დღეს არის იმ წმინდანის ხსენება,
რომელიც ერთ დღეს იუდეაში ქრისტემ დალოცა - ეგნატე ღმერთშემოსილი, რომელიც შემდგომ ანტიოქიის ეკლესიის ეპისკოპოსი გახდა.
მას კარგად ახსოვდა ის დალოცვილი დღე, როდესაც ქრისტემ მას თავისი ხელი დაადო... ეგნატე გულში იმარხავდა იოანე ღვთისმეტყველის დარიგებებს, რომელიც მისი მოძღვარი იყო. ბევრი ღვთაებრივი რამ უამბო მას რჩეულმა მოწაფემ.
როდესაც იმპერატორმა ტრაიანემ სომხეთისა და პართიის წინააღმდეგ გაილაშქრა, მან გზად ანტიოქიაში გაიარა, ეგნატე გაასამართლა და ქრისტესთვის სიკვდილი მიუსაჯა. ტრაიანემ ბრძანა ბორკილდადებული ეგნატე რომში ჩაეყვანათ და ხალხის თანდასწრებით ველური მხეცებისთვის მიეგდოთ დასაგლეჯად. აღსრულდა ეგნატეს დიდი ხნის ოცნება.
პეტრე და პავლე მოციქულთა მსგავსად მას ქრისტესთვის ბორკილები დაადეს.
ქრისტიანები მას ტირილით აცილებდნენ, თავად ეგნატე კი ზეიმობდა. მას მხოლოდ იმისი ეშინოდა, რომაელ ქრისტიანებს ხელი არ შეეშალათ მისი სიკვდილით დასჯისათვის.
როდესაც ეგნატე ნადირების დასაჭმელად მიჰყავდათ, იგი განუწყვეტლივ იმეორებდა იესო ქრისტეს სახელს. წარმართებმა ჰკითხეს, რატომ იმეორებდა იგი ამ სახელს.
– მე გულში მაქვს ეს სახელი, – უპასუხა მან, – და პირით ვაღიარებ იმას, ვისაც გულით ვატარებ.
ნადირებმა ეგნატეს ძვლებთან ერთად ხელუხლებლად დატოვეს მისი გულიც.
წარმართებმა გაიხსენეს ეგნატეს სიტყვები, რომ გულით იესო ქრისტეს სახელს ატარებდა, და გაკვეთეს მისი გული. გადმოცემის თანახმად, ჭრილის ორივე მხარეს ოქროს ასოებით იყო ამოტვიფრული "იესო ქრისტე".
იგი ღმერთშემოსილი იყო.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2