ღიმილი შენი
და შეპარული სევდა მზერაში,
წითელი კაბა რარიგად გშვენის
ლექსის წერაში.
თვალები ისევ... ისევ თვალები,
მიმქრალი სახე ალიონიდან,
მე მოვალ შენთან მზით ნამთვრალევი
თბილ მზეს მოგიტან.
აქრობენ ღიმილს... ღიმილს ათლიან
ადამიანებს (პირში ქებამდე),
ყვავილებს მოვკრეფ თუ დამაცდიან
დაბინდებამდე.
ჩავიპარები შენს ეზოთან,
მოვძებნი ფოთოლს,
მე მოვალ შენთან თეთრი ყვავილით,
მერე კი მოთოვს.
ვიცი გეცმევა ყვავილებით
წითელი კაბა,
მერე დავსხდებით დაღლილები,
ფიქრებში წავალთ.
ღამეს გავიტანთ საუბარით, ალალი ფიქრით,
რაც გულს გვიწუხებს,
რაც რამ გვტკივა ყველაფერს ვიტყვით.
მეორე დილით, მზე რომ გაწევს ფანჯრიდან ფარდას,
ჩვენ დავწერთ ლექსად იმ წუთებზე,
რომლებსაც ვკარგავთ.
... და მერე ისევ ეგ თვალები,
მზერა დაღლილი,
მე შენთან მოვალ ნამთვრალევი,
ხელში ყვავილით.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев