დაგშვენდებოდა და რარიგად დაგშვენდებოდა,
შენს ერთ სიტყვაზე ქალაქები აშენდებოდა
და დაიწყებდა უდაბნოში შრიალს წალკოტი.
ერთი შეხედვით ვაჟკაცების გულებს დაჰკოდდი
და მზის თინათინს დაჩრდილავდი თვალთა ციალით.
დალოცდი ლაშქარს და იმ ღვთიურ ლოცვის გამგონეს,
არ ექნებოდათ სპათა შენთა მტერთან ზიანი.
შენ ხატაური აბრეშული დაგშვენდებოდა…
დაგშვენდებოდა… ეჰ,რარიგად დაგშვენდებოდა.
შენს ნატიფ სახეს ნიავიც რომ არ შეჰხებოდა,
სპილოს ძვლისაგან ულამაზეს კოშკს აგიგებდნენ.
ცისკარზე, როცა ქაშუეთის ზარებს დარეკდნენ,
აღიგზნებოდა შენის ლოცვით წმინდა ტაძარი
და შენს გვიგვინთან მოკრძალებით ქედს მოიდრეკდნენ
ორბელიანი და ამაყი ამილახვარი.
შენ რუსთაველის სიყვარული დაგშვენდებოდა…
დაგშვენდებოდა და რარიგად დაგშვენდებოდა.
ბევრი თაობა გაივლიდა ჟამთა შარაგზას,
შენ კი ლექსებში იცოცხლებდი, კარგო, მარადჟამს…
დიდი პოეტი მიგიყვანდა ხალხის გულებთან,
ვარსკვლავებივით დაგვხედავდნენ შენი თვალები
და ვით დიდებას აწ გარდასულ საუკუნეთა,
სულ ერთი არის, მე შენ მაინც შეგიყვარებდი.
…შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა.
🖊️იოსებ ნონეშვილი/“შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა”❤️☀️
➖➖➖➖➖➖➖➖➖➖➖➖➖➖➖➖
პს: ამ ლექსზე მრავალი ლეგენდაა შეთხზული, ზოგნი ამბობენ რომ იგი ნატო ვაჩნაძეს მიეძღვნა, ზოგნიც იოსებ ნონეშვილის ცოლსა და სხვა ცნობილ თუ უცნობ პიროვნებებს იჩემებენ ლექსის ადრესატად.
ერთმა, ისიც მითხრა, ლექსი თამარ მეფეზეაო.
თუმცა, ასეც არ არის. თამარი მეფე იყო და თავისი მეფობით თავადვე დაამშვენა საქართველო.
მოდით, ჩვენ ეს ლექსი ყველა პატარა ქართველ გოგონას მიუძღვნათ.
ისინი ამას ნამდვილად იმსახურებენ, თითოეული მათგანი საკუთარი ღირსების განცდით უნდა გაიზარდოს.
🖊️ნინი კალანდაძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2