ამპარტავნება საშინელი სულიერი დაავადებაა, რომელიც ძალზე ძნელად იკურნება. ღვთის წინაშე არ არსებობს მასზე უფრო საძაგელი ცოდვა. წმიდა მამები მას „სატანის თესლს“ უწოდებენ. ამპარტავნება უკიდურესი თავდაჯერებულობაა. უარყოფა ყოველივე იმისა, რაც მე არ მეკუთვნის, მრისხანების, სიმკაცრის, გაღიზიანებისა და ბოროტების წყარო, ღვთის შეწევნაზე უარის თქმა. მაგრამ სწორედ ამპარტავანს განსაკუთრებულად ესაჭიროება ღმერთი, რამეთუ ადამიანებს მისი ხსნა არ ძალუძთ, როდესაც დაავადება უკანასკნელ სტადიას აღწევს. ცოდვის გამომგონებელმა, დაცემულმა ბოროტმა ანგელოზმა თვითონ შესცოდა ღვთისადმი წინააღმდეგობით, ანუ ამპარტავნებით და ამ დამღუპველ ცოდვაში ადამიანთა მთელი მოდგმა შეჰყავს. ყოველი ცოდვილი, რომელიც თავის ვნებებს სიამეს ანიჭებს, ებრძვის ღმერთს, როგორც ოდესღაც სატანა ამბოხდა ზეცაში ღვთის წინააღმდეგ, რათა მისი დაქვემდებარებიდან გამოსულიყო და თავის ნებაზე ეცხოვრა. როდესაც ამპარტავანი, პატივმოყვარე, საკუთარი თავის მოყვარული, დიდებისმოყვარე, ძალაუფლებისმოყვარე, სასტიკი, მრისხანე, შურიანი, ქედმაღალი, გულზვიადი, ურჩი და სხვა ამის მსგავსი ადამიანი ვერ იკმაყოფილებს თავის ვნებებს და საკუთარი „მეს“ გამო სხვებს ანადგურებს, ამით, თითქოსდა, მახვილს იღებს ღვთის წინააღმდეგ და თითქოს ქრისტეს ეუბნება: „არ გვსურს, მივდიოთ შენს მაგალითს, არ გვსურს, ვიყოთ მოკრძალებულნი და კეთილნი! არ მოგვწონს შენი კანონი!.. დაე, ისინი გვემსახურებოდნენ ჩვენ და არა ჩვენ - მათ!“ გვიხსენი, ღმერთო გონების ასეთი დაბნელებისაგან! რა საშინელებაა! ნუ იფიქრებთ, რომ ამ სიტყვებში რაიმე გადაჭარბებულია. ამპარტავნებს, ჩვეულებისამებრ, ასე ემართებათ... და თუ ისინი დროულად არ შეჩერდებიან, არ შეინანებენ, ღვთის მოწინააღმდეგენი ხდებიან. თითოეული თუნდაც მცირე ცოდვის გამო სულში ღვთის მადლი კლებულობს, მომაკვდინებელი ცოდვის გამო კი ადამიანები მას საერთოდ კარგავენ და მარადიული სასჯელის ღირსნი ხდებიან. ამპარტავანნი საღვთო სჯულის ხელისუფლებას შორდებიან, ამიტომ თვითონვე განარიდებენ თავს ღვთის მფარველობას. ისინი ყველაფერში მარცხდებიან. სხეულში მყოფნი, სულიერად უკვე მკვდრები არიან და სიცოცხლეშივე განიცდიან ჯოჯოხეთის ტანჯვას: მარტოობას, პირქუშ სევდას (გულგატეხილობას), დარდს, გაბოროტებას, სიძულვილს, უნაყოფობას, სიბნელესა და სასოწარკვეთილებას
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев