~~~~~~~~~~~~~~~~
დავბადებულვარ რადგან ქართველად,
სისხლი ყივის და თითქოს ჯადოქრობს,
გადავიკარგო ცხრა მთის გადაღმაც,
ჩემში ქართული სული ბობოქრობს.
წესად გვქონია, ქართველს ვერავინ,
ვერ დააჩოქებს, ის მხოლოდ კვდება!
დაუწერელი კანონის ძალით,
ომში ყოველი დევ-გმირი ხდება.
სხვა სიყვარული, სხვა ძმობა ვიცით,
ნუ მეტყვით, თითქოს დრო შეიცვალა,
ნუ მეტყვით ახლა ძმამ ძმა გაყიდა
და სიყვარული გარდაიცვალა.
ნუ მეტყვით გვიჭირს, მიმოვიფანტეთ,
სული რომ გტკივათ, არ მითხრათ ესეც,
ხალხს გაუჭირდა ცხოვრება ვიცი,
ზემოთ მჯდომნი კი ემსგავსნენ მხეცებს.
დროებითია რადგან ყოველი,
ცოტა ზედმეტი დაგვძინებია,
როდის ყოფილა ქართველი კაცი,
მტერს არ დახვდა და გასცილებია?!
ყველაფერს მისი აქვს დასასრული,
ალბათ გავდივართ ხიდზე ბეწვისა,
მაინც ქართულად ამოვიკვნესებ,
ბოლომდე გასვლა თუ არ მეღირსა.
რაც უნდა ძლიერ მიჭირდეს სუნთქვა,
რაც უნდა ბევრი მქონდეს სათქმელი,
გავიღიმებ და ხმამაღლა ვიტყვი,
მეამაყება რომ ვარ ქართველი!
/ ირმა სარაული /
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3