შემოფრიალდი წელო ახალო!
იქნება გული ლხენით ახარო,
ჩამოუარო მტერ-მიყვარეს და
სიყვარულად შვა მთელი სამყარო!..
შავი ფიქრები ქარს გაატანო,
ნანატრი ლხენა ჩამოატარო,
გულში ღიმილად აგვიყვავილო
და ერთმანეთი კვლავ შეგვაყვარო!
ბედნიერება მოგვწყურებია,
ცრემლმა დაგვღალა წელო ახალო,
მშვიდი ცხოვრება მოგვნატრებია,
იქნებ მტრობისგან იხსნა სამყარო!..
იქნებ და ომის მანქანა მოსპო!
რჩეულ შვილების ხოცვა და ჟლეტა!
მშვიდობა იყოს დედამიწაზე,
გმირებს ადგილი უპოვო ღმერთთან!...
დედას შვილები მონატრებია,
ცოლ-ქმარს შუა დგას მთელი სამყარო,
ეკრანს ცრემლები ჩაჰხუტებია,
იქნებ ეს სენი ოჯახს აჰყარო!...
წელო ახალო! სახსოვარ იყავ,
კაცობრიობის წაღმა ბრუნვისა,
მტრობით და ზიზღით ნაავადარი,
ადამიანის გულის კურნვისა!..
დედის ჩამთბარი ჩვილის ხელები,
ბედნიერ ბავშვის კისკისი, ლხენა,
ამაყი მამის გმირული შრომით
და სიამაყით ადგმული ენა!..
შემოფრიალდი წელო ახალო!
იქნება გული ლხენით ახარო,
ჩამოუარო მტერ-მიყვარეს და
სიყვარულად შვა მთელი სამყარო!..
მზია გუმბერიძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2