სიცარიელე გაგაყოლეს მეგზურად ცივი,
გსურს მოიგლიჯო სხეულიდან დრო თავგასული
და მოიხვიო იარებზე მზის თბილი სხივი...
თითქოს სხვის ბედთან შეგაჭიდეს,გზა იყო ბნელი,
მუდამ შორიდან ჩაგესმოდა ნატრული სუნთქვა,
დღეები იდგა უჩვეულოდ ტკივილის მგვრელი,
იყო წყვდიადი და არავინ არ იყო სულთან...
გაცლიდა ქარი,უმოწყალოდ გაცლიდა იმედს,
გადაღლილ მზესაც მოეწყინა შენი ფერება,
ეძებდი ყველგან საიმედო,უბრალო სიტყვებს,
მაგრამ ზამთარმა დარდით გული შავად შეღება...
ჩამოეშალა იანვრის მზეს სუსტი სხივები
და თებერვალსაც მოთმინების ძაფი გაუწყდა,
გამოგედევნა აბეზარი,ძველი ფიქრები,
დაღლილ ოცნებას ცის კიდეზე ფეხი დაუცდა...
ახლა შორიდან დაკარგულის ნაბიჯების ითვლი
და დღეს რატომღაც აგიტანა ეულის შიშმა,
ქარს წაუღია სიყვარულის ლამაზი ფიცი,
გამწყდარა ყელთან ვერ ნათქვამი გამშრალი სიტყვა...
შენ მას უხმობდი,გული მუდამ პასუხს ელოდა,
გაგიჩნდა მერე ხმაში ბზარი- ტკივილის,დარდის...
ცხოვრება ქარში გაფანტული გენანებოდა,
ცხოვრება ასე მარტოხელა ქმრიანი ქალის...
შენ-ემიგრანტი გაციებულ სასთუმალს უვლი,
ო,ღმერთო ჩემო,მოთმინება როგორ გაწელეს,
გზები აგებნა,გებრალება დაღლილი სული,
შენ-ემიგრანტი-ბედის წიგნში ასე ჩაგწერეს...
გარიჟრაჟამდე დარჩენილა არც ისე ბევრი
და შენ კი ისევ მოგონებებს ფიქრებში ათბობ,
ლამაზო ქალო,მერამდენე გაზაფხულს ელი?!
დაღლილო გულო,მერამდენე ზამთარი გათოვს?!
რას ისურვებდი,რომ დაბრუნდე ბავშვობის წლებში?
იოცნებდი სიყვარულზე,მზით გამთბარ სულზე?
ახლა შორიდან დაგლოცავენ სასმისით ხელში,
შენ კი ტკივილი დაგაწვება ლოდივით გულზე...
ლამაზო ქალო,დაგფენია დარდად წარსული,
სიცარიელე დაგრჩა რადგან შენ-სულით ობოლს,
ფიქრად დაგყვება დაკარგული დრო- გარდასული,
დაღლილი გულით მარტოობას აირჩევ ბოლოს...
შენ-ემიგრანტი მოცილებულ სარეცელს უვლი,
ასე შორიდან შემოგადნა სხეულზე წლები,
კი არ ცივდება,კვდება ზოგჯერ დაღლილი გული,
მერე ნელ-ნელა ცარიელი გრძნობებით რჩები...
თეონა კიკვაძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев