უსჯულოება > ცრუსწავლებანი
ნაწილი 1
ზაქირ ნაიკის ანტიქრისტეანული დემარში

წინათქმა
სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ვინმე მუსლიმი მქადაგებელი ზაქირ ნაიკი რომლის მწვალებლურმა ქადაგებებმა ბევრი ადამიანის ყურადღება მიიპყრო და მინდა მისი ცრუ ქადაგებების საწინააღმდეგოდ განგვემარტა მუსლიმი პოლემისტის გამოსვლა და მიგვეთითებინა, თუ რაში მდგომარეობს მისი ქადაგების მზაკვრული მხარეები.
<iframe width="853" height="480" src=" https://www.youtube.com/embed/v_m7XtQY9sM" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
როგორც ვიდეოდან ჩანს, მუსლიმთა შეკრებაზე მისული ერთი ქრისტიანი გოგონა (რომაელი-კათოლიკე) კითხვას აძლევს მუსლიმ მქადაგებელს: "მოხვდება თუ არა ის ჯოჯოხეთში, თუ ის ქრისტიანად დარჩება და ისლამს არ მიიღებს"? გოგონას თქმით: "ასე არწმუნებენ მას თავისი მუსლიმი მეგობრები". მქადაგებელი პასუხობს: "თქვენ თუ ჭეშმარიტი ქრისტიანი ბრძანდებით, თქვენ თუ ჭეშმარიტად მისდევთ ქრისტეს ჭეშმარიტ სწავლებას, ალლაჰის ნებით სამოთხეში მოხვდებით"...
ერთის შეხედვით ეს არის მუსლიმი მქადაგებლის გამაოგნებელი განცხადება, მაგრამ ნუ მოტყუვდებით... სოფისტიკისა და არაკორექტული პოლემიკისთვის დამახასიათებელი "ლოგიკით"მუსლიმი პოლემისტი თავიდანვე ცდილობს ქრისტეანი მსმენელის გაოგნებას, და ის ნამდვილად მოტყუვდება, თუ არ დასვამს კითხვას:"ვის გულისხმობს ის ჭეშმარიტ ქრისტეში და როგორ ესმის მას ჭეშმარიტი ქრისტეანობა"?
როგორც ვიდეოდან ჩანს, ზაქირ ნაიკისთვის ქრისტეს "ჭეშმარიტი მიმდევრობა" ნიშნავს მის აღიარებას მხოლოდ რჩეულ წინასწარმეტყველად, ჩვეულებრივ ადამიანად, თუნდაც ღმრთის განსაკუთრებულ მოციქულად. მაგრამ, თუ ვინმე ქრისტეს აღიარებსგანკაცებულ ღმერთად, მუსლიმი პოლემისტის აზრით, ის თურმე ქრისტეს "ჭეშმარიტ" სწავლებას არ მიჰყვება. თავის ამ დებულებას მუსლიმი ქადაგი ასეთი მსჯელობითაც "ამყარებს":
"თქვენ თუ წაგიკითხავთ ბიბლია და იესუ ქრიტეს ყველა გამონათქვამი? ... გჯერათ თუ არა, რომ იესუ ქრისტე არის ღმერთი? ... ჩვენ გვჯერა რომ იესუ ქრისტე არის ღმრთის ერთ-ერთი უდიდესი წარგზავნილი, ჩვენ გვჯერა, რომ ის იყო მესია, რაც ნიშნავს "ქრისტეს", ჩვენ გვჯერა, რომ ის აცოცხლებდა მკვდრებს, უფლის ნებით, ... მუსლიმები და ქრისტეანები (ამ საკითხში) ერთად მიდიან...მაგრამ რაშია განსხვავება? განსხვავება იმაშია, რომ ქრისტეანთა უმრავლესობას სწამს იმისა, რომ იესუ ქრისტე ყოვლისშემძლე ღმერთია. მათ სჯერათ, რომ ის ამტკიცებდა თავის ღვთაებრიობას. მაგრამ, რეალობაში, თუ თქვენ კითხულობთ ბიბლიას, არ არსებობს არც ერთი მკაფიო, არაორაზროვანი მტკიცებულება მთელს ბიბლიაში სადმე მაინც ეთქვა ქრისტეს "მე ვარ ღმერთი და თაყვანი მეცითო". ... თქვენ თუ იპოვით იესუ ქრისტეს ერთ მკაფიო, თუნდაც ერთ არაორაზროვან გამონათქვამს "მე ვარ ღმერთი და თაყვანი მეცითო", მე მზად ვარ მივიღო ქრისტეანობა. ... თქვენ არ იცით (ეუბნება გოგონას - რედ.) რა არის ჭეშმარიტი ქრსიტეანობა. აი, მე გითხარით რა არის ჭეშმარიტი ქრისტეანობა" (ანუ აღიარება იმისა, რომ ქრისტე ღმერთი არ არის... - რედ.). ამის შემდეგ მუსლიმ ქადაგს მოჰყავს ადგილები ბიბლიიდან, სადაც ქრისტე მამის უპირატესობაზე მიუთითებს. მაგალითად, "მამა ჩემზე მეტია" და სხვა... (უფრო დეტალურად იხ. ქვემოთ). კეთდება აქცენტირება იმაზე, რომ ქრისტე ასრულებდა მამის ნებას და უფლის ძალით იქმოდა სასწაულებს... გამომდინარე აქედან, რაკიღა ქრისტე უფლის (ანუ მუსლიმის წარმოდგენით ალლაჰის) ნების აღმასრულებელია, ის ჭეშმარიტი მუსლიმია... და ბოლოს მაჰმადიანი ქადაგი ირწმუნება, რომ მუსლიმები უფრო არიან ქრისტიანები, ვიდრე თვით ქრისტიანები.
რა შეიძლება ითქვას ზაქირ ნაიკის ამ ქადაგებაზე?
1. უფალი იესუ ქრისტე მრავალგან უთითებდა თავის ღვთაებრიობაზე
აი მოწმობა იმისა, რომ მისი ქადაგებები და მსჯელობანი საკუთარ თავზე სწორედ ასე ესმოდათ: "მიუგეს იუდეველებმა და თქვეს: კეთილი საქმისთვის კი არ ჩაგქოლავთ, არამედ ღმრთის გმობისთვის, ვინაიდან კაცი ხარ და ღმერთად კი მოგაქვს თავი" (იოანე 10:33).
ხოლო როდესაც წარადგინეს სასამართლოზე, ქრისტემ პირდაპირ მიანიშნა თავის ღვთაერბიობაზე: "მაშინ უთხრეს: მაინც ვინა ხარ? ხოლო იესომ მიუგო: პირველად, რამეთუ მე გეუბნებით" (ძვ. ქართ.: "ეტყოდეს მას: და შენ ვინ ხარ? ჰრქუა მათ იესუ: პირველად, რამეთუ მე გეტყჳ თქუენ") (იოანე 8:25).
მან საკუთარ თავს უწოდა ის სახელი, რომლითაც პირველად ღმერთი მოსეს გამოეცხადა: "უთხრა მოსემ ღმერთს: კარგი, მივედი ისრაელიანებთან და ვუთხარი, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა გამომგზავნა-მეთქი. თუ მკითხეს მისი სახელი, რა ვუპასუხო? უთხრა ღმერთმა მოსეს: მე ვარ, რომელიც ვარ. კვლავ უთხრა: ასე უპასუხე ისრაელიანებს: რომელიც ვარ მგზავნის თქვენთან. კვლავ უთხრა ღმერთმა მოსეს: ასე უთხარი ისრაელიანებს: უფალმა, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა აბრაამის ღმერთმა, ისაკის ღმერთმა, იაკობის ღმერთმა გამომგზავნა თქვენთან. ეს არის ჩემი სახელი უკუნითი უკუნისამდე, ეს არის ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობამდე" (გამოსვლა 3:13-15).
ის, რომ ქრისტემ საკუთარ თავთან მიმართებაში წარმოსთქვა ღმრთის პირდაპირი და საკრალური სახელი, მოწმობს იმ ადამიანთა რეაქცია, რომლებიც ქრისტეს შესაპყრობად მოვიდნენ: "როცა უთხრა მათ: მე ვარო, უკან დაიხიეს და მიწაზე დაემხნენ" (იოანე 18:6).
აი, ირიბი, მაგრამ ძალზედ მკაფიო და უდავო მითითებებიც იმისა, რომ იესუ ქრისტე მიანიშნებდა საკუთარ ღვთაებრიობაზე:
"მამათქვენი აბრაამი ხარობდა იმის გამო, რომ იხილავდა ჩემს დღეს. იხილა და გაიხარა. იუდეველებმა უთხრეს: ორმოცდაათი წლისაც არა ხარ და აბრაამი გინახავს? უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: აბრაამზე უწინარესი ვარ. მაშინ იუდეველებმა ქვებს დასტაცეს ხელი მის ჩასაქოლად. მაგრამ იესო თვალს მიეფარა და ტაძრიდან გავიდა" (იოანე 8:56-58).
"და უთხრა მათ: ვხედავდი სატანას, ელვასავით რომ ვარდებოდა ციდან" (ლუკა 10:18). არც ერთ წინასწარმეტყველს არ შეეძლო ასე ეთქვა, რადგან სატანის დაცემა შეეძლო ეხილა მხოლოდ ღმერთს.
"უთხრა იესომ: შენ სთქვი. მე კი ამასაც გეტყვით: ამიერიდან მალეიხილავთ ძეს კაცისას, მჯდომარეს ძალის მარჯვნივ და მომავალს ზეცის ღრუბლებით" (მათე 26:64). ღმრთის მარჯვნივ ჯდომა შეუძლია მხოლოდ განკაცებულ ღმრთის ძეს!
2. რატომ არსად თქვა ქრისტემ "მე ვარ ღმერთი და თაყვანი მეცითო"?!...
ზემოთ მოტანილ მოწმობებზე შესაძლოა ზემოთხსენებული მუსლიმი მქადაგებლის სიტყვებით გვიპასუხონ: "არ არსებობს არც ერთი მკაფიო, არაორაზროვანი მტკიცებულება მთელს ბიბლიაში სადმე მაინც ეთქვა ქრისტეს "მე ვარ ღმერთი და თაყვანი მეცითო".
ამაზე მივუგებთ, რომ მუსლიმებს არ ესმით არც ქრისტეს განკაცების მიზანი (ცოდვის წყევისა და ეშმაკის მონობისგან კაცობრიობის გამოსყიდვა) და არც ის, თუ რატომ არ ცდილობდა ქრისტე ასეთი სიმკვეთრით განეცხადებინა თავისი ღვთაებრიობა. ამაზე კარგ პასუხს გვაძლევენ წმიდა მამები:
"იხილა რა ღმრთისგან ასე ამაღლებული ადამიანი, - წერს ღირ. იოსებ ვოლოკოლამელი (XV ს.), - ეშმაკს შეშურდა მისი და გველის მიერ აცთუნა ჯერ დედაკაცი, შემდეგ კი მამაკაცი - ადამი, და მათაც დაარღვიეს რა ღმრთისგან მოცემული მცნება, შერყვნეს შემოქმედისგან ბოძებული გონება, უსმინეს ეშმაკს, გასინჯეს აკრძალული ხილი და ღმერთივით ყოფნა მოინდომეს. ამიტომაც განიდევნენ ისინი სამოთხიდან, განშორდნენ ღმერთს და მიეცნენ სიკვდილს. იმ დროიდან ეშმაკს დიდი ძალაუფლება მიეცა ადამიანზე.
როდესაც ადამიანები გამრავლდნენ, ეშმაკი ყოველმხრივ ცდილობდა შეეყენებინა ისინი ბოროტ გზაზე და საკუთარი ვნებებით, მკვლელობებით, სიძვა-მრუშობით, ჯადოქრობითა და მისნობით შეპყრობილმა ადამიანებმაც ღმერთი დაივიწყეს. ღმერთმა ისურვა ბოროტების აღკვეცა და კაცობრიობას წარღვნა მოუვლინა. მაგრამ, როდესაც წარღვნის შემდეგ ადამიანები კვლავ გამრავლდნენ, ღმერთი კვლავ მიივიწყეს, დაიდგეს უკეთური კერპები, რომელთაგან ერთნი მრუშობისანი იყვნენ, სხვანი კი მკვლელობისანი და კვლავ გაიხრწნენ; გაჩნდნენ მისნები და ჯადოქრები. თავიანთი ღმერთების კვალობაზე, ადამიანები უსირცხვილოდ ეძლეოდნენ ბილწ ვნებებს: მსხვერპლად სწირავდნენ თავიანთ შვილებს და დემონებს ემსახურებოდნენ. მძვინვარე უკუნი გაბატონდა მაშინ კაცობრიობაზე, ყველგან სიკვდილი სუფევდა, რადგან ადამიანები მიეცნენ ეშმაკს და ყველანი შავეთს ჩადიოდნენ.
თუმცა ჩვენმა შემოქმედმა ესოდენ სიბრმავესა და საცთურში შთაცვენილნი როდი გაგვწირა, არამედ მოგვცა სჯული და გამოგვიგზავნა წინასწარმეტყველნი, რათა ცხოვნების გზაზე დავეყენებინეთ. მაგრამ, მათ ვერ შესძლეს ადამიანთა შველა, რამეთუ ისინიც, როგორც კაცნი, დაქვემდებარებულნი იყვნენ ცოდვას, ცოდვის მიერ კი - სიკვდილს. კაცთა მაცხოვარი თვითონ უბიწო და უცოდველი უნდა ყოფილიყო, რადგან ამგვარი ვნებებისგან კაცობრიობის განკურნებ მხოლოდ ღმერთს თუ შეეძლო!
ადამის შემცდენელი მზაკვარი ეშმაკი ხედავდა, როგორ მისდევდა მთელი ქმნილება ცოდვის გზას. სიკვდილი მეუფებდა ადამიდან მოსემდე, ანუ მოსეს სჯულის დასრულებამდე. ადამიანები იძულებით სცოდავდნენ ისე, რომ არც კი სურდათ შეცოდება, როგორც მოციქული ამბობს: "ვინაიდან კეთილს კი არ ვაკეთებ, რომელიც მსურს, არამედ ბოროტს, რომელიც არ მსურს" (რომ. 7:19).
დამწუხრდა ღმერთი, კაცის შემქმნელი. მას არ სურდა ძალდატანებით გამოეტაცნა ადამიანი ეშმაკის კლანჭებიდან, რადგან ღმერთი სამართლიანია - და თვითონ აწესებს სჯულს სიმართლით, უსამართლოთ კი სჯის. ამიტომაც, როგორ შეუძლია თვითონ ქმნას უსამართლობა და ძალით წაართვას ეშმაკს ადამიანი, რომელიც მას ნებით დაემონა? ასე რომ მომხდარიყო ღმერთი შესცოდავდა, რაც შეუძლებელია, რადგან ღმერთი უცოდველია.
ღმერთს თვით ეშმაკის მიმართაც კი არ სურს იყოს უსამართლო. ყოვლისშემძლე უფალს ეშმაკზე გამარჯვება თავისი ყოვლისშემძლეობით რომ მოეპოვა, მაშინ ეშმაკი იტყოდა: "მე უსამართლო ვარ, მაგრამ სამართალი არც ღმერთს გააჩნია, რადგან ის ყველაფერს ძალდატანებით აკეთებს; მე გავიმარჯვე ადამიანზე, მაგრამ ღმერთმა დამამარცხა, ძალადობითა და უსამართლობით წარმტაცა ჩემი მონაპოვარი", - და მართალიც იქნებოდა. მაგრამ უფალმა არ მისცა ეშმაკს ასე ლაპარაკის შესაძლებლობა; რომ მან გაიმარჯვა ადამიანზე, ხოლო თვითონ ღმრთისგან იქნა ძლეული, რადგან შემოქმედმა თავისი გამოუთქმელი განგებულებით ჩაიფიქრა, როგორ მოენიჭებინა ჩვენთვის ეშმაკზე ძლევის იარაღი.
მაშ, იხილე, რას აღასრულებს ის ამისთვის, რას ეუბნება იგი თავის ძეს. როგორც წმ. იოანე ოქროპირი ბრძანებს: "გმართებს ჩემო მხოლოდშობილო ძეო და სიტყვავ, ჩემი დიდების ნათელო, შეიმოსო ხრწნადი ადამიანი და მიიღო მთელი ადამი; გმართებს ჯვარცმა, ვნება, ჯოჯოხეთს შთასვლა და იქიდან კაცთა აღმოყვანა; როგორც ეშმაკმა მოატყუა ადამიანი, ასევე შენც უნდა იმარჯვო ხერხი და სძლიო მტარვალი შენი სიბრძნით".
კაცთა მოდგმას წინასწარმეტყველთა შეწევნაზე უმეტესი დახმარება სჭირდებოდა - და მიიღო კიდეც: და აჰა, თავად ღმერთი, ღმრთის სიტყვა, დაუსაბამო, უხილავი, გარეშემოუწერელი, უხორცო, უნივთო, დასაბამიერი სიტყვა, ნათელი ნათლისაგან, წყარო სიცოცხლისა და უკვდავებისა, ხატი პირველხატისა, ჩვენ კაცთათვის ხდება ადამიანი, შეიმოსება ხორცით და შეუერთდება გონიერ სულს, რათა თავისი სულით განწმინდოს ჩვენი სულები და თავისი უპატიოსნესი ხორცით განკურნოს ჩვენი დაცემული და შებილწული ბუნება. ის გახდა სრული კაცი, ოღონდ ცოდვის გარეშე, იშვა უთესლოდ ქალწულ მარიამისგან და სულიწმიდისგან. ხოლო მანამ, როდესაც მთავარანგელოზმა გაბრიელმა ახარა მას უფლის ჩასახვა და შობა, ჯერ სულიწმიდით განწმინდა ქალწულის სული და სხეული. ვარსკვლავმა ზეცითგან ასწავლა სპარს მოგვებს მისი თაყვანისცემა, ანგელოზებმა კი მისი შობა მწყემსებს ახარეს. როდესაც იოანესგან მოინათლა იორდანეში, ზეცითგან გაისმა ხმა მამისა, რომელმაც ბრძანა: "ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე შევიტკბე" (მათე 3:17) და სულიწმიდა მტრედის სახით გადმოვიდა მასზე. როდესაც სასწაულთა ქმნა დაიწყო, აღადგენდა მკვდრებს, კურნავდა სნეულთ და დევნიდა ეშმაკთ. აირჩია 12 მოწაფე და უბრძანა მათ კაცთათვის ცათა სასუფევლის მოახლოვება ექადაგათ.
ქრისტეს მნახველი ეშმაკი დაეჭვებული და გაოგნებული იყო, რადგან ხედავდა ადამიანს, რომელიც ღმერთივით ახდენდა სასწაულებს, რადგან იესუ ქრისტემ, თავისი მიუწვდომელი განგებულებით, ეშმაკს თავისი ღვთაებრიობა დაუმალა, რათა შეშინებული ეშმაკი მისგან არ გაქცეულიყო არამედ, პირიქით, თავს დასხმოდა ისევე, როგორც ესხმოდა იგი სხვა ადამიანებს. ამიტომაც მაცხოვარმა საიდუმლოდ დაჰფარა საკუთარი ღმრთეება.
ხოლო ეშმაკი, ხედავდა რა ქრისტეს, რომელიც ყველას სიკეთესა და სათნოებებს ასწავლიდა, განაშორებდა მათ ბოროტებას და მიჰყავდა ისინი მარადიულ ცხოვრებამდე, გააფთრებული დაესხა თავს ქრისტეს, როგორც ესხმოდა მანამდე თავს ძველ წინასწარმეტყველთ, რადგან უბრალო ადამიანი ეგონა.
ეშმაკმა მწიგნობრებსა და მღვდელმთავრებს მაცხოვრის სიკვდილით დაესაჯათ შთააგონა. ის უსამართლოოდ მოკლეს. ქრისტეს კაცობრივი ბუნების მიღმა ისევე იმალებოდა მისი ღვთაებრიობა, როგორც ანკესზე გამობმული ჭიაყელა ფარავს ნემსის კაუჭს, და როდესაც ეშმაკმა მისი სულის გადაყლაპვა მოინდომა და შავეთის უფსკრულში ჩაიყვანა ისევე, როგორც ადრე ჩაჰყავდა მართალთა სულები, ჯოჯოხეთის კარიბჭე ქრისტეს ღვთაებრიობის საკვირველი ელვარებით შეიმუსრა! აი მაშინ წარმოაჩინა იესუმ თავისი ღმრთეება, და ვითარც ძლიერმა ქუხილმა საშინელი სიტყვებით დაიგრგვინა: "მე ვარ ღმერთი ღმერთისგან, გარდამოსული ზეცითგან და განკაცებული. მიმითითეთ ჩემი ცოდვა, რის გამოც მომკალით და ჩემი სული საგეჰენიოდ გასწირეთ!" შეძრწუნებული დემონები გაოგნდნენ, შეშინდნენ, შერცხვნენ და ვერაფერს პასუხობდნენ. ქრისტემ დაამარცხა ისინი თავისი ღვთაებრივი სიდიადით, ჩაამხო ისინი ცეცხლსა და ტარტაროზში, შეჰკრა რკინის საკვრელებით, ადამი კი გაათავისუფლა. აღსდგა რა მკვდრეთით მესამე დღეს, უფალმა ადამთან ერთად ყველა ძველაღთქმისეული მართალიც აღმოიყვანა საპყრობილიდან, შემდეგ კი ხორციელად ამაღლდა ზეცად და სულიწმიდა მოუვლინა თავის მოწაფეებს, რომლებმაც ქრისტეანული ქადაგებით მსოფლიო განანათლეს და ღმრთისშემეცნებას აზიარეს.
ამ დღიდან ცხონდებოდა და ცხონდება დღემდე ყველა ადამიანი, მზის აღმოსავალიდან დასავლამდე. ცხონდებიან მისი სწავლებითა და მადლით, რომელიც მოგვეცა ჩვენი მაცხოვრის განკაცებით, მისი გამოუთქმელი სიბრძნით, რომელმაც ხერხი იხმარა ეშმაკზე და ცარიელზე დატოვა. როგორც მეთევზეები მოარგებენ ხოლმე კაუჭს ჭიაყელას, რათა წყლის სიღრმეში თევზი მიიზიდონ, - ასევე, კაუჭზე წამოცმული სატყუარასავით შეიმოსა ქრისტემ კაცის ხორცი, მიიზიდა ბოროტი და დაამხო მისი მძლავრება კეთილგონივრული სიბრძნით. ამგვარი ხერხით იქნა შეპყრობილი მზაკვარი ეშმაკი, ასე დაიხსნა ქრისტემ კაცობრიობა სატანის მონობისგან.
კარგად ბრძანებს ამის შესახებ წმიდა იოანე ოქროპირი: "თუ ვინმე ტანჯავს და ცემს თავის მევალეთ და საპყრობილეში აგდებს, ხოლო შემდეგ უდანაშაულოსაც ისევე დატანჯავს და ჩაამწყვდევს - განა ეს უსამართლოდ შეპყრობილი და ტანჯული არ გაამართლებს სხვებსაც, რომლებიც სამართლიანად განისაჯნენ?! ან თუკი მძვინვარე მტარვალი განურჩევლად ჰკლავს ყველას, ვინც კი ხელში მოხვდება, და ამგვარი ქმედებით მოჰკლავს მეფის წულსაც - მეფის ძის სიკვდილი განა ყველას სიკვდილს არ გაამტყუნებს?! რას იზამს მეფე? - ადგება და დასჯის მტარვალს, დაარღვევს ციხეს და ყველა ტყვეს გაათავისუფლებს. ასე მოიქცა ქრისტეც: რადგან ის იყო უცოდველი და უდანაშაულოდ მოჰკლეს, თავისი ღვთაებრიობით სძლია ეშმაკს და მით ადამი და მთელი კაცობრიობა გამოისხნა სიკვდილისგან, რომელსაც მანამდე, როგორც შემცოდენი, სამართლიანად ექვემდებარებოდნენ" (Творение святого преподобного Иосифа Волоцкого. Просветитель. Слово четвертое. http://promolenko.narod.ru/literat/prosvetitel.htm#2 ).
აი, მიზეზი, თუ რატომ არ ამბობდა ქრისტე ასე პირდაპირ: "მე ვარ ღმერთი და თაყვანი მეცითო", რადგან ქრისტესთვის არსებობდა არა იმის საჭიროება ღმერთად ეცნოთ იგი და თაყვანი ეცათ მისთვის, არამედ საჭიროება იმისა, გამოეტაცნა კაცი სიკვდილისგან და კვლავ დაებრუნებინა იგი სამოთხეში.
ქრისტეს რომ ეთქვა, "მე ვარ ღმერთი და თაყვანი მეცითო", როგორც უკვე წმიდა მამებმა განგვიმარტეს, ეშმაკი მას გაექცეოდა, ჯვარზე არ გააკრავდა და ადამიანის სიკვდილისა და ეშმაკის მონობისგან დახნის მისია აღუსრულებელი დარჩებოდა. აი რა არ ესმით ისლამისტ მქადაგებლებს.
3. ყალბი განმარტებები
როგორც ეს მატყუარა პოლემისტებსა და ცბიერ სოფისტებსახასიათებთ, ისლამისტი მქადაგებელი თავისი ვითომ ჭეშმარიტების დასტურად წმიდა წერილის მთელ რიგ ადგილებსაც იმოწმებს. მოდი ვნახოთ რამდენად სამართლიანად.
იმის ჩვენებას, რომ ღმერთია მამა და არა ძე, მუსლიმის პოლემისტი ცდილობს წმიდა წერილის შემდეგი ადგილებიდან:
იოანე 14:28. "მამა ჩემზე უმეტესია". იოანე 10:29. "მამაჩემი, ... ყველაზე უმეტესია".
მათე: 12:28. "ღმერთის სულით ვაძევებ ეშმაკთ". ან კიდევ: ლუკა 11:20. "ღმერთის თითით ვაძევებ ეშმაკთ"
იოანე 5:30. "მე არაფერი შემიძლია ჩემდა თავად; ... ვინაიდან ჩემს ნებას კი არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას".
ამრიგად, გამომდინარე ამ ადგილებიდან ისლამისტი მქადაგებელი აქცენტს აკეთბს იმაზე, რომ იესუ თავისით არაფერს იქმს, არამედ ზეციერი მამის ნებას ასრულებს", ხოლო ყოველი ვინც ამბობს, რომ ღმერთის ნებას ასრულებს მუსლიმია, და თუკი იესუ ქრისტე ემორჩილებოდა ღმრთის ნებას, მაშასადამე ისიც მულიმი ყოფილა. ეს ნათლად ჩანსო იოანეს სახარებიდან:
იოანე 14:28. "მამა ჩემზე უმეტესია". იოანე 10:29. "მამაჩემი, ... ყველაზე უმეტესია".
სინამდვილეში ძალზედ მნიშვნელოვანია შევიგნოთ ის, რომ იოანეს 14:28-ე მუხლში იესუ ლაპარაკობს არა თავის მარადიულ, ღვთაებრივ ბუნებაზე და არსე (ადრე ქრისტემ უკვე თქვა: "მე და მამა ერთი ვართ" (იოანე 10:30), არამედ იმ მდგომარეობაზე, რომელიც მან, დაიმდაბლა რა თავი, საკუთარი განკაცების შემდეგ დაიკავა. ათანასეს სარწმუნოების სიმბოლოში ნათქვამია, რომ "ქრისტე თანასწორია მამისა ღვთაებრიობით, და უმცირესია მამისა კაცობრივი ბუნებით".
ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელის განმარტებით სიტყვები "მამა ჩემზე უმეტესია" (იოანე 14:28), - ქრისტემ მოწაფეთა სანუგეშებლად თქვა. ისინი დამწუხრებულნი იყვნენ იმიტომ, რომ ეგონათ ქრისტე მათ ვერ დაიცავდა. ამიტომაც, ამბობს: თუ მე არ შემიძლია, მამას ჩემსას, რომელიც ჩემზე მეტად მიგაჩნიათ, ის დაგიცავთ. ზუსტად ასევე სხვა ადგილასაც ამბობს: "ან იქნებ გგონია, რომ არ შემიძლია შევევედრო მამას ჩემსას, და წარმომიდგენს ანგელოზთა თორმეტ ლეგიონს და უფრო მეტსაც" (მათე 26:53). აქ მაცხოვარი ასე ლაპარაკობს არა იმიტომ, რომ ამის გაკეთება თვითონ არ შეუძლია (რამეთუ, როგორ არ უნდა იყოს ძლიერი ის, ვინაც მხოლოდ სიტყვით, რომელიც მან უთხრა იუდეველთ, მყისიერ უკუაგდო? (იხ. იოანე 18:4-6), არამედ იმიტომ, რომ მასზე ფიქრობდნენ, როგორც ადამიანზე. ასეა აქაც: "მამა ჩემზე უმეტესიაო" თქვა მათი შემეცნების შესაბამისად, რადგან მოწაფეები მას უძლურად, მამას კი ძლიერად და ჭირვებათა ჟამს მათ განმამტკიცებლად მიიჩნევდნენ".
ექვთიმე ზიგაბენის თქმით სიტყვები "მე ვაძლევ მათ საუკუნო სიცოცხლეს; არ წარწყმდებიან უკუნისამდე და ვერავინ მომტაცებს მათ. მამაჩემი, რომელმაც მომცა ისინი, ყველაზე უმეტესია; და მისი ხელიდან ვერავინ წარიტაცებს მათ" (იოანე 10:29) ნიშნავს იმას, რომ "უმეტესია ყველა იმაზე, ვისაც კი ბოროტება აქვს განზრახული ცხოვართა მიმართ. სიტყვები: "რომელმაც მომცა ისინი", აქ კვლავ საღმრთო განგებულების მიზნის განმარტებად ითქვა. "მისი ხელიდან ვერავინ წარიტაცებს მათ". ხოლო ვინმეს რომ არ მოსჩვენებოდა, თითქოსდა ქრისტე, როგორც უძლური, მამის დახმარებას საჭიროებს, მიამატა: "მე და მამა ერთი ვართ" (იოანე 29:30). ცხადია, ეს სიტყვები მუსლიმ ქადაგს არც უხსენებია.
მათე: 12:28. "ღმერთის სულით ვაძევებ ეშმაკთ". ან კიდევ: ლუკა 11:20. "ღმერთის თითით ვაძევებ ეშმაკთ"
ნეტ. იერონიმე სტრიდონელი: "ეს ადგილი ლუკას სახარებასი ასე იკითხება: "ღმერთის თითით ვაძევებ ეშმაკთ" (ლუკა 11:20). ეს ის თითია, რომელსაც აღიარებდნენ გრძნეულები, რომელიც სასწაულთ იქმდა მოსესა და აარონის წინაშე და ამბობდნენ: "უთხრეს გრძნეულებმა ფარაონს: ეს ღვთის თითია!" (გამოსვლა 8:19); ეს ის თითია, რომელმაც ქვის ფილაქნებზე სიტყვები გამოსახა (მეორე სჯლ. 9). ასე, რომ ძე თუ ღმრთის ხელია, ღმრთის თითი სულიწმიდაა, მაგრამ არსება მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა ერთია, და ნურავინ ცთუნდება და იტყვის თითქოსდა არ არის თანასწორობა მათ შორის, მაშინ როდესაც სხეულის ერთობა გასწავლით ამას".
ექვთიმე ზიგაბენი: "ღმერთის სულით ვაძევებ ეშმაკთ" (მათე: 12:28), რადგან მოგიახლოვდათ ღმრთის სასუფეველი. სხვა მახარობლებმა ასეც თქვეს: "ღმერთის თითით ვაძევებ ეშმაკთ" (ლუკა 11:20), ღმრთის თითში აქ სულიწმიდა იგულისხმება.
აჩვენა რა, რომ ის ეშმაკთ აძევებს არა ბელზებელის ძალით, ამასთანავე აჩვენა, რომ მათ ღმრთის სულით აძევებს. ღმრთის სულად აქ ღმრთის ძალი იწოდება; ამიტომაც თქვა ლუკამ: "ღმრთის თითით", ანუ ხელით, ხოლო ღმრთის ხელს ჩვენ მის ძლიერებას ვუწოდებთ. თუკი, ამბობს, მე ვაძევებ ეშმაკთ ღმრთის ძალით, არა როგორც ჩვეულებრივი კაცი, არამედ ძე ღმრთისა, მაშინ, რა თქმა უნდა, მოახლოვებულა ღმრთის სასუფეველი (აქ გულისხმობდა თავის სასუფეველს, რომელიც, ძველ წინასწარმეტყველთა თქმით, უნდა მოსულიყო ქრისტეს მიერ), რადგან მხოლოდ ღმერთს ძალუძს ეშმაკთა გაძევება ღმრთის ძალით.
იოანე 5:30. "მე არაფერი შემიძლია ჩემდა თავად; ... ვინაიდან ჩემს ნებას კი არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას".
ნეტ. თეოფილაქტე: "მე არაფერი შემიძლია ჩემდა თავად; როგორც მესმის, ისევე განვსჯი, და ჩემი განსჯა არის მართალი, ვინაიდან ჩემს ნებას კი არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას" (იოანე 5:30). ეს სიტყვები, "მე არაფერი შემიძლია ჩემდა თავად" და მათი მსგავსნი, როგორც უკვე ითქვა, მიუთითებენ ძის თანასწორობას მამასთან. მე ახალს და მამისგან უცხოს არაფერს ვქმნი; რადგან მე მამისგან განსხვავებული არც ნება მაქვს და არც ძალა; "როგორც მესმის" მამისგან, "ისევე განვსჯი", ანუ როგორც მამა განსჯის, ისევე განვსჯი მე".
ექვთიმე ზიგაბენი: "მე არაფერი შემიძლია ჩემდა თავად; როგორც მესმის, ისევე განვსჯი". როგორც ზემოთ თქვა იესუ ქრისტემ: "ძეს არაფერი ხელეწიფება თავისთავად, თუ არ იხილავს მამის საქმეს, ვინაიდან რასაც მამა იქმს, ძეც იმასვე იქმს" (იოანე 5:19), ასევე აქაც ამბობს: "მე არაფერი შემიძლია ჩემდა თავად, როგორც მესმის, ისევე განვსჯი", ანუ ჩემდა თავად კი არ განვსჯი, არამედ როგორც მესმის მამისგან, ან როგორც მამა. ეს ადგილიც ძისა და მამის სრულ თანასწორობაზე მიანიშნებს. სიტყვა "მესმის" ისე უნდა გავიგოთ, როგორც ზემოთ "ვხედავ" ("ძეს არაფერი ხელეწიფება თავისთავად, თუ არ იხილავს მამის საქმეს"): ამგვარი განსჯა გამოყენებულია ბრძნული მიზნით და უნდა გავიგოთ ღმრთივსაკადრისად, რადგან ღმერთი, რომელსაც არაფერი სჭირდება, არც ვინმეს მოსმენა სჭირდება.
იოანე 14:24. იესუ ქრისტემ თქვა: "სიტყვა, რომელსაც ისმენთ, ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი მომავლინებელი მამისა".
წმ. იოანე ოქროპირი: "მაშასადამე, ვინც არ ისმენს ამ სიტყვებს, მას არა მარტო მე არ ვუყვარვარ, არამედ მამაც. სიყვარულის მტკიცებულება თუ მცნებათადმი მორჩილებაა, ხოლო მცნებები მამისგან არიან, ცხადია, ვინც მათ ემორჩილება, მას უკვე უყვარს არა მარტო ძე, არამედ მამაც. მაგრამ, როგორ არის სიტყვა შენი და ამავე დროს შენი არ არის? ეს ნიშნავს, რომ მე არაფერს ვლაპარაკობ მამის გარეშე და არც რაიმეს ვამბობს ჩემსას მისი ნებისგან განსხვავებულს".
ექვთიმე ზიგაბენი: "იესუ აქ აჩვენებს, რომ ვინც არ ასრულებს მის სიტყვებს, მას არც ქრისტე უყვარს და არც მამა ღმერთი. მას არ უთქვამს: "ვისაც მე არ ვუყვარვარ ჩემს სიტყვებს არ ასრულებსო", -არამედ სიტყვები რომელსაც ისმენთ მე კი არ მეკუთვნის, არამედ ჩემს წარმომგზავნელ მამას; მაშასადამე ვინც არ ასრულებს მამა ღმერთის სიტყვებს, მას იგი არც უყვარს, რადგან სიყვარულის მტკიცებულებას მცნებათა აღსრულება წარმოადგენს".
4. რას ნიშნავს "იესუ ნაზარეველი იყო კაცი..."?
ქრისტეს ღვთაებრიობის უარსაყოფად მუსლიმი პოლემისტი ეყრდნობა ახალი აღთქმის მთელ რიგ ადგილებს და ირწმუნება თითქოსდა ეს ნათქვამი მიყოს მოციქულთა საქმეებში (საქმე 2:22), სადაც წერია: "... იესუ ნაზარეველი იყო კაცი... რომლის ღვთაებრივი ძალა დამტკიცებულ იქნა ყველა ძალითა და ნიშებით, რომელიც აღასრულა ღმერთმა თქვენს შორის".
"ამრიგადო, - ირწმუნება მუსლიმი პოლემისტი, - იესუ ქრისტე ადამიანია, წარმოგზავნილი ღმრთის მოწმედ თქვენს შორის, რომელიც მოწმობს მამაზე ნიშებითა და სასწაულებით, რომელიც ღმერთმა აღასრულა მის მიერ.
მაგრამ, რას გულისხმობს სიტყვები: "... იესუ ნაზარეველი იყო კაცი... რომლის ღვთაებრივი ძალა დამტკიცებულ იქნა ყველა ძალითა და ნიშებით, რომელიც აღასრულა ღმერთმა თქვენს შორის"? ვნახოთ მოციქულთა საქმეების ხსენებული ადგილი თავიდნა ბოლომდე: "კაცნო ისრაელტნო, ისმინეთ ეს სიტყვები: იესო ნაზორეველი, კაცი თქვენდამი მოვლინებული ღვთისაგან ძალით, ნიშებით და სასწაულებით, მის მიერ რომ მოახდინა ღმერთმა თქვენს შორის, როგორც თვითონვე უწყით" (ძვ. ქართ.: "კაცნო ისრაიტელნო, ისმინენით სიტყუანი ესე: იესუ ნაზარეველი, კაცი განჩინებული ღმრთისა მიერ თქუენდა მიმართ, ძალითა და ნიშებითა და სასწაულებითა, რომელნი-იგი ქმნნა ღმერთმან მის მიერ შორის თქუენსა, ვითარცა-იგი თქუენცა უწყით") (საქმე. 2:22).
რას ნიშნავს ეს სიტყვები? - ნეტ. თეოფილაქტეს განმარტებით: "როგორც იმ შემთხვევებში, როდესაც ქრისტე იწოდება ღმრთის ძალად და ღმრთის სიბრძნედ, ამ სახელწოდებებს განვაკუთვნებთ მის ღვთაებრივ ბუნებას; იმ შემთხვევებში, როდესაც ის იწოდება კაცად, რომელიც მოკვდა ჩვენი ცოდვებისთვის, ამ სახელწოდებას განვაკუთვნებთ მის კაცობრივ ბუნებას. და თვითონაც ამბობდა: "მოსაკლავად კი მეძებთ" (იოანე 8:37), რომელიც გეუბნებოდათ ჭეშმარიტებას (იოანე 18:4, 7, 37); და კიდევ ამბობდა: "მე და მამა ერთი ვართ" (იოანე 10:30). აქედან გამომდინარე, პირველ ტექსტთან დაკავშირებით აღმოცენდა სამოსატელთა მწვალებლობა, რომლებიც ამბობდნენ, რომ იესუ ქრისტე უბრალო ადამიანია, ოღონდ რომელსაც გააჩნია ნიშთა და სასწაულთმოქმედებათა ძალა", და ამავე აზრს იმეორებენ მუსლიმებიც.
გადადის რა ქადაგებაზე იესუს შესახებ, მოციქული, წმ. იოანე ოქროპირის თქმით, - "არაფერს ამბობს ამაღლებულს, არამედ სიტყვას უკიდურესი თავმდაბლობით იწყებს... ბრძნული სიფრთხილით, რათა არ დაამძიმოს ურწმუნოთა სმენა".
"იესუ ნაზორეველი, კაცი თქვენდამი მოვლინებული ღვთისაგან", ანუ მის მესიანურ ღირსებასა და მისიაში.
"ძალით, ნიშებით და სასწაულებით, მის მიერ რომ მოახდინა ღმერთმა თქვენს შორის..." არ ამბობს: "თვითონ ქმნაო", არამედ "ღმერთმა მის მიერ", იმისთვის, რათა მოკრძალებით უკეთ მიეზიდა მათი სმენა..."
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев