თავი 3
ვერხვს უყვარს ყვავილები, იმის ჩრდილის ქვეშ, მის ახლომახლო რომ იშლებიან და იზრდებიან. ხოლო ვერხვისთვის ეს იყო გულსაკლავი, რომ დიდი ხნის სიცოცხლე არც ამ საბრალოთა ჰქონდათ. თუმცა ვერხვი მუდამ იმათა ჰლოცავდა, დაჰბუტბუტებდა თავზე: „დაიზარდენით, დაიზარდენით, პატარებო, გაიხარეთ; ღმერთმა ნუ შემასწროს იმ დღეს, თქვენი მარცხი და ზიანი ვნახოვო!“ მაინც ამაო იყო მისი ლოცვა: მაისში აყვავდებოდენ და თიბათვის ორ კვირამდე ძლივძლივობით სძლებდენ, რადგან მოაწვებოდა ბარიდან საქონელი – ცხვარი, ძროხა და ორ დღეზე გადათელავდენ ვერხვის მიდამოსა. ყველასაც უყვარდა ვერხვი, რადგან მოსახედ ადგილას იდგა და იმის მეტი ხე იქ არ მოიპოვებოდა, ამიტომ მწყემსები თავის სამწყემსოთი მის ჩრდილოს ქვეშ ისვენებდენ. ამის გამო ვერ ასწრებდა ვერხვი შეესწავლებინა ყვავილებისთვის თავისი ენა და ესაუბრა მათთან. თუმცა თითონ ესმოდა მათი საუბარი და ეს ადვილი დასასწავლი იყო. ყველანი მუდამჟამს სიცოცხლეზე საუბრობდენ, მზესა და დედამიწას ჰლოცავდენ და ღმერთს ევედრებოდენ: „ღმერთო, ნუ მოგვიღებ მალე ბოლოს, დიდხანს გვაცოცხლეო!“ „ახ, რა უქმად, უმნიშვნელოდ მიდის ჩემი სიცოცხლე! – ამბობდა ხშირად ვერხვი, – ისე გავჩნდი და გავიზარდე, ერთი წამი ვერ გავიხარე, ვერავის რა ვარგე. ეს ფრინველები რაღას მერიდებიან, იმათ რაღა დავუშავე?! ერთს მაინც ჩემს ტოტზე გაეკეთებინა ბუდე და ბარტყები გამოეჩეკა“.
შესტრფოდა არწივს, როცა იგი მედიდურად დაჰბრუნავდა თავზე; ვერხვის სიხარულს ხომ საზღვარი არა ჰქონდა, თუ არწივი ჩამოეშვებოდა და მის კენწეროზე დაისვენებდა, მაშინ ვერხვის გულში თავმოყვარეობა იღვიძებდა და სიამაყე დაეტყობოდა: „უთუოდ ვყოფილვარ რამე, რომ თვით არწივი, მეფე ფრინველთა, მკადრულობს და ჩემ ტოტებზე ისვენებსო“. მაგრამ ეს არწივის სტუმრობა იშვიათად ხდებოდა. ძალიან უნდოდა, ეწადა საბრალოს, რომ არწივს მასზე გაეკეთებინა ბუდე და მისი მართვების წიწინი გაეგონა, მაგრამ არ მოხერხდებოდა. რა გააბრიყვებდა ისე არწივს, რომ კაცისა და საქონლის ფეხში ბინა დაედგა, თავისი ბუდე, შვილები ქვეყნის საჯიჯგნავად გაეხადნა?!
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев