მგზავრობა შეიძლება მსუბუქი ავტომანქანით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის – მატარებლითაც. სამკურნალო ფაქტორებთან ერთად წყალტუბოში დაგხვდებათ შესანიშნავი ბუნება, არქიტექტურა, ხედები და სტუმართმოყვარე ხალხი. ზღვის დონიდან 120 მეტრ სიმაღლეზე მდებარე წყალტუბოს ქალაქის სტატუსი 1953 წელს მიენიჭა. აქაურები ამბობენ, რომ ის ჯერ კიდევ მე-7 საუკუნეში იყო სახელგანთქმული, თუმცა ისტორიულ წყაროებში მე-12 საუკუნიდან იხსენიება. ღამის გასათევზე ნუ იდარდებთ – აქ ბევრი აქირავებს ოთახს. ღამისთევა 10-15 ლარი ღირს. თუ ფასი არ გაშინებთ და მეტი კომფორტი გირჩევნიათ, წყალტუბოში რამდენიმე სასტუმროცაა. ფასები პირობებს შეესაბამება. წყალტუბო მსოფლიოში ცნობილი ბალნეოლოგიური კურორტია. ჩრდილო-აღმოსავლეთით მას ეკვრის სამგურალის ქედის განტოტებანი (დიდი კავკასიონის სისტემაში), სამხრეთით კი შავი ზღვისკენ გახსნილი კოლხეთის დაბლობი; ირგვლივ მდებარე ბორცვები დაფარულია მდიდარი სუბტროპიკული მცენარეულობით, მარადმწვანე ბუჩქნარითა და ფოთლოვანი ტყეებით, სადაც მუხა, წიფელა, რცხილა ხარობს.
კურორტი სუბტროპიკულ ზონაში მდებარეობს. შავი ზღვის სიახლოვისა და დიდი კავკასიონის ქედის გამო (რომელიც ამ რეგიონს ჩრდილოეთის ცივი ქარებისგან იცავს) საშუალო წლიური ტემპერატურა აქ 14,60C-ია. ზამთარი რბილი და უთოვლო იცის (იანვრის საშუალო თვიური ტემპერატურაა 5,30C), ზაფხული – ძალიან თბილი და ზომიერად ტენიანი (აგვისტოს საშუალო თვიური ტემპერატურა 23,80C-ია). ხშირია მზიანი დღეები, თუმცა არც წვიმა და მოღრუბლულობაა იშვიათი. ნალექის წლიური მაჩვენებელი 1700 მმ-ია, ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა – 73%, მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში – 2000 საათზე მეტი. კურორტ წყალტუბოს სამკურნალო ფაქტორების შესახებ თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის, “თბილისი სპას”, ჯანმრთელობისა და სამედიცინო რეაბილიტაციის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ექიმ კურორტოლოგს, მედიცინის აკადემიურ დოქტორ თამარ ჩილინგარიშვილს ვესაუბრეთ. წყალტუბოს წყალი სუსტად რადონულ აზოტიან, ქლორიდულ-ჰიდროკარბონატულ-სულფატურ ნატრიუმიან-კალციუმიან-მაგნიუმიან წყლებს განეკუთვნება. მისი საერთო მინერალიზაცია 07-09გ/დმ3-ს უდრის. როგორც ქალბატონმა თამარმა გვითხრა, წყალტუბოს წყალი მეტად რთული შემადგენლობისაა და მსოფლიოში ანალოგი ძნელად თუ მოეძებნება. გარდა შემადგენლობისა, საგულისხმოა, რომ წყლები იზოთერმულია – მათი ბუნებრივი ტემპერატურა 34-35 გრადუსს უდრის, ამიტომ არ არის საჭირო წყლის წინასწარ შეთბობა ან გაცივება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ტემპერატურის მუდმივობის გამო აბაზანებისთვის იყენებენ გამდინარე წყალს და ზოგჯერ პაციენტის ორგანიზმი