწულმა გაამხნევა და ანუგეშა მოციქულები, თავისი ძის წინაშე მარადიული შუამდგომლობა აღუთქვა.
მოულოდნელად განიღო სახლის ჭერი. ოთახი ღვთაებრივი ნათლით გაბრწყინდა - თავად უფალი იესო ქრისტე გამოცხადდა ანგელოზთა დასებით გარშემორტყმული თავისი ყოვლადწმინდა დედის წინაშე. წმინდა ქალწულმა სარეცლიდან წამოიწია, თაყვანისცა უფალს და ესმა ღვთაებრივი მოწოდება: "მოვედ, მოკეთეო ჩემო, მოვედ, ჩემგან შეყვარებულო, და დაიმკვიდრე მარადიული ცხოვრება". გაამხნევა და ანუგეშა უფალმა მარადის ქალწული, შემდეგ კი "ყოვლად უბიწო სული მშობლისა თვისისა მკლავთა ზედა მიირქუა და ამაღლდა ზეცად". როდესაც ღვთისმშობელმა სული თვისი ძის ხელს გადასცა, გაისმა ანგელოზთა გალობა: "გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის".
მოციქულები ღირსნი შეიქმნენ ღვთისმშობლის სულის ზეცად აღსვლის ხილვისა. ერთხანს გაოცებულები შესცქეროდნენ ზეცას. როდესაც გამოერკვნენ, გალობით განადიდეს წმინდა ქალწული და ზეციდან ესმათ ხმა ღვთისმშობლისა, რომელიც მიმართავდა თავის ძესა და უფალს: "შენნი ჩემდა მოცემულნი საუკუნოდ დაიცევ..."
ღვთისმშობლის ანდერძის თანახმად, მოციქულებმა მისი წმინდა სხეული გეთსამანიის ბაღში დაკრძალეს, ანთებული ლამპრებითა და ფსალმუნთა გალობით მიასვენებდნენ გეთსემანიისკენ უხრწნელ ნეშტს. მისი დაკრძალვის დროს მრავალი სასწაული აღესრულა.
სამი დღე-ღამის განმავლობაში ღვთისმშობლის დაკრძალვის ადგილიდან ანგელოზთა განუწყვეტელი გალობა ისმოდა. მესამე დღეს გეთსემანიაში მოვიდა თომა მოციქული, მწუხარებდა, რომ მოაკლდა ბედნიერება ღვთის დედის ნეტარი მიძინების ხილვისა. გოდებით მიეახლა აკლდამას. მოციქულებმა გადაწყვიტეს, სამარხი გაეხსნათ, რათა თომას ღვთისმშობლის წმინდა სხეულის ხილვის საშუალება მისცემოდა. როდესაც სამარხი გახსნეს, იქ მხოლოდ ღვთისმშობლის შესამოსელი იხილეს. პატიოსანი გვამი მისი აღარსად იყო. თომას შეყოვნება ღვთის განგებით მოხდა, რათა ღვთისმშობლის აღდგომის, სხეულით ზეცად ამაღლების შესახებ განცხადებულიყო. მოგვიანებით მოციქულებს ღვთისმშობელი გამოეცხადათ ანგელოზთა თანხლებით, გაამხნევა ისინი და აღუთქვა, რომ ყოველთვის მათთან იქნებოდა შემწედ და მფარველად.
********************************************************
28 август 2019 г. ·
მართლმადიდებელ სამყაროს! სრულიად ქართველ ერსა, მრევლსა და მის მოკეთეებს! ყველა მარიამს და ყველა იუბილარს გილოცავთ მ ა რ ი ა მ ო ბ ა ს !
მარიამობა!* ნათელი ედგა!*
დაუტევნელის დამტევი ხარ დედაო ღვთისავ!
განზომილება არა ყოფნის შენს სიდიადეს,
სამყაროს შვილი მოუვლინე - მწყემსი კეთილი
მან დაგვანახა კაცთა მოდგმის თვით სიავკარგე!...
ჰეროდეს დევნით მიატოვე იერუსალემ
და მკვდრეთით აღმდგარ ლაზარესთან მშვიდად ილოცე
ათონის მიწას უქადაგე ქრისტიანობა
ისევ ღვთის ნებით ახარებდი გულით დამლოცველთ!
ხშირად ითხოვდი სასუფევლის დამკვიდრებასა
მთავარანგელოზ გაბრიელი გამოგეცხადა,
ზეთისხილის რტო მოგართვა და მშვიდად გაუწყა
,,შეისმინაო შენი თხოვნა... ზეცად ასვლისა"!....
შემოუკრიბა მოციქულნი დედას - გარშემო...
ხუთი მათგანი აღმდგარიყო მკვდრეთით ახლიდან,
დამშვიდებული დედუფალი მათ უყვებოდა
მიცვალებისა სიხარულს რომ გრძნობდა ამ დღიდან.
.......თვით მოციქული პავლე იდგა მოწაფეებით,
დედა უხმობდა და ისმოდა ლოცვა კურთხევა...
მღვდელთმთავრის ხელით ეზიარა უფლის სისხლს და ხორცს
მის მიძინებას გლოვა, ცრემლი არა უხდება.
ნათელი ედგა გვირგინოსანს! იდგა სურნელი...
მოწაფეები ცრემლით მიწას ისევ ალბობდნენ,
დედის სხეულთან განკურნება მყისვე ხდებოდა
შვილმა მიიღო დედის სული - ზეცად აფრინდნენ!
მოციქულ თომა მწუხარებდა მის მიძინებას
თაყვანსაცემად მისულთ დედის ხმა შემოესმათ...
,,მე თქვენთანა ვარ, და შემიცნობთ თქვენთან ყოველდღე!"
ამის მომსმენთ კი სიხარულით ფრთები შეესხათ!
დაუტევნელის დამტევი ხარ დედა მარიამ!
განზომილება არ არსებობს სიდიადისა!
შენი წილხვედრი საქართველო გადაგვირჩინე,
წინ წაგვიძეხი ღირსად გვცანი ამ სიმდიდრისა!
დალი დადუნაშვილი 2019წ 28.08
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев