ნაწილი :1
სულ ახლახან სოციალურ ქსელ "Facebook"-ში, ჩვენი საიტის გვერდებზე ("აპოკალიფსისი" და "აპოკალიპტური მოვლენები") მეგობრებმა მოგვაწოდეს ვიდეო, რომელზეც ასახულია მუსლიმი პროპაგანდისტის, ზაქირ ნაიკის (Zakir Naik) ანტიქრისტეანული გამოხდომა. მეგობრებმა გვთხოვეს განგვემარტა მუსლიმი პოლემისტის გამოსვლა და მიგვეთითებინა, თუ რაში მდგომარეობს მისი ქადაგების მზაკვრული მხარეები.
როგორც ვიდეოდან ჩანს, მუსლიმთა შეკრებაზე მისული ერთი ქრისტიანი გოგონა (რომაელი-კათოლიკე) კითხვას აძლევს მუსლიმ მქადაგებელს: "მოხვდება თუ არა ის ჯოჯოხეთში, თუ ის ქრისტიანად დარჩება და ისლამს არ მიიღებს"? გოგონას თქმით: "ასე არწმუნებენ მას თავისი მუსლიმი მეგობრები". მქადაგებელი პასუხობს: "თქვენ თუ ჭეშმარიტი ქრისტიანი ბრძანდებით, თქვენ თუ ჭეშმარიტად მისდევთ ქრისტეს ჭეშმარიტ სწავლებას, ალლაჰის ნებით სამოთხეში მოხვდებით"...
ერთის შეხედვით ეს არის მუსლიმი მქადაგებლის გამაოგნებელი განცხადება, მაგრამ ნუ მოტყუვდებით... სოფისტიკისა და არაკორექტული პოლემიკისთვის დამახასიათებელი "ლოგიკით" მუსლიმი პოლემისტი თავიდანვე ცდილობს ქრისტეანი მსმენელის გაოგნებას, და ის ნამდვილად მოტყუვდება, თუ არ დასვამს კითხვას: "ვის გულისხმობს ის ჭეშმარიტ ქრისტეში და როგორ ესმის მას ჭეშმარიტი ქრისტეანობა"?
როგორც ვიდეოდან ჩანს, ზაქირ ნაიკისთვის ქრისტეს "ჭეშმარიტი მიმდევრობა" ნიშნავს მის აღიარებას მხოლოდ რჩეულ წინასწარმეტყველად, ჩვეულებრივ ადამიანად, თუნდაც ღმრთის განსაკუთრებულ მოციქულად. მაგრამ, თუ ვინმე ქრისტეს აღიარებს განკაცებულ ღმერთად, მუსლიმი პოლემისტის აზრით, ის თურმე ქრისტეს "ჭეშმარიტ" სწავლებას არ მიჰყვება. თავის ამ დებულებას მუსლიმი ქადაგი ასეთი მსჯელობითაც "ამყარებს":
"თქვენ თუ წაგიკითხავთ ბიბლია და იესუ ქრიტეს ყველა გამონათქვამი? ... გჯერათ თუ არა, რომ იესუ ქრისტე არის ღმერთი? ... ჩვენ გვჯერა რომ იესუ ქრისტე არის ღმრთის ერთ-ერთი უდიდესი წარგზავნილი, ჩვენ გვჯერა, რომ ის იყო მესია, რაც ნიშნავს "ქრისტეს", ჩვენ გვჯერა, რომ ის აცოცხლებდა მკვდრებს, უფლის ნებით, ... მუსლიმები და ქრისტეანები (ამ საკითხში) ერთად მიდიან... მაგრამ რაშია განსხვავება? განსხვავება იმაშია, რომ ქრისტეანთა უმრავლესობას სწამს იმისა, რომ იესუ ქრისტე ყოვლისშემძლე ღმერთია. მათ სჯერათ, რომ ის ამტკიცებდა თავის ღვთაებრიობას. მაგრამ, რეალობაში, თუ თქვენ კითხულობთ ბიბლიას, არ არსებობს არც ერთი მკაფიო, არაორაზროვანი მტკიცებულება მთელს ბიბლიაში სადმე მაინც ეთქვა ქრისტეს "მე ვარ ღმერთი და თაყვანი მეცითო". ... თქვენ თუ იპოვით იესუ ქრისტეს ერთ მკაფიო, თუნდაც ერთ არაორაზროვან გამონათქვამს "მე ვარ ღმერთი და თაყვანი მეცითო", მე მზად ვარ მივიღო ქრისტეანობა. ... თქვენ არ იცით (ეუბნება გოგონას - რედ.) რა არის ჭეშმარიტი ქრსიტეანობა. აი, მე გითხარით რა არის ჭეშმარიტი ქრისტეანობა" (ანუ აღიარება იმისა, რომ ქრისტე ღმერთი არ არის... - რედ.). ამის შემდეგ მუსლიმ ქადაგს მოჰყავს ადგილები ბიბლიიდან, სადაც ქრისტე მამის უპირატესობაზე მიუთითებს. მაგალითად, "მამა ჩემზე მეტია" და სხვა... (უფრო დეტალურად იხ. ქვემოთ). კეთდება აქცენტირება იმაზე, რომ ქრისტე ასრულებდა მამის ნებას და უფლის ძალით იქმოდა სასწაულებს... გამომდინარე აქედან, რაკიღა ქრისტე უფლის (ანუ მუსლიმის წარმოდგენით ალლაჰის) ნების აღმასრულებელია, ის ჭეშმარიტი მუსლიმია... და ბოლოს მაჰმადიანი ქადაგი ირწმუნება, რომ მუსლიმები უფრო არიან ქრისტიანები, ვიდრე თვით ქრისტიანები.
რა შეიძლება ითქვას ზაქირ ნაიკის ამ ქადაგებაზე?
1. უფალი იესუ ქრისტე მრავალგან უთითებდა თავის ღვთაებრიობაზე
აი მოწმობა იმისა, რომ მისი ქადაგებები და მსჯელობანი საკუთარ თავზე სწორედ ასე ესმოდათ: "მიუგეს იუდეველებმა და თქვეს: კეთილი საქმისთვის კი არ ჩაგქოლავთ, არამედ ღმრთის გმობისთვის, ვინაიდან კაცი ხარ და ღმერთად კი მოგაქვს თავი" (იოანე 10:33).
ხოლო როდესაც წარადგინეს სასამართლოზე, ქრისტემ პირდაპირ მიანიშნა თავის ღვთაერბიობაზე: "მაშინ უთხრეს: მაინც ვინა ხარ? ხოლო იესომ მიუგო: პირველად, რამეთუ მე გეუბნებით" (ძვ. ქართ.: "ეტყოდეს მას: და შენ ვინ ხარ? ჰრქუა მათ იესუ: პირველად, რამეთუ მე გეტყჳ თქუენ") (იოანე 8:25).
მან საკუთარ თავს უწოდა ის სახელი, რომლითაც პირველად ღმერთი მოსეს გამოეცხადა: "უთხრა მოსემ ღმერთს: კარგი, მივედი ისრაელიანებთან და ვუთხარი, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა გამომგზავნა-მეთქი. თუ მკითხეს მისი სახელი, რა ვუპასუხო? უთხრა ღმერთმა მოსეს: მე ვარ, რომელიც ვარ. კვლავ უთხრა: ასე უპასუხე ისრაელიანებს: რომელიც ვარ მგზავნის თქვენთან. კვლავ უთხრა ღმერთმა მოსეს: ასე უთხარი ისრაელიანებს: უფალმა, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა აბრაამის ღმერთმა, ისაკის ღმერთმა, იაკობის ღმერთმა გამომგზავნა თქვენთან. ეს არის ჩემი სახელი უკუნითი უკუნისამდე, ეს არის ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობამდე" (გამოსვლა 3:13-15).
ის, რომ ქრისტემ საკუთარ თავთან მიმართებაში წარმოსთქვა ღმრთის პირდაპირი და საკრალური სახელი, მოწმობს იმ ადამიანთა რეაქცია, რომლებიც ქრისტეს შესაპყრობად მოვიდნენ: "როცა უთხრა მათ: მე ვარო, უკან დაიხიეს და მიწაზე დაემხნენ" (იოანე 18:6).
აი, ირიბი, მაგრამ ძალზედ მკაფიო და უდავო მითითებებიც იმისა, რომ იესუ ქრისტე მიანიშნებდა საკუთარ ღვთაებრიობაზე:
"მამათქვენი აბრაამი ხარობდა იმის გამო, რომ იხილავდა ჩემს დღეს. იხილა და გაიხარა. იუდეველებმა უთხრეს: ორმოცდაათი წლისაც არა ხარ და აბრაამი გინახავს? უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: აბრაამზე უწინარესი ვარ. მაშინ იუდეველებმა ქვებს დასტაცეს ხელი მის ჩასაქოლად. მაგრამ იესო თვალს მიეფარა და ტაძრიდან გავიდა" (იოანე 8:56-58).
"და უთხრა მათ: ვხედავდი სატანას, ელვასავით რომ ვარდებოდა ციდან" (ლუკა 10:18). არც ერთ წინასწარმეტყველს არ შეეძლო ასე ეთქვა, რადგან სატანის დაცემა შეეძლო ეხილა მხოლოდ ღმერთს.
"უთხრა იესომ: შენ სთქვი. მე კი ამასაც გეტყვით: ამიერიდან მალე იხილავთ ძეს კაცისას, მჯდომარეს ძალის მარჯვნივ და მომავალს ზეცის ღრუბლებით" (მათე 26:64). ღმრთის მარჯვნივ ჯდომა შეუძლია მხოლოდ განკაცებულ ღმრთის ძეს!
2. რატომ არსად თქვა ქრისტემ "მე ვარ ღმერთი და თაყვანი მეცითო"?!...
ზემოთ მოტანილ მოწმობებზე შესაძლოა ზემოთხსენებული მუსლიმი მქადაგებლის სიტყვებით გვიპასუხონ: "არ არსებობს არც ერთი მკაფიო, არაორაზროვანი მტკიცებულება მთელს ბიბლიაში სადმე მაინც ეთქვა ქრისტეს "მე ვარ ღმერთი და თაყვანი მეცითო".
ამაზე მივუგებთ, რომ მუსლიმებს არ ესმით არც ქრისტეს განკაცების მიზანი (ცოდვის წყევისა და ეშმაკის მონობისგან კაცობრიობის გამოსყიდვა) და არც ის, თუ რატომ არ ცდილობდა ქრისტე ასეთი სიმკვეთრით განეცხადებინა თავისი ღვთაებრიობა. ამაზე კარგ პასუხს გვაძლევენ წმიდა მამები:
"იხილა რა ღმრთისგან ასე ამაღლებული ადამიანი, - წერს ღირ. იოსებ ვოლოკოლამელი (XV ს.), - ეშმაკს შეშურდა მისი და გველის მიერ აცთუნა ჯერ დედაკაცი, შემდეგ კი მამაკაცი - ადამი, და მათაც დაარღვიეს რა ღმრთისგან მოცემული მცნება, შერყვნეს შემოქმედისგან ბოძებული გონება, უსმინეს ეშმაკს, გასინჯეს აკრძალული ხილი და ღმერთივით ყოფნა მოინდომეს. ამიტომაც განიდევნენ ისინი სამოთხიდან, განშორდნენ ღმერთს და მიეცნენ სიკვდილს. იმ დროიდან ეშმაკს დიდი ძალაუფლება მიეცა ადამიანზე.
როდესაც ადამიანები გამრავლდნენ, ეშმაკი ყოველმხრივ ცდილობდა შეეყენებინა ისინი ბოროტ გზაზე და საკუთარი ვნებებით, მკვლელობებით, სიძვა-მრუშობით, ჯადოქრობითა და მისნობით შეპყრობილმა ადამიანებმაც ღმერთი დაივიწყეს. ღმერთმა ისურვა ბოროტების აღკვეცა და კაცობრიობას წარღვნა მოუვლინა. მაგრამ, როდესაც წარღვნის შემდეგ ადამიანები კვლავ გამრავლდნენ, ღმერთი კვლავ მიივიწყეს, დაიდგეს უკეთური კერპები, რომელთაგან ერთნი მრუშობისანი იყვნენ, სხვანი კი მკვლელობისანი და კვლავ გაიხრწნენ; გაჩნდნენ მისნები და ჯადოქრები. თავიანთი ღმერთების კვალობაზე, ადამიანები უსირცხვილოდ ეძლეოდნენ ბილწ ვნებებს: მსხვერპლად სწირავდნენ თავიანთ შვილებს და დემონებს ემსახურებოდნენ. მძვინვარე უკუნი გაბატონდა მაშინ კაცობრიობაზე, ყველგან სიკვდილი სუფევდა, რადგან ადამიანები მიეცნენ ეშმაკს და ყველანი შავეთს ჩადიოდნენ.
თუმცა ჩვენმა შემოქმედმა ესოდენ სიბრმავესა და საცთურში შთაცვენილნი როდი გაგვწირა, არამედ მოგვცა სჯული და გამოგვიგზავნა წინასწარმეტყველნი, რათა ცხოვნების გზაზე დავეყენებინეთ. მაგრამ, მათ ვერ შესძლეს ადამიანთა შველა, რამეთუ ისინიც, როგორც კაცნი, დაქვემდებარებულნი იყვნენ ცოდვას, ცოდვის მიერ კი - სიკვდილს. კაