---------------
როდესაც უფალი უკანასკნელად შედიოდა იერუსალიმში, ხალხი მის შესახვედრად გამოვიდა, მრავალი თვალი გაოცებით უცქერდა, მრავალი ბაგე იტყოდა: „ოსანა ძესა დავითისსა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა“ (მათე, 21, 9; იოანე 12,12). ამის გამგონე ფარისეველნი შურისაგან გაფითრდნენ და მოსთხოვეს, რომ ხალხისათვის მისალმება დაეშალა. ახლა, ამ მოვლენიდან ცხრამეტი ასწლეულის შემდეგ, თქვენ კითხულობთ, თუ რა ქვებია ეს და როგორ შეუძლია ქვას ღაღადი.
--
განა არ წაგიკითხავთ, თუ როგორ დადუმდნენ ხუთი დღის შემდგომ ებრაელები, ხოლო ქვები ალაპარაკდნენ იმის შესახებ, რომ ქრისტე - ძეა უფლისა? დიდ პარასკევს, როდესაც იგი ჯვარზე აღესრულა, მიწა იძრა და ქვები გაიპნენ. ეს - ქვათა ენაა, ქვათა გოდება. განა შესაძლებელია, არსებობდეს მოწმობა უფრო უტყუარი კურთხეულ მეფეზე, რომელიც ჩამოვიდა ხალხთან და რომელიც უგუნურებმა უარყვეს და მოაკვდინეს?
-=
სხვა ქვები: როცა ებრაელნი დადუმდნენ, წარმართებმა შესძახეს „ოსანას!“ ებრაელები წარმართებს, როგორც მკვდარ ქვებს ისე უყურებდნენ. სულიერი გაგებით ისინი ჭეშმარიტად ქვები იყვნენ, არაფერი რომ არ უწყიან ერთიანი, ცოცხალი ღმერთის შესახებ - კერპთაყვანისმცემლები. ებრაელები დადუმდნენ უფლის ძის შესახებ, მოციქულები კი მთელს ქვეყნიერებაზე გაიშალნენ წარმართთა მოსანათლად. ეს ხალხები გახდნენ სწორედ გაცოცხლებული ქვები, პეტრე მოციქულის სიტყვებით, „და თქუენცა, ვითარცა, ლოდნი ცხოველბი აღეშენებოდეთ სახლად სულიერად“ (1 პეტრ. 2, 5). ცოცხალ ქვათა მსგავსად, წარმართებმა იწყეს უფლის დიდება, ვიდრე ებრაელები სდუმდნენ და მათ ქვებს უშენდნენ.
--
არსებობენ კიდევ ქვები: როცა ებრაელების ბაგეები დადუმდა, სოლომონის ტაძრის ქვებმა იწყეს ღაღადი და დღემდე ღაღადებენ. რადგანაც ასრულდა ამ ტაძართან დაკავშირებული წინასწარმეტყველება: და ქვა ქვაზე აღარ დარჩა (იხ. მათე 24,1-2). ისრაელის დიდება და სიამაყე - სოლომონის ტაძარი დღეს აღარ არსებობს. მხოლოდ კედელთა ნაშთიღაა შემორჩენილი, ზუსტად იმდენი, რომ მომლოცველებმა და ისრაელის შვილებმა ყოველ შაბათს შესძლონ და შუბლი ახალონ, „გოდების კედელს“ - ქვითინითა და ტირილით. ამ ქვათა ნაშთი თავისი დუმილით წაგებულ ბრძოლაზე გვაუწყებს.
--
და კიდევ არსებობენ ქვები: ებრაელები დიდი ხანია სდუმან ქრისტეს შესახებ. არ შეჰხარიან მას, არ ადიდებენ, არ აღმოხდებათ: „ოსანა!“ ამიტომ, შეურაცხყოფილმა ღმერთმა შეიძულა მათი ერთადერთი ტაძარი და მათი მსხვერპლი. ინება აოხრება მისი. მაგრამ ასეულობით ათასი ქვის ტაძარი აიგო მთელს ქვეყანაზე ქრისტეს სადიდებლად. ეს ქვანი ადასტურებენ და ღაღადებენ იმის შესახებ, რის შესახებაც ებრაელები სდუმან.
--
არსებობენ სხვა ქვებიც: ისინი დანიშნულ დრომდე არ იღაღადებენ, მაგრამ აღაღადდებიან ჟამთა დასასრულს, უფლის მეორედ მოსვლის წინ. წინასწარმეტყველმა განჭვრიტა სამყაროს დასასრული „მზე დაბნელდეს, და მთოვარემან არა გამოსცეს ნათელი თჳსი, და ვარსკულავნი დამოცჳვენ ზეცით, და ძალნი ცათანი შეიძრნენ“ (მათ. 24,29). თავიანთ ენაზე, ისე, როგორც შეუძლიათ, ეს ცეცხლოვანი ქვები აღაღადდებიან დანიშნულ საათს... იმ საათს, როდესაც გამოჩნდება მრავალი ცრუწინასწარმეტყველი, გამრავლდება უკანონობა და გაცვდება უფლისადმი სიყვარული. ერთი სიტყვით, მაშინ როცა ქრისტიანები ებრაელთა მსგავსად დადუმდებიან. მაშინ ზეციურნი სხეულნი, ეს ცეცხლოვანი ქვანი უფლისა იღაღადებენ თავიანთ ენაზე, ისე, როგორც იციან. და ამცნობენ მსაჯულის მოსვლას, ისევე, როგორც ოდესღაც აღმოსავლეთის ვარსკვლავმა ამცნო ქვეყნიერებას მხსნელის დაბადება.
მშვიდობა თქვენ და ჯანმრთელობა უფლისგან.
----------------
ძმებ რადისლავსა და მილოსლავს - „მისიონერული წერილები“ (წერილი 53), თბილისი, 2005 წ.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев