ბოლო დღეებში, საპატრიარქოს მიერ გავრცელებული რამდენიმე განცხადებების შესაფასებლად, ტაბულა თეოლოგ ბასილ კობახიძეს დაუკავშირდა. კობახიძე პატრიარქის მდივნის, მიქაელ ბოტკოველის განცხადებას ორგანიზაცია ”იდენტობას” საქველმოქმედო წამოწყებასთან დაკავშირებით ”უხეშ და ველურ” გამოვლინებას უწოდებს.
”უპირველეს ყოვლისა მინდა შევეხო, კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის, მიქაელ ბოტკოველის განცხადებას. ეს არის საპატრიარქოსთვის დამახასიათებელი, უხეში და ველური გამოვლინება იმისა, რომ მას სურს სრული დომინირება ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე და მისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტულ სფეროზე ქველმოქმედებაზე. ოღონდ თავად საპატრიარქო არავითარ ქველმოქმედებას არ ეწევა, ის უბრალოდ ლაპარაკობს საკუთარ ქველმოქმედებაზე და ალაპარაკებს მასთან დაახლოებულ ცნობად სახეებს, რომ აი როგორი ხელგაშლილი და კეთილი საპატრიარქო გვყავს. ყველას კარგად ახსოვს საპატრიარქოს განცხადება, აჭარაში შიმშილით გარდაცვლილი პატარა ბავშვის შესახებ, როდესაც მათ თქვეს, რომ ეს ბავშვი მუსლიმი იყო. საპატრიარქო აგრეთვე იყენებს კოზირად ჩვენს საზოგადოებაში ფესვგადგმულ ჰომოფობიას და ამით ცდილობს ორგანიზაცია ”იდენტობის” ინიციატივის დასამარებას, მიუხედავად იმისა, რომ ამ ორგანიზაციაში მუშაობენ, როგორც სექს უმცირესობათა წარმომადგენლები ისე ჰეტეროსექსუალები.
ძალიან დამახასიათებელია ჩვენი ეკლესიის სულისკვეთებისთვის, დეკანოზ ბოტკოველის ფრაზა "ჩვენ არც ერთ ადამიანს არ დავზოგავთ" - მართლაც ჩვენს ეკლესიას არასდროს დაუზოგავს არც ერთი ადამიანი. საპატრიარქოს მხრიდან ეს პირველი მცდელობა არ არის, რომ ჰომოფობიის ტალღა ააგოროს მრევლში, საზოგადოებაში და შემდეგ ეს ძალა მიმართოს მისთვის არასასურველი ადამიანებისა თუ ორგანიზაციებისკენ, რისი მაგალითიც არის დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის განცხადება.” - აცხადებს ტაბულასთან საუბარში კობახიძე.
კობახიძე საქართველოს საპატრიარქოს მეორე განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ არქიმანდრით ბართლომე ფირცხალაიშვილს მოქმედი პრეზიდენტის დაწყევლის გამო ეპიტემია დაედო.
”საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება არქიმანდრიტ ბარტლომე ფირცხალაიშვილთან დაკავშირებით, რომელმაც დაწყევლა პრეზიდენტი სააკაშვილი. ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი განცხადება, მართლმადიდებლურ ქრისტიანული თეოლოგიისა და უბრალოდ საღი აზრის პოზიციებიდან. ფაქტობრივად ამ განცხადებით საპატრიარქომ უფრო მეტად დაწყევლა მიხეილ სააკაშვილი, ვიდრე არქიმანდრიტმა ბართლომემ. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ეკლესიის სწავლებით ადამიანის დაწყევლა არ ხდება, გინდათ იყოს ეს პრეზიდენტი, რიგით მოქალაქე ან საპატრიარქოსთვის "საყვარელი" რომელიმე უმცირესობის წარმომადგენელი.
საპატრიარქო ერთი მხრივ აღიარებს, რომ არქიმანდრიტმა ბართლომემ მცირე გადაცდომა ჩაიდინა, მაგრამ მეორე მხრივ ბართლომეს მიერ გამოთქმულ წყევლას ეკლესიისა და სახელმწიფოს დაცვის სურვილს უკავშირებს, იქვე დასძენს, რომ თუ დაწყევლა უნდოდა ჩვენი ნებართვით უნდა დაეწყევლაო და ამ მღვდელს არანაირ კანონიკურ სასჯელს არ ადებს. რადგან ეპიტემია ეს საეკლესიო სასჯელი არ არის. საეკლესიო სასჯელი იქნებოდა მაგალითად გარკვეული ვადით მღვდელმოქმედების აკრძალვა. საპატრიარქო აკეთებს სამარცხვინო და სასაცილო განცხადებას იმის შესახებ, რომ მამა ბართლომემ უფალი არ უნდა დააჩქოროს, ის ისედაც დაწყევლის სააკაშვილს.” - აცხადებს ბასილ კობახიძე.
საქართველოს საპატრიარქომ დღესვე კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც ის პარლამენტს მიმართავს, ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა გადადოს.
”მესამე განცხადებაში ჩვენი დედა ეკლესია გმობს სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიურ საბჭოს და ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელ ბექა მინდიაშვილს. საპატრიარქოს გაღიზიანება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ტოლერანტობის ცენტრში შეიკრიბა საქართველოში არსებული რელიგიური უმცირესობების აბსოლუტური უმრავლესობა, რომელმაც არ დაუჭირა მხარი საპატრიარქოს მიერ ინიცირებულ და შსს-ს მიერ გახმოვანებულ კანონს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული სასჯელების დაწესების შესახებ. მართლაც საპატრიარქოში მხოლოდ რელიგიური უმცირესობების ორიოდე წარმომადგენელი მივიდა. უნდა ითქვას, რომ საპატრიარქოს უვკე დიდი ხანია სურს, თავის ბრჭყალებში ჩაიგდოს ეს რელიგიური საბჭო და გახადოს თავის მარიონეტად. ჯერ კიდევ სამიოდე წლის წინათ კათალიკოს-პატრიარქმა ბექა მინდიაშვილს ქადაგებაში ეკლესიაში შემოგზავნილი უწოდა.
ეს არის სრულიად უტიფარი განცხადება ეკლესიის მეთაურის მხრიდან, თვით მისით დაწყებული საქართველოს ეკლესია სავსე იყო და არის საბჭოთა სუკის აგენტებით. ამ პრობლემაზე პატრიარქს არასდროს არაფერი უთქვამს, ხოლო პირველად როდესაც მან დაიწყო საუბარი ამ პრობლემაზე, მოგზავნილი უწოდა ახალგაზრდა თეოლოგ ბექა მინდიაშვილს, რომელიც მრავალი წელია ემსახურება სწორედაც ეკლესიის განწმენდასა და გაჯანსაღებას. ახლაც ამ განცხადებაში საპატრიარქო მინდიაშვილს უპასუხისმგებლოს და ინტრიგების მხლართავს უწოდებს. რაც აჩვენებს მის გააფთრებამდე მისულ გაღიზიანებას რომ ჯერ კიდევ ვერ ჩაიგდო ხელში ბოლომდე რელიგიური საბჭო და ბექა მინდიაშვილი ვერ ჩაანაცვლა საკუთარი მარიონეტით, პაატა გაჩეჩილაძით, რისი სურვილიც ჩვენს საპატრიარქოს აქვს.” - აცხადებს ბასილ კობახიძე.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев