-----------------------------------------------------------------------------------------------------
ძაღლის ჯიში: დობერმან პინჩერი
სხვა სახელი: დობერმანი
მეტსახელი: დობი; Dobermann; Dobynm (ზოგიერთ ქვეყანაში)
წარმომავლობა: გერმანია
ფერი: შავი, ყავისფერი, წითური, ნაცრისფერ-მოლურჯო, ჩალისფერი და თეთრი (ალბინოსი)
ბეწვის ტიპი: მბზინავი, მოკლე, ხშირი და სწორი
სიმაღლე: ხვადი – 66 – 72 სმ; ძუ – 61 – 68 სმ
წონა: ხვადი – 34 – 45 კგ; ძუ – 27 – 41 კგ
სიცოცხლის ხანგრძლივობა: 10 – 13 წელი
წარმოშობის ისტორია:
დობერმან პინჩერის პირველად გამოყვანა მოხდა საფრანგეთ-პრუსიის ომის შემდგომ, 1890 წელს გერმანიაში, თიურინგიის ქალაქ აპოლდაში კარლ ფრიდრიხ ლუის დობერმანის მიერ. იგი ადგილობრივი გადასახადების ამკრები იყო და მართავდა აპოლდას ძაღლების ხუხულას (თავშესაფარს). ძაღლების სხვადასხვა ჯიშებთან წვდომის წყალობით, დობერმანს სურდა შეექმნა ძაღლის ისეთი ჯიში, რომელიც იდეალური იქნებოდა მისთვის დახმარების გასაწევად გადასახადების აკრების დროს, რომლის დროსაც მას უწევდა ბანდიტებით სავსე ტერიტორიებზე ყოფნა. მისი მიზანი ასევე იყო ისეთი ტიპის ძაღლის გამოყვანა, რომელიც მისივე აზრით ძალის, სისწრაფის, ამტანობის, ერთგულების, ინტელექტისა და მძვინვარების სრულყოფილი კომბინაცია იქნებოდა. მოგვიანებით კი ოტო გოელერმა და ფილიპ გროინიგმა განაგრძეს ძაღლის ამ ჯიშის ჩამოყალიბება ისეთად, როგორსაც დღეს ჩვენ ვიცნობთ.
ძაღლის ეს ჯიში შეიქმნა სხვადასხვა ძაღლის ჯიშისაგან. მათ შორის: გერმანული პინჩერი, ბოსერონი, როტვეილერი, თიურინგიული ტყის ძაღლი, გრეიჰაუნდი, გერმანული დოგი, ვეიმარანერი, გერმანული მოკლებეწვიანი პოინტერი, მანჩესტერული ტერიერი, ძველგერმანული მეცხვარული ძაღლი და ამერიკული პიტ ბულ ტერიერი. ძაღლის ამ ჯიშებს გააჩნდათ ის თვისებები, რაც კარლ დობერმანისთვის მნიშვნელოვანი იყო. შეჯვარების ზუსტი პროპორციები ისევე, როგორც შეჯვარებისას გამოყენებული ძაღლის ჯიშების ზუსტი რაოდენობა დღემდე უცნობია, თუმცა ბევრი ექსპერტის აზრით, დობერმანი სულ მცირე, ზემოთ მოცემული ოთხი ჯიშის შეჯვარებით მაინც არის გამოყვანილი. ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს დოკუმენტურად აღრიცხული დართვა გრეიჰაუნდთან და მანჩესტერულ ტერიერთან. საკმაოდ სარწმუნოა ასევე ისიც, რომ ძველგერმანული მეცხვარე ძაღლის გენოფონდი წარმოადგენდა ერთადერთ უდიდეს ხელშემწყობს დობერმანის ჯიშის შექმნაში.
1894 წელს კარლ დობერმანის გარდაცვალების შემდეგ, მის საპატივსაცემოდ გერმანელებმა ძაღლის ამ ჯიშს დობერმან-პინჩერი უწოდეს. თუმცა ნახევარი საუკუნის შემდეგ, გერმანული სიტყვა “პინჩერი” , რაც ინგლისურ ”ტერიერს” ნიშნავდა, ჩამოშორდა ჯიშის დასახელებას იმის საფუძველზე, რომ ეს სიტყვა ჯიშისათვის შეუფერებელი იყო. რამდენიმე წლის შემდეგ კი ინგლისელებმაც იგივე გააკეთეს.
მეორე მსოფლიო ომის დროს, აშშ-ს საზღვაო ძალების კორპუსმა დობერმან პინჩერი თავის ოფიციალურ საომარ ძაღლად გამოაცხადა, თუმცა გამორჩეულად ამ საქმისათვის არ გამოუყენებია.
ომის შემდგომ პერიოდში დობერმანის ჯიში თითქმის დაიკარგა. დასავლეთ გერმანიაში, 1949 წლიდან 1958 წლამდე არ მომხდარა ლეკვების ახალი ნაყარის რეგისტრაცია. ვერნერ იუნგი ითვლება ძაღლის ამ ჯიშის გადამრჩენლად. იგი დასავლეთ გერმანიის ფერმებში ეძებდა ტიპიურ პინჩერებს და მათ იყენებდა ოთხ სხვა, დიდი ზომის მინიატურულ პინჩერებთან და აღმოსავლეთ გერმანულ შავ და წითურ ძუებთან ერთად. იუნგმა თავი საფრთხეშიც კი ჩაიგდო, როცა მალულად გადმოიყვანა ეს ძაღლები დასავლეთ გერმანიაში. გერმანული პინჩერების უმეტესობა სწორედ ამ ძაღლების შთამომავლებს წარმოადგენს.
ქცევა და ხასიათი:
მიუხედავად იმისა, რომ დობერმან პინჩერი სამუშაო ძაღლადაა მიჩნეული, ხშირად იგი სასტიკ და აგრესიულ ძაღლად ითვლება. მისი, როგორც პირადი მცველი ძაღლის გამოყვანა სწორედ ამ თვისებების გამო მოხდა: იგი უნდა ყოფილიყო დიდი და საშიში, უშიშარი და პატრონის დასაცავად მზადმყოფი, თუმცა საკმარისად დამჯერი და თავშეკავებული თავისი მოვალეობის შესასრულებლად მხოლოდ პატრონის მიერ ბრძანების გაცემის შემდეგ. ეს თვისებები გამოსადეგი იყო მხოლოდ დობერმანის, როგორც პირადი მცველის, საპოლიციო ან საომარი ძაღლის ფუნქციების შესრულებისათვის და არა მისი, როგორც კომპანიონი ძაღლის როლისათვის. დობერმან პინჩერების აგრესია მომშენებლების წყალობით წლების განმავლობაში შემცირდა და დღევანდელი დობერმანები ცნობილნი არიან გაცილებით უფრო გაწონასწორებული და კარგი ბუნებით, უზომო ერთგულებით, მაღალი ინტელექტითა და წვრთნისადმი შესანიშნავი დაქვემდებარებით. დღესდღეობით, დობერმანის ზომა, დაბალი ბეწვი და ინტელექტი მას ოჯახის სასურველ ძაღლად აქცევს. სტენლი კორენის წიგნში ”ძაღლების ინტელექტი”, დობერმანს მე-5 ადგილი უჭირავს ძაღლის მორჩილებით ბრძანებებზე წვრთნის კატეგორიაში. სხვადასხვა კვლევების მიხედვით კი, დობერმანი ბორდერ კოლისთან, გერმანულ ნაგაზთან, ოქროსფერ რეტრივერთან და სტანდარტულ პუდელთან ერთად ერთ-ერთ ყველაზე ადვილად გასაწვრთნელ ძაღლის ჯიშს მიეკუთვნება.
დობერმანები ადვილად სწავლობენ პატრონის პატივისცემასა და დაცვას და ამის გამო ბრწყინვალე მოდარაჯე ძაღლებად ითვლებიან, რომელთაც შეუძლიათ დაიცვან თავიანთი საყვარელი ადამიანები. ზოგადად ისინი მეგობრულნი არიან ადამიანებისა და სხვა ძაღლების მიმართ, თუმცა მიეკუთვნებიან ძაღლის ისეთ ჯიშებს, რომელთაც შესაძლოა აგრესია გამოავლინონ უცხოებისა და სხვა ძაღლებისადმი. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ დობერმანებმა თავიანთი პატრონების მიმართ გამოხატონ აგრესია. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე კვლევები დობერმანს არ მიიჩნევს ყველაზე აგრესიულ ჯიშად, მისი ზომა, ძალა და უცხოებისადმი მკვეთრად გამოხატული აგრესია მას პოტენციურად საშიშ ჯიშად აქცევს.
თუკი მოხდება დობერმანის ლეკვობიდანვე სწორი, მტკიცე და საფუძვლიანი წვრთნა და სოციალიზაცია, მისგან შესანიშნავი კომპანიონი დადგება. იგი ძალიან ღონიერია, ამიტომ მუდამ თვალყური უნდა ადევნოთ მის ურთიერთობას ბავშვებთან.
მოვლა:
თავისი მოკლე და გლუვი ბეწვის გამო დობერმანს მინიმალური მოვლა სჭირდება. ბეწვი დავარცხნეთ ჯაგრისით ან სპეციალური ხელთათმნით. გაასუფთავეთ მშრალი შამპუნით ან სველი ნაჭრით მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. ასევე საჭიროა მისთვის თათებზე ფრჩხილების დაჭრა 2-3 კვირაში ერთხელ.
დობერმანი აქტიური და ენერგიული ჯიშია, ამიტომ სჭირდება ყოველდღიური და ხანგრძლივი ვარჯიში (სირბილი) მოზღვავებული ენერგიის დასახარჯად. იგი არ გამოდგება ბინებში ან პატარაეზოიან სახლებში საცხოვრებლად. შეუფერებელია ამ ძაღლის ყოლა ისეთი ადგილებისათვის, სადაც იცის დიდი ყინვები, რადგან ეს მოკლებეწვიანი ჯიში სიცივეს ცუდად იტანს.
დობერმანს ძალიან უყვარს სხვადასხვა საგნის ღეჭვა, ამიტომ საჭიროა მისთვის ბევრი მაგარი (მყარი) სათამაშოს მიცემა.
ჯანმრთელობა:
დობერმანისათვის დამახასიათებელია შემდეგი დაავადებები:
დილატაციური კარდიომიოპათია – ამ დროს ირღვევა გულის ძირითადი ფუნქცია – კუმშვადობა. იგი სუსტდება. ამასთანავე, დიფუზიურად დიდდება გულის პარკუჭები და აღარ ხდება სისხლის ეფექტური მიმოქცევა. გულის ფუნქციის შემცირებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ფილტვებზე, ღვიძლზე და სხეულის სხვა სისტემებზე. ეს დაავადება დობერმანებს უფრო მეტად ემართებათ, ვიდრე ძაღლის სხვა ჯიშებს.
ვობლერის დაავადება – კისრის მალების არასტაბილურობა, რაც იწვევს არამყარ სიარულსა და სისუსტეს ძაღლებსა და ცხენებში.
ფონ ვილებრანდის დაავადება – მემკვიდრეობითი დეფექტი, რომელიც სისხლის შედედების პროცესის დარღვევას იწვევს.
პროსტატის დაავადებები – როგორებიცაა მაგალითად: ბაქტერიული პროსტატიტი, პროსტატის კისტა და პროსტატის ადენოკარცინომა.
ჰიპოთიროიდიზმი – მდგომარეობა, როდესაც ფარისებრი ჯირყვალი არ გამოყოფს საკმარის ჰორმონებს – თიროქსინსა (T4) და ტრიიოდოთირონინს (T3).
მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია – ძვლის მდგომარეობა, როდესაც ბარძაყის თავი არაა სათანადოდ ჩასმული თეძოს ბუდეში. (ძვლის ამოვარდნილობა). იწვევს ოსტეოართრიტსა და ტკივილს.
#ASD
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев