რა გაათბობს ცარიელ ოთახს.
თოვლს არ აქვს შენი თითების გემო.
და ხდება ხოლმე, ცივდება დროთა
განმავლობაში გრძნობები, ჩემო.
უხასიათოდ თოვს მთელი ღამე,
სულერთი არის, ისე თოვს, დუნედ.
(უფალო, იქნებ ამაღამ... ამინ!).
თოვლს არ აქვს შენი სხეულის სუნი.
თოვლს არ აქვს შენი მუხლები, მხრები.
რა ვქნა, მე ამ თოვლს ვერაფერს ვუგებ.
არ მინდა თოვდეს. არ მინდა ხლება
ხელის. მე შენი შიშველი ზურგი
მახსოვს და როგორ ვიყავით ერთად
და მერე, მერე... მიხვდები, ვბოდავ...
დგას ამ თოვაში შემკრთალი ღმერთი
და ვეუბნები თვალებით - მოდი.
და რაც არ უნდა ითოვოს, დიდხანს,
თოვლი თოვლია და მაინც დნება
ოდესმე. ღმერთიც თავისთან მიჰყავს
სხვას. მე კი, შენი გაშლილი თმები
სულ თვალწინ მიდგას.
მე გავძლებ ცოტას,
სულ ცოტას კიდევ, სულ ცოტას, ჩემო...
თოვს...
რა გაათბობს ცარიელ ოთახს.
თოვლს არ აქვს შენი თითების გემო.
/nika cherqezishvili/
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев