ზღვაა მშვიდი,ისე მშვიდი...შუბლს უკოცნის თოლიებს,
ცამაც თაღზე გადმოფინა მზის ნაქარგი ფარდები,
იაზონის დილის ფიქრებს ქარი აიყოლიებს,
და შორეულ სამოთხის გზას გაჰყვნენ არგონავტები.
ძველ ელადას სისხლი უდუღს,ცეცხლს იტაცებს პრომეთე,
აქ სიცოცხლე მოფრენილი მერცხლებივით ჟივჟივებს,
აიეტო,შენს სამეფოს ღრუბლის ქულად მოედვნენ,
დღეს არ იცი...ხვალ უთუოდ შენი გული იტირებს.
კოლხი ქალის სილამაზე თვალს უბნელებს ელინებს,
საქართველოვ,სულ გტაცებდნენ...ესეც ჩვენი ბედია,
ვერძის ტყავიც დღეს იაზონს სიკვდილს გააბედინებს,
არ იჩქარო,უცხო მიწა მზეს წაგართმევს მედეა.
მაგრამ მაინც...საამურე მკერდს იღეღავს ქალწული,
ქართველია,სად აქვს შიში სიყვარულის ისრების,
გულს დასეტყვავს, უცხო ყრმაი ,აიეტის ასულის,
მაგრამ ვაი,უცხო მიწა არვის ხვდება დიდებით.
...და მას მერე არგოს ნაპირს ცრემლის წვიმა აწვიმებს,
მზე გაქრა და გგონიათ რომ ეს მზის სითავხედეა,
უცხო მხარე ვერ აგიფრენს ქართული ცის არწივებს,
ფესვებს მოწყდი და დაკარგე სიხარული მედეა.
არა,ვინ თქვა,ადვილია უცხო მიწის ხიზნობა,
იქ მამულის სადიდებლად რამ დალიოს სათქმელი,
მარიამის წილხვედრ მიწას ცვარი დადის მირონად,
მხოლოდ ქართულ ცისქვეშეთში თუ ქართველობს ქართველი.
შორენა ზაქრაძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев