დიდება მამასა, ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე. ამინ!...ღმერთო გაუმარჯვე გამარჯვებულსა ქვეყნიერების გამჩენსა, საქართველოს სალოცავებსა, სამასსამოცდასამ წმინდა გიორგისა, საქართველოს სხვა ხატ-სალოცავებსა. ამინ!...ღმერთო გაუმარჯვე გამარჯვებულსა მთა-მთიულეთის სალოცავებსა ყოვლად დიდ ლომისასა, ქსნისა და არაგვის ხეობათა თავდამყურებელსა, ხორასნიდან შვდი ათასი ქართველი ტყვის დამხსნელ-დამბრუნებელსა, საქართველოს სალოცავთა მეფეთ-მეუფესა.ღმერთო გაუმარჯვე წიფორის წმინდა გიორგისა ხმელ გორზე დაბრძანებულსა, სამასსამოცდასამი წმინდა გიორგის მოძმე მოთავესა ხევშის კვირიაცხოველსა, ნაღვარევის წმინდა გიორგისა, ღუდას ყველა წმინდასა, ცეცხლის ჯვარსა ცეცხლით მოარულსა, ხანდოს მთავარ ანგელოზსა.ღმერთო გაუმარჯვე გამარჯვებულსა ჟოჟონის წმინდა გიორგისა, დიდ ფშარაველსა, მაღალწალ წმინდა გიორგისა ქვის ქალწულად მქცეველსა.ღმერთო გაუმარჯვე გამარჯვებულსა ხადის ხეობის სალოცავებსა ხადის მთავარ მოწამის თამადობითა.ღმერთო გაუმარჯვე გამარჯვებულსა გუდამაყრის სალოცავებსა პირმზიან ფუძის ანგელოზსა, უყმო ყმის მშველელსა, ყმათა გამრავლებელსა. ჩოხით წმინდა გიორგისა სირასით მობრძანებულსა, ჩოხში დაბრძანებულსა, ოქროს შიბიანსა, ენათა გამყოლსა. წვერის წმინდა გიორგისა, ზეგარდის წმინდა გიორგისა, დუმაცხო საღმრთო მაღალსა სამართალს ღვთისასა.ღმერთო გაუმარჯვე გამარჯვებულსა ხევის სალოცავებსა: ივანე-ნათლისმცემელსა, დარიალში დაბრძანებულსა, ცხვარ-მეცხვარეთა მფარველსა, წვერის სპარსანგელოზსა, ბეთლემის ჯვარსა, სამების მადლსა.ღმერთო გაუმარჯვე გამარჯვებულსა ხორხის მცველსა და მფარველ ანგელოზებსა: წვერის წმინდა გიორგისა, აჩაქველ წმინდა გიორგისა, საყვირალ წმინდა გიორგისა ერთურთის მოძმე მომხრეთა სოფლის თავდამყურებელთა.ღმერთო გაუმარჯვე გამარჯვებულსა ადგილის დედასა ხორხისასა, კვირია პატიოსანსა, ყოვლადწმინდას სალოცავსა,წმინდა ელიასა, ცა-ღრუბელის მფარველ ანგელოზსა.ღმერთო გაუმარჯვე გამარჯვებულსა ლაღაურის წმინდა გიორგისა, არანისის მაცხოვარსა, ქაისხევის წმინდა კვირიკესა, ბოდავის წმინდა გიორგისა, ანანურისა, ბოდორნისა და წილკნის ღვთისმშობლისა დედათა და ყმათა მფარველსა.ღმერთო გაუმარჯვე გამარჯვებულსა ფშავ-ხევსურეთის სალოცავებსა, გუდანის ჯვარსა ხახმატის ჯვარსა რჯულ-ურჯულოთა სალოცავსა, ათანგენობის ძალასა, არხოტის მთავარ ანგელოზსა, ლაშარის ჯვარსა ცით ოქროს ჯაჭვით კიდებულსა საქართველოს სალოცავთა მეფეთ-მეუფესა.ღმერთო გაუმარჯვე გამარჯვებულსა გმირ კოპალესა, თამარ-აქიმ დედოფალსა თავის მადლის მეკარვე კვირიაითი, დამასტებ-დასტურებითა, წყაროსთავ წმინდა გიორგისა, პირქუშის წმინდა გიორგისა, ლაღ იახსარსა მათრახიანსა დევებთან მეომარსა.ღმერთო გაუმარჯვე გამარჯვებულსა კახეთ-ჰერეთის სალოცავებსა, ალავერდის წმინდა გიორგისა, გავაზის წმინდა გიორგისა, დიდ ბატონსა, ნეკრესის ღვთისმშობელსა, ნინო წმინდასა, გერმის მთავარ ანგელოზსა, ანაგის მამა მიხეილის მთავარ ანგელოზსა.ღმერთო გაუმარჯვე გამარჯვებულსა მთა- თუშეთის, დიკლოსა და ომალოში დაბრძანებულ, წმინდა სალოცავებსა.ღმერთო გაუმარჯვე გამარჯვებულსა ქსნის ხეობის სალოცავებსა ჟამურის წმინდა გიორგისა, იკორთის წმინდა გიორგისა, ლარგვისის სალოცავსა, ვაკის ჯვარსა პატიოსანსა.ღმერთო გაუმარჯვე გამარჯვებულსა დასავლეთ საქართველოში დაბრძანებულ წმინდა სალოცავებსა დიდი ჭყონდიდისა, მარტვილისა წმინდა გიორგისა, ილორის წმინდა გიორგისა, დიდ გელათსა დავით აღმაშენებლის საძვალესა.ღმერთო გაუმარჯვე გამარჯვებულსა სვანეთის სალოცავებსა დიდ კვირიკესა, წმინდა ლამარიასა, ლატალსა და უშგულში დაბრძანებულ სალოცავებსა.ღმერთო გაუმარჯვე გამარჯვებულსა ცხუმ-აფხაზეთის სალოცავებსა, ღმერთო გაუმარჯვე გამარჯვებულსა აჭარის ქრისტიანულ სალოცავებსა.ღმერთო გაუმარჯვე გამარჯვებულსა მესხეთ-ჯავახეთის სალოცავებსა ვარძიის ღვთისმშობელსა, საფარის წმინდა გიორგისა.ღმერთო გაუმარჯვე გამარჯვებულსა საქართველოს გარეთ დარჩენილ ტაო-კლარჯეთში დაბრძანებულ წმინდა სალოცავებსა.ღმერთო გაუმარჯვე გამარჯვებულსა ქ. თბილისისა და მის ირგვლივ დაბრძანებულ სალოცავებსა, მამა დავითსა, ანჩის ხატსა, პეტრე-პავლე მოციქულსა, წმინსა ბარბარესა, დიდუბისა და სიონის ღვთისმშობლისა, თელეთის წმინდა გიორგისა, მარტყოფის ღვთაებასა, დიდგორის წმინდა გიორგისა, დიდ მოსამართლე დიღმის თეთრ გიორგისა.ღმერთო გაუმარჯვე გამარჯვებულსა მცხეთის სალოცავებსა: სვეტიცხოველსა საქართველოს ქრისტიანობის ფუძის ჩამყრელსა, ჯვარსა პატიოსანსა, ზედაზენსა, წმინდა ნინოსა, წმინდა დემეტრესა, კალოუბანსა, შიო-მღვიმში დაბრძანებულ სალოცავებსა, ივანე ნათლისმცემელსა და ღვთისმშობელსა.ღმერთო გაუმარჯვე გამარჯვებულსა ჩვენგან ნახსენებ და უხსენებ ღვთისმშობლებსა, სამასსამოცდასამ წმინდა გიორგისა, საქართველოში დაბრძანებულ ყველა წმინდა სალოცავსა. ციხის ანგელოზს გაუმარჯოს მშვიდობა მოგვიმარჯოს, ბეღლის ანგელოზს გაუმარჯოს სარჩო-საბადებელს ნუ გამოგვილევს.გაუმარჯოს ამიერ და იმიერ ოთხივე კუთხის სალოცავებსა; ზედაშის წმინდა ანგელოზსა, სახლის კეთილ ანგელოზსა, ადგილის დედასა და ყოველთა ადგილთა წმინდათა და მაღალთა.დიდო სალოცავებო! დიდო მოწამეო წმინდა გიორგი! თქვენო ძალო-სამართალო ხელი მოუმართე საქართველოს, ქართველ ერს, ჩვენ ოჯახებს, შენი მფარველი კალთა გადააფარე, ჩვენზე და საქართველოზე მომიზნებული მახვილი ჩვენს მტერზე გადაატარე. ბარაქა დაგვიდევ ნახნავ-ნათესსა, ცხვარ-მეცხვარესა, ნაწველ-ნადღვებსა, ხარის ქედსა, ალალი კაცის მარჯვენასა.თქვენი დიდებითა და წყალობითა ჩვენო მამა-პაპის სალოცავებო, გვიშუამდგომლე თქვენს გამჩენ მამა-ზეციერთან, სამებით ერთ არსებასთან და ბედნიერად ამყოფე აქ მოსული სტუმარი, ყველა მლოცველი ღვთის მოშიშე-მავედრებელი ხალხი. ამინ. . .
ავტორი: ნელი აფციაური
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2
AMIN