განიცდის 500-1500 ლიტრამდე წყლის ზემოქმედებას, რაც რადონის ეფექტს კიდევ უფრო აძლიერებს. როგორც ექიმმა აგვიხსნა, რადონი, უსუნო და უფერო აირი, აბაზანების მიღებისას ალფა, ბეტა და გამა გამოსხივებად იშლება. მათგან წამყვანი როლი ალფა გამოსხივებას ეკისრება, რის გამოც აქ მკურნალობას ალფათერაპიასაც უწოდებენ. აბაზანის მიღებისას ეს ნაწილაკები კანისა და სასუნთქი სისტემის მეშვეობით აღწევს ორგანიზმში და იწვევს სასიკეთო ძვრებს, კერძოდ, პერიფერიული სისხლძარღვების, კანის კაპილარების შევიწროებას (რაც სიფითრით ვლინდება), გულის რიტმის გაიშვიათებას, გულის კუნთის მუშაობის გაძლიერებას, სუნთქვის გაღრმავებასა და გაიშვიათებას, ნერვული სისტემის აღგზნების შესუსტებას და ნივთიერებათა ცვლის გაძლიერებას, ხელს უწყობს შარდში შარდმჟავა მარილების გამოყოფას და სისხლში მათი რაოდენობის შემცირებას. პროცედურის მსვლელობისას რადონი და მისი დაშლის პროდუქტები კანის ზედაპირზე გროვდება და ქმნის აქტიურ ნალექს, რომელიც, პირსახოცით ტანის შემშრალების მიუხედავად, რამდენიმე საათის განმავლობაში რჩება და აგრძელებს მოქმედებას. ამას რადონით ემანაციას უწოდებენ. სწორედ ამით არის განპირობებული აბაზანების დადებითი თერაპიული ეფექტი. წყალტუბოს წყლის ღირსებაა ისიც, რომ იგი ტოქსიკურ ელემენტებს არ შეიცავს და ორგანიზმში მკვეთრ ცვლილებებს და გადაღლას არ იწვევს. პირიქით, ნაზი მოქმედებით გამოირჩევა. აღნიშნული თვისებების გამო ამ აბაზანებს ავადმყოფებს ზოგ შემთხვევაში დღეში ორჯერაც უნიშნავდნენ. ისინი ადვილი ასატანია ყველა ასაკში. წყალტუბოს წყლების ეს თვისება სხვა, თუნდაც სახელგანთქმულ კურორტებთან შედარებით მას დიდ უპირატესობას ანიჭებს.
წყალტუბოში დასვენება ნაჩვენებია კანის, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, ნევროლოგიური, კარდიოლოგიური და გინეკოლოგიური პროფილის დაავადებების დროს. კურორტზე დასვენებისგან თავი შეიკავეთ ყველა დაავადების მწვავე სტადიაში, ინფექციური დაავადებების, ტუბერკულოზის, ვენერული დაავადებების, კახექსიის, პრეკანცეროგენული დაავადებების, სხივური დაავადების დროს.
ექიმი გირჩევთ, კურორტზე ჩამოსვლის პირველ- მეორე დღეს და კურორტიდან წამოსვლის დღეს ბალნეოპროცედურები არ ჩაიტაროთ, რადგან ორგანიზმს ახალ პირობებთან ადაპტაციისთვის დრო სჭირდება. ნურც ბალნეორეაქციის შესახებ დაივიწყებთ (სახსრების ტკივილს, წნევის აწევას, გულისცემის აჩქარებას, უძილობას, ნერვიულობას და სხვა), რომელიც შესაძლოა 4-5 აბაზანის შემდეგ დაიწყოს. ეს ავადმყოფის მდგომარეობის გაუარესებად არ ითვლება, ეს ორგანიზმის საპასუხო რეაქციია, რომელიც 2-3 დღე გრძელდება და გაივლის. თუ ჩივილები შემაწუხებელია, შესაძლოა პროცედურები 1-2 დღით შეწყდეს, დაინიშნოს მკურნალობა და მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ განახლდეს.
რადონიანი მინერალური წყლების სმა არ არის რეკომენდებული, ისინი აბაზანების ან ინჰალაციების სახით გამოიყენება. აბაზანები ინიშნება მსუბუქად ნასაუზმევს, არც უზმოზე და არც მაძღარ კუჭზე. აბაზანის მიღების შემდეგ ავადმყოფმა 20-30 წუთი უნდა დაისვენოს. კურსზე კი საშუალოდ 10, 15, 20 აბაზანის მიღება შეიძლება პაციენტის საწყისი მდგომარეობის, დიაგნოზის, ავადმყოფობის სტადიისა და თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით. მკურნალობის პროცესში აბაზანების რაოდენობას და მათი მიღების წესებს მკურნალი ექიმი განსაზღვრავს. მართალია, წყალტუბოს წყლები უნიკალურია, მაგრამ მისი საკურორტო პოტენციალი მხოლოდ ამისთ არ შემოიფარგლება. სამოცდაათიან წლებში წყალტუბოში აღმოაჩინეს კიდევ ერთი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი – კარსტული მღვიმეები, რომელთა მიკროკლიმატი წარმატებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს მრავალი დაავადების სამკურნალოდ. ცხადია, ქალბატონ თამარს მათ შესახებაც ვესაუბრეთ.
– კარსტულ მღვიმეში მკურნალობას სპელეოთერაპია ეწოდება. მეორე მსოფლიო ომის დროს უნგრეთის ერთ-ერთ ასეთ მღვიმეში მოწყობილი იყო თავშესაფარი. დაბომბვის დროს იქ გადაჰყავდათ სამხედრო ჰოსპიტლის პაციენტები და მედპერსონალი. ექიმებმა შეამჩნიეს, რომ მღვიმეში ყოფნის დროს ბრონქული ასთმით დაავადებულ პაციენტებს შეტევები არ ჰქონდათ და თავს უკეთ გრძნობდნენ. შემდეგ ამ მოვლენის მეცნიერულად შესწავლა დაიწყეს და აღმოჩნდა, რომ მღვიმეების მიკროკლიმატი მართლაც მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოდგებოდა. კურორტული მკურნალობის ეს სახეობა ძალიან პოპულარულია ევროპის ქვეყნებში – იტალიაში, სლოვენიაში, უნგრეთში... საქართველოც იმ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებსაც ამ მხრივ უდიდესი პოტენციალი აქვს, რადგან აქ 1300 მღვიმეა. ამათგან მეცნიერულად შესწავლილია და სამკურნალოდ გამოიყენებოდა ანაკოფიის ახალი ათონის მღვიმე და წყალტუბოს თეთრი მღვიმე. მღვიმის ტემპერატურა, ტენიანობა რადიაცია და ჰაერის მოძრაობა ქმნის მეტად სასარგებლო მიკროკლიმატს, რომელიც განსაკუთრებით უხდება ბრონქულ ასთმას, სასუნთქი გზების ქრონიკულ არასპეციფიკურ დაავადებებს, ფილტვების ქრონიკულ ანთებას, ასევე – ნევროზებს, ნევრასთენიას, ჰიპერტონიულ დაავადებას, კლიმაქტერიულ ნევროზს და სხვა. მკურნალობის კურსი გულისხმობს ორი-სამი კვირის განმავლობაში დღეში სამ საათამდე მღვიმეში ყოფნას. ამ დროს პაციენტს ნებისმიერი საქმის კეთება შეუძლია – კითხვა, ძილი, ვარჯიში… მართალია, დღეს მათ სამკურნალო მიზნით არ იყენებენ, მაგრამ იმედია, საქართველოში სპელეოთერაპიის ტრადიცია მალე აღდგება.
***
საქართველოს ამ სახელგანთქმულ კურორტზე სასარგებლოსთან ერთად ბევრ საინტერესოსაც ნახავთ. სტუმართმოყვარეობითა და იუმორით გამორჩეული წყალტუბოელები დაუზარლად გიამბობენ თავიანთი ქალაქის ისტორიას და მისი საერთაშორისო მიღწევებითაც მოიწონებენ თავს. აქაურები განსაკუთრებული კულინარიული მიგნებებით სულაც არ გამოირჩვიან. მათი სუფრა ტრადიციული და, რა თქმა უნდა, უგემრიელესი იმერული კერძებისგან შედგება. ერთ-ერთი გამორჩეული კერძი აქაური ყველის წვნიანია. მისი მომზადება სულაც არ არის რთული: ყველს წინასწარ ჭრიან, ძაფზე აცვამენ და მზეზე ახმობენ; კარგად რომ გამოშრება და გამაგრდება, ბრინჯთან ერთად ხარშავენ და მიირთმევენ.
ახალი წლის, აღდგომისა და სხვა ასეთი დღესასწაულების გარდა, წყალტუბოელები “გოჭის ხუთშაბათსაც” ზეიმობენ. ამ დღეს თითქმის ყველა ოჯახში კლავენ გოჭს და გეახლებიან. დღესასწაული აღდგომამდე ორი კვირით ადრე, ხუთშაბათს აღინიშნება. ჰოდა, თუ იმერულ ოდაში დროსტარება გსურთ, გირჩევთ, წყალტუბოს სწორედ ამ დროს ეწვიოთ. კარსტული მღვიმეები სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარეობს. ამავე ტერიტორიაზე ნახავთ კოლხურ ტყეს და საქართველოში არსებულ ერთადერთ დინოზავრის ნაკვალევს. სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ სათაფლიის ნაკრძალში ტურისტების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. მათ ყურადღებას იქცევს სათაფლიის მღვიმე, რომელიც მიწის ქვეშ მდებარეობს და რამდენიმე დარბაზს მოიცავს. მღვიმეში სტალაქტიტებისა და სტალაგმიტების ტყეა. აუცილებლად მოინახულეთ პრომეთეს მღვიმეც. ის სოფელ ყუმისთავის საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს მდებარეობს. მღვიმე მეცნიერებათა აკადემიის ექსპედიციის წევრებმა 1984 წელს აღმოაჩინეს. სარესტავრაციო სამუშაოებისა და უახლესი ტექნიკით აღჭურვის შემდეგ ის ათასობით მნახველს მასპინძლობს. მღვიმეში 16 დარბაზია, რომლებიც გაქვავებული ჩამონაღვენთებითა და მასშტაბებით საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისგან. აქვე ნახავთ მიწისქვეშა მდინარეს, გაქვავებულ ჩანჩქერებს, მღვიმურ მარგალიტებს, მიწისქვეშა ტბებს, ისეირნებთ ნავებით, დატკბებით ულამაზესი ხედებითა და ლაზერ-შოუთი. ნუ დაბრუნდებით შინ გელათის მონასტრის უნახავად. 1106 წელს დავით აღმაშენებლის მიერ აგებული სამონასტრო კომპლექსი დღეს იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანილი. თუ ხეტიალი არ გიყვართ, შეგიძლიათ, თბილად მოკალათდეთ ბიბლიოთეკაში და საინტერესო წიგნები იკითხოთ, თუ შინ ჯდომა მოგწყინდათ, გაისეირნოთ განახლებულ პარკში ან ისტორიული ძეგლები დაათვალიეროთ. კლდეზე ნაგები პატარა ტაძარი მოწამეთა წყალტუბოს ახლოს, მდინარე წყალწითელას ხეობაში მდებარეობს. კლდიდან გადაშლილი ხედები წელიწადის ყოველ დროს სხვადასხვა შთაბეჭდილებას ახდენს. ახლა, როცა წყალტუბოს შესახებ თითქმის ყველაფერი იცით, ეჭვიც არ მეპარება, რომ შვებულებას სწორედ ამ კურორტზე გაატარებთ. ისღა დაგრჩენიათ, ჩემოდნის ჩალაგებაზე იფიქროთ
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 6
ლარი კვების გარეშე