-----------------
სტატისტიკური გამოკითხვების მიხედვით პატრიარქს უფრო დიდი რეიტინგი აქვს, ვიდრე ქრისტეს. რა შეიძლება ამაზე ითქვას? ნუთუ ეს ნორმალურია? ხომ არ მოხდა ქრისტეს ჩანაცვლება პატრიარქით? კი მაგრამ რატომ? როგორ?
როგორ და მარტივად - ქრისტეანობა ჯვრის ტვირთვა და ქრისტეს შედგომაა, იგი ვიწრო და ეკლოვანი გზაა და მცირენი ვლენან მასზედ, იგი გულისხმობს უარის თქმას ამქვეყნიურ სიამოვნებებზე და კომფორტს მიჩვეულ თანამედროვე ადამიანში ერთგვარ პროტესტსაც კი იწვევს.
თავისუფლება (მსგავსება ღვთისა) მძიმე ტვირთია, იგი სერიოზულ პასუხისმგებლობას მოითხოვს ადამიანისგან - მან თავად უნდა გააკეთოს არჩევანი, მიიღოს გადაწყვეტილება, რაც გარკვეულ შრომას, ფიქრს, ნერვიულობას გულისხმობს.
ადამიანს ძალიან უჭირს საკუთარ სინდისთან ბრძოლაში დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმა, და აი გამოსავალიც! ჩვენი თავისუფლება, რომელიც ასე მძიმე საზიდია, შეგვიძლია ვინმე სხვას ჩამოვკიდოთ კისერზე, მაგალითად საყოველთაოდ აღიარებულ, რომელიმე რეიტინგულ ავტორიტეტს, ვინც თავად ითხოვს ამას.
შედეგად, ჩვენს მაგივრად სხვა იაზროვნებს, სხვა მიიღებს გადაწყვეტილებებს, პრობლემა მოხსნილია, გამოსავალი - ნაპოვნი, შეგვიძლია საკუთარ სურვილებს მივხედოთ.
სწორედ აქ მთავრდება რელიგია და იწყება მაგია, ინგრევა რელიგიის არსი - ნებაყოფლობითი ურთიერთობა თავისუფალ ადამიანსა და პიროვნულ ღმერთს შორის.
ჩვენს შემთხვევაში, ადამიანსა და ღმერთს შორის (ცხადია, თვითონ ადამიანის სურვილით) დგება ვინმე კაცღმერთი, რომელიც ადამიანის პიროვნული თავისუფლების, ანუ დამოუკიდებელი აზროვნების უნარის დელეგირების სანაცვლოდ, მზადაა თავად დადგეს ცხონებისა და ამქვეყნიური კეთილდღეობის გარანტად, ადამიანს კი სხვა არაფერი დარჩენია, თუ არა მონური მორჩილება ამ ''კაცღმერთისა'' და რა თქმა უნდა მის მიერ ხელდასხმული მცირე კაცღმერთუნების რიტუალებზე, როგორც სპექტაკლებზე დასწრება, მათი შინაარსისა და დანიშნულების სრული არცოდნითა და მხოლოდ ავტომატიზმამდე დაყვანილი რეგულარულობით.
ამგვარად, სახეზე გვაქვს მაგია თავისი საკრალიზებული სუპერქურუმით.
ღმრთის მსაგვსი ადამიანის ნაცვლად, ვღებულობთ ზომბს, თავისუფლებისა და სიყვარულის რელიგიის ნაცვლად კი - ოკულტიზმს.
ყოველივე ამის შედეგად, სუპერქურუმი - იგივე ''კაცღმერთი'', ღებულობს ღმერთზე მაღალ რეიტინგს.
იგი იქცევა ყველაზე ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ძალად და მთავრობაც იძულებული ხდება ბიუჯეტიდან ოფიციალური ხარკი უხადოს ათობით მილიონისა და უძრავ-მოძრავი ქონების სახით, რაც უდიდეს სიმდიდრესა და კეთილდღეობას აძლევს მას.
სხვადასხვა კალიბრისა და მიმართულების პოლიტიკოსები, ადგილობრივი თუ საზღვარგარეთ მოღვაწე ბანკირები, ბიზნესმენები, საბჭოთა ინტელიგენცია, ძველი თუ ახალი კომკავშირლები თუ სნობიზმისადმი მიდრეკილი ფართო მასები - ერთმანეთს ეჯიბრებიან კაცღმერთის საამებლად.
და აი, უკიდურესი გაჭირვების ფონზე, ჩვენს წინაშეა ოქროს გუმბათები, ანტიკვარებით სავსე საპატრიარქოს კაბინეტები, თეთრი რაშები თუ ბრილიანტ-ალმასებით მოჭედილი შესამოსლები...
მაგრამ რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს ქრისტესთან? მის მოძღვრებასთან ანუ უპოვარებასა და უანგარობასთან? „ხოლო ძესა კაცისასა ადგილი არა აქვს რათა თავი მიიდრიკოს“ (ლუკა 9,58)
და მაინც, რა ჰიპნოზის გამოყენებით მოახერხა ეს პატრიარქმა? ძალიან მარტივად - კონფორმიზმის საშუალებით, იგი ხომ ყოველთვის მორჩილია ამა ქვეყნის ძლიერთა, ყოველთვის ახერხებს უტყუარი ალღოს გამოყენებით, საჭირო დროს, საჭირო ადგილას, საჭირო პოზიცია დაიკავოს, და რა თქმა უნდა ამას აფასებს ეს სოფელი, რადგან „სოფელიმცა თვისთა ჰყვარობდა“ (იოანე 15,19).
და აი, საყოველთაო პოლიტიკური ამორალიზმის ფონზე, უბადლო მსახიობური ტალანტით დაჯილდოვებული ადამიანი აღწევს სანუკვარ მიზანს - ხდება აბსოლუტური რელიგიურ-პოლიტიკური ავტორიტეტი, ერთგვარი აიათოლა, სუვერენი, რომელიც ერთპიროვნულად ფლობს და განაგებს ჭეშმარიტებას. ჭეშმარიტება კი ხდება ის, რასაც მისი ბაგენი წარმოსთქვამენ.
პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა, ქრისტეანობაში კი კომპრომისი ხშირად ღმერთის, ჭეშმარიტების ღალატის ტოლფასია.
ეკლესიის ისტორია, ჭეშმარიტების, ქრისტეს შესახებ სწორი სწავლების დაცვისა და ქადაგების გმირული ეპოპეაა. თუ ქრისტეს მოტანილ მოძღვრებას რაიმეს დავაკლებთ ან დავუმატებთ, რაც ხშირად პოლიტ-კომპრომისების გამო ხდება, ის აღარ იქნება ქრისტეს ქადაგება, ჭეშმარიტებას არ შეიძლება რაიმე აკლდებოდეს ან ემატებოდეს.
ხშირად, სულ მცირეოდენ კომპრომისს ითხოვდნენ წმინდა მოწამეებისგან წარმართი იმპერატორები - გაჩუმებულიყვნენ, არ ეთქვათ, რომ წარმართთა ღმერთები მხოლოდ უსულო კერპებია და მათი თაყვანისცემა დემონთა გასახარი საქმეა.
სანაცვლოდ მათ დიდებას, პატივს, საკუთარი რიტუალების აღსრულების თავისუფლებას პირდებოდნენ, მაგრამ არათუ არ მიდიოდნენ ამ კომპრომისზე ქრისტიანები, არამედ ყველას გასაგონად ამბობდნენ სიმართლეს, მათთვის სრულიად უცხო იყო კონფორმიზმი და დიპლომატიური ლავირება, „რამეთუ არა აქუნდათ აქა საყოფელად ქალაქი, არამედ მერმესა მას (ზეციურს) ეძიებდნენ“.
ან რა სჯიდათ წმინდა მღვდელმთავრებს, რომლებსაც მუქარისა და ხშირად მოსალოდნელი სიკვდილის მიუხედავად, არასოდეს უთქვამთ თეთრზე შავი და პირიქით.
რა უნდა ექნათ ილია წინასწარმეტყველს, იოანე ნათლისმცემელს, იოანე ოქროპირს, თეოდორე სტუდიელსა თუ გრიგოლ ხანძთელს, დაედოთ პოლიტიკური ზავი იეზაბიელთან, იროდისთან, დედოფალ ევდოქსიასთან თუ სხვა ამა ქვეყნის უზნეო ძლიერებთან?
უნდა გაჩუმებულიყო წმ. გრიგოლ პალამა, რომელიც თავის თანამედროვე პატრიარქს - „პოლიტარხს“ ეძახდა? (რა ზუსტი და შესაფერისი ეპითეტია თანამედროვე კირილეების, ილიების, ბართლომეებისათვის).
ალბათ უნდა გაჩუმებულიყვნენ ღირსმოწამე ათონელი ბერებიც, მიეღოთ პატრიარქ იოანე ვეკკას მიერ შემოთავაზებული უნია. ანდა, რატომ არ გამოიჩინა პოლიტიკური გამჭრიახობა წმ. მარკოზ ეფესელმა? რატომ ჩაშალა ესე ნანი-ნანატრი დიპლომატიური პროექტი?
ნეტავ რა სინდისით ახსენებენ თანამედროვე პატრიარქ - პოლიტარხები მოწამეებს - ევდემოზს, ლუარსაბს, ქეთევანს, შუშანიკს, ანდა კომუნისტების მიერ დახვრეტილ ახალმოწამეებს? მათ ხომ პრინციპულად თქვეს უარი ყოველგვარ პოლიტიკაზე?
ქრისტეანობაში უმაღლესი ამოცანა დგას, რომელიც განღმრთობას ისახავს მიზნად. „ღმერთი განკაცდა, რათა კაცნი განაღმრთოს“ - აი ყველა დროის ყველა წმინდანის დევიზი.
განღმრთობა ანუ ცხონება (მარადიული ცხოვრება) ჩვენი შეგნებული ღვაწლია სრულყოფისა და ღმერთთან ურთიერთობის გზაზე. ამიტომაც, მასთან დაკავშირებული შემეცნება ჭეშმარიტებისა მჭიდრო კავშირში უნდა იყოს ჩვენს შინაგან გამოცდილებასთან და არ უნდა რჩებოდეს სრულიად გაუგებარ საიდუმლოდ.
ქრისტეს ეკლესიისათვის სრულიად უცხოა როგორც გნოსტიციზმი, ისე გნოსომახობა. საღმრთო მოძღვრება მხოლოდ „იდუმალგანდობილებისთვის“ როდია, მისი შესწავლა ყველა ქრისტიანისთვისაა სავალდებულო, ამის გარეშე შეუძლებელია ცხონება და მადლით განღმრთობა, რადგან მადლი ავტომატურად არ მოქმედებს, იგი მის გონიერ მაძიებლებს მიენიჭებათ მხოლოდ.
თანამედროვე რელიგიურმა ავტორიტეტებმა კი ეკლესია ორ ნაწილად გაყვეს: იერარქია, რომელიც ექსკლუზიურად ფლობს და განაგებს ჭეშმარიტებასა და მადლს, და მრევლი, რომელსაც შთააგონეს, რომ გნოსომახების მსგავსად მათთვის დამღუპველია სჯულის გამოძიება და შესწავლა, მხოლოდ უსიტყვო მორჩილებაა საკმარისი ცხონებისათვის.
გაიღვიძეთ ძმებო და დებო, გამოფხიზლდით ამ ბანგისა და ოპიუმისგან, რომლებსაც თავისი კეთილდღეობისთვის იყენებენ კაცღმერთუნები.
ქრისტემ გვიხსნა ცოდვის მონობისაგან, ქრისტეანობა აზნაურობა, ქრისტესთან მეგობრობაა. „ნუ იქნებით მონა კაცთა“ - გვასწავლის პავლე მოციქული, მით უმეტეს იმ კაცთა, ვისაც მთელი ცხოვრება მებრძოლ ათეისტებთან მონობაში, და მათ ერთგულ სამსახურში გაუტარებიათ.
ნუ გავრისკავთ, ჩვენი ცხონებით, სასუფეველში მხოლოდ სულიერი აზნაურნი, თავისუფალნი შევლენ. რადგან ღმერთმა ადამიანი სამოთხეში თავისუფლად შექმნა, იქ დასაბრუნებლადაც სწორედ თავისუფლების მოპოვებაა საჭირო.
თავისუფლება იმ პროვინციული მითოლოგიისგან, ფილეტისტური ურაპატრიოტიზმისგან და „მკვდარი ღმერთის“ თეოლოგიისგან, რომელსაც სტალინისტი „კაცღმერთი“ ქადაგებს - ყოველივე ამას ხომ არაფერი აქვს საერთო მართლმადიდებლობასთან.
-----------------
წარმოდგენილი ფოტო: მღვდელი გელასი აროშვილი მთავარეპისკოპოს ამბერკი ტაუშევის საფლავთან. წმ.სამების მონასტერი (ჯორდანვილი).
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев