ჩემი ცხოვრება - შავ-თეთრი კლავიშები,
ბოლო პერიოდი – მძაფრი მელოდრამა,
მძიმედ დავდივარ და კვალი არ იშლება,
ბევრი გამომყვება ალბათ მე, რომ გავალ...
ღმერთო, უშენობა არის არაფერი,
ყელში ამოვიდა მცდარი შენიშვნები,
ისევ შორს თუ წავალ გთხოვ, რომ დამიფარო,
გთხოვ რომ დამიფარო, თორემ შევიშლები.
გავხდი ამ ბოლო დროს ცოტა მიამიტი,
ბრძოლა მოვიგე და მაინც არ მგონია
დიდი გამარჯვებით რამე მომემატა.
დედის ლოცვასავით დამსდევს აგონია.
(გუშინ საღამოთიც გვიან დამეძინა,
როცა ცაზე მთვარე “თოკზე ეკიდება.”)
ვფიქრობ, პოეზია უფლის ანდერძია,
მე კი ერთადერთი “ტახტის მემკვიდრე ვარ.”
საუკუნეების ასაკს დავეტოლე
“ერთი ოქტომბერიც მგონი ზედმეტია.”
კითხვა მაწუხებს და მარტოს აღარ მტოვებს.
ვითომ ჯვარცმა არის მართლა ტრაგედია?!
თუ ჯვარზე, რომ თავად ღმერთი დაეტია?!
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев