სტუმართმოყვარეობა არ დაივიწყოთ, ვინაიდან ზოგიერთს ისე გაუწევია მასპინძლობა ანგელოზებისთვის, რომ თვითონ არც კი სცოდნია.
გახსოვდეთ პატიმრები, თითქოს მათთან ერთად გედოთ ბორკილები და იტანჯებოდეთ, რადგან თვითონაც ხორციელნი ხართ.
ყველას ცოლ-ქმრობა ღირსეული, სარეცელი კი უმწიკვლი იყოს; ხოლო მემრუშეთა და მეძავთ ღმერთი განიკითხავს.
ნუ იქნებით ვერცხლისმოყვარენი, დასჯერდით იმას, რაც გაბადიათ, რადგანაც თქვა: „არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ“.
ასე რომ, თამამად ვამბობთ: „უფალია ჩემი შემწე და არ მეშინია; რას დამაკლებს კაცი?“
გახსოვდეთ თქვენი წინამძღვარნი, რომელნიც გიქადაგებდნენ ღვთის სიტყვას, და მათი სიცოცხლის აღსასრულის შემყურენი ჰბაძავდეთ მათ რწმენას.
იესო ქრისტე იგივეა გუშინ, დღეს და უკუნითი უკუნისამდე.
ნუ გაგიტაცებთ სხვადასხვა უცხო მოძღვრება, რადგანაც სასიკეთოა მადლით განიმტკიცოთ გული და არა საჭმლით, რომელსაც ვერას გამორჩნენ ჭამას გადაყოლილნი...
...არა გვაქვს აქ მკვიდრი ქალაქი, არამედ მომავლის ქალაქს ვეძებთ.
ამიტომ მისი მეშვეობით გამუდმებით ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ანუ ბაგეთა ნაყოფს, რომელნიც აღიარებენ მის სახელს.
ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს.
დაემორჩილეთ თქვენს წინამძღვრებს და ქედი მოიდრიკეთ მათ წინაშე, ვინაიდან ფხიზლობენ თქვენი სულებისათვის, თითქოს ანგარიშს აბარებდნენ ვინმეს, რათა სიხარულით აღასრულებდნენ ამას და არა ოხვრით, რადგანაც ეს აღარას გარგებდათ თქვენ...
... ხოლო მშვიდობის ღმერთმა, საუკუნო აღთქმის სისხლით მკვდრეთით რომ აღადგინა ცხოვართა დიდი მწყემსი, უფალი ჩვენი იესო,
დაე, სრულგყოთ თქვენ, რათა მისი ნებისამებრ აღასრულოთ ყოველი კეთილი საქმე, და იესო ქრისტეს მეოხებით ჩაგინერგოთ ის, რაც სათნო ჩანს მის წინაშე, ვისიცაა დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ებრაელთა 13 : 1 – 9, 14 – 17, 20, 21.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев