როგორ მოვიქცეთ, რომ ზამთარში სურდომ და გრიპმა არ შეგვაწუხოს და იმუნიტეტიც გავიძლიეროთ? საამისოდ ბევრი იყენებს ნაძვის მტვერსა და გირჩის მურაბას.
ამ ზაფხულს ბავშვთან ერთად ბორჯომს ვსტუმრობდი, იქამდე ბაკურიანშიც გახლდით. ჩემი ყურადღება ლამის ყოველ ნაბიჯზე დახლებზე განლაგებულმა ნაძვის მტვერმა და გირჩის მურაბებმა მიიქცია, რომელსაც მყიდველი არ ელეოდა. ადრეც მსმენია, რომ ნაძვის მტვერი გაცივებისთვის, ბრონქიტისა და სასუნთქი გზებისთვის უებარი საშუალებაა. ასჯერ გაგონილს ბუნებრივი "მედიკამენტების" გამოცდა ვამჯობინე და ნაძვის მტვერი და რამდენიმე ქილა გირჩის მურაბა შევიძინე. შედეგზე მოგვიანებით, მანამდე კი, ვფიქრობ, ურიგო არ იქნება, თქვენც გიამბოთ მათი სასარგებლო თვისებებისა და გამოყენების შესახებ.
ფიჭვის მტვერი ბუნების ერთ-ერთი ნობათთაგანია. იგი გამოიყოფა ფიჭვის გირჩის ყვავილობისას. ხეებს უჩნდებათ მცირე კვირტოვანი წამონაზარდები, რომლებიც მომწიფების შემდეგ იწყებენ დამტვერვას და განაყოფიერებას. ეს მტვერი ოდითგანვე გამოიყენება სხვადასხვა მიზნით, განსაკუთრებით სამკურნალოდ.
წიწვოვანი მცენარეების ყვავილობის პერიოდი განსხვავებულია და ეს მხოლოდ ვიზუალურად ჩანს, გაზაფხულზე რამდენიმე დღე გრძელდება. სწორედ ამ დროს წიწვოვან ტყეში სიარული განსაკუთრებით სასარგებლოა ორგანიზმისათვის. დანარჩენ პერიოდში ხდება მტვრის შეგროვება შემდგომი გამოყენების მიზნით. მტვრის მოგროვება არ შეიძლება ეკოლოგიურად დაბინძურებულ ან დასახლებულ პუნქტებთან ახლომდებარე ტყეებში, უმჯობესია მთიან ადგილებში, სადაც მტვერი მეტად სუფთა და შესაბამისად, მარგებელიცაა.
რაც შეეხება წიწვოვან მცენარეთა მტვერს, მას მართლაც გააჩნია იმუნიტეტის გამაძლიერებელი თვისებები, რის მისაღწევადაც აუცილებელია, პატარამ იგი ისუნთქოს, რისი თქმაც ცალსახად არ შეიძლება გირჩის მურაბაზე. გარდა ამისა, აღნიშნული მტვრის მიცემა შეგიძლიათ როგორც თაფლთან, ისე რძესთან ერთად, ოღონდ დიდი სიფრთხილით, რადგანაც მას ალერგიული რეაქციების გამოწვევა შეუძლია.
ფიჭვის მტვერი ძირითადად გამოიყენება ბრონქიტის, ფილტვების ანთებისას, ასთმური დაავადებებისას. აღადგენს სისხლის თხელ კაპილარებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და იცავს შედედებისგან, თრომბისგან და ა.შ. აჯანსაღებს გულს, შველის ჰაერის უკმარისობას, ცხიმოვან დაავადებებსა და არტერიულ წნევებს, გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნით, განსაკუთრებით კარგად მოქმედებს ახალ ნაოპერაციევ ორგანიზმზე გამაგრების მიზნით. ანადგურებს ტუბერკულოზის ჩხირებს, სხვადასხვა ბაქტერიას და ხელს უშლის კიბოს განვითარებას.
ცნობისათვის, დამტვერვა (როცა წიწვოვანი ხეებიდან მტვერი ცვივა) წელიწადში ორჯერ - გაზაფხულსა და შემოდგომაზე იწყება და რამდენიმე კვირა გრძელდება. ამ დროს ყოველთვის ვცდილობ, ბავშვთან ერთად წიწვნარს ვესტუმრო. თუმცა, ვისაც ამაზე ხელი არ მიუწვდება, შეუძლიათ ნაძვის მტვერი შეიძინონ და სხვადასხვა სახით მიიღონ - ზამთარსა და გაზაფხულზე ვიტამინების სიმცირისას კარგი საშუალებაა იმუნიტეტის აღსადგენად. კურსი შეიძლება იყოს 1-თვიანი (კურსებს შორის ინტერვალი 2 კვირა უნდა იყოს). თუ თაფლის მიმართ ალერგიული ხართ, მტვერი შეგიძლიათ კარგად გახსნათ რძეში და ისე მიიღოთ (1 ჩ.კ. მტვერი 500 გ რძეში - 2-3 მიღებაზე).
მტვრის მოხმარებამდე აუცილებლად დარწმუნდით, რომ მის მიმართ ალერგიული არ ხარ
- ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნაძვის მტვრის სწორად შეგროვებას. როცა დამტვერვა იწყება, . გზის პირას მდებარე წიწვოვანის მტვრის გამოყენება დაუშვებელია, რადგან გამონაბოლქვითა და სხვა მავნე ფაქტორების გავლენით არის გაჯერებული და უარყოფით თვისებებს იძენს. შერჩეული ხის ძირში სუფთა პარკს ვშლი და როგორც კი ნიავი დაუბერავს, ტოტებიდან ყვითელი შეფერილობის მტვერი ცვივა. ეს პროცესი რამდენიმე დღე გრძელდება. შეგროვილი მტვერი შინ მიმაქვს, სუფთა მიტკალზე ვშლი და მშრალ ადგილას ვინახავ, რომ ნესტი არ მიეკაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი მტვერი გამოსაყენებლად უვარგისია. რამდენიმე დღის შემდეგ, მტვერს სხვადასხვა მოცულობის ქილებში ვათავსებ.
- როგორ უნდა გამოვიყენოთ?
- უებარი საშუალებაა სასუნთქი გზებისთვის, ბრონქიტისთვის, იმუნიტეტის გასაძლიერებლად. თავდახურულ ჭურჭელში მტვერი დიდხანს ძლებს, არ ფუჭდება. მისი გამოყენების ორი ხერხი არსებობს _ თაფლში ან რძეში აზავებენ და დღის განმავლობაში მცირე ულუფებად იღებენ. ვინც თაფლის მიმართ ალერგიულია, მან სასურველია რძეში გააზავოს და ისე მიიღოს. ორივე შემთხვევაში დოზა ზედმიწევნით უნდა დავიცვათ. ნახევარლიტრიან ქილაში ჩავასხათ თაფლი და ერთი სუფრის კოვზი ნაძვის მტვერი კარგად ავურიოთ, რომ თანაბრად განაწილდეს. სასურველია, მიღება ზაფხულის ბოლოს დავიწყოთ, რომ შემოდგომას მომზადებული შევხვდეთ. დღეში 3 ჩაის კოვზი ჭამამდე 15-20 წუთით ადრე მივიღოთ. ბავშვებს ნელ-ნელა უნდა შეაჩვიოთ და დღეში 1 ჩაის კოვზი მისცეთ, რამდენიმე დღის მერე დოზა გაზარდოთ და - ორჯერ დღეში, ასე გაზარდოთ სამ კოვზამდე.
- გირჩის მურაბაც კარგია გაცივების დროს, იმუნიტეტის ასამაღლებლად. გირჩა ნედლი უნდა მოიკრიფოს, ამას ცოდნა სჭირდება, რადგან ერთი დღითაც თუ დააგვიანებთ, ის უკვე არ გამოდგება. მაისის მიწურულიდან ივნისის 10 რიცხვამდე უნდა დაიკრიფოს, შემდეგ სპეციალური წესით ვამზადებთ. ..
გირჩის მურაბა
საჭიროა: 1 კგ გირჩა, 1,5 კგ შაქარი და 1 ლ წყალი. გირჩები უნდა შეაგროვოთ მაის-ივნისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. გირჩა რბილი უნდა იყოს. დაახლოებით 1-3 სმ სიგრძის. გირჩები კარგად გარეცხეთ გამდინარე წყალში. შემდეგ დაასხით წყალი და შემოდგით ცეცხლზე. დაუმატეთ შაქარი, მოურიეთ, წამოადუღეთ და ხარშეთ 15-20 წთ მაღალ ცეცხლზე. შემდეგ გადმოდგით და ბოლომდე გააცივეთ. გაცივებული მურაბა დააბრუნეთ ცეცხლზე და ხელახლა წამოადუღეთ. ხარშეთ 30 წუთი. სიროფი თანდათან ფერს შეიცვლის და გამჭვირვალე კარამელისფერი გახდება. მურაბა კვლავ გადმოდგით და გააცივეთ. შემდეგ დააბრუნეთ ცეცხლზე და ხელახლა წამოადუღეთ. ხარშეთ სანამ სიროფი არ გასქელდება. შემდეგ დააწვეთეთ თეფშზე და დაელოდეთ რამდენიმე წუთი, თუ ბლანტია და ადვილად არ იღვრება, ე.ი. მზადაა. გადაიტანეთ ცხელი მურაბა ქილებში და დააფარეთ თავსახური.
გირჩის მურაბა შეგიძლიათ მიიღოთ გაცივების, სურდოს, ბრონქიალური ასთმის, სპაზმური ხველის დროს. შეიძლება ბავშვებისთვისაც, 1-2 ჩაის კოვზი დილაობით, უზმოზე, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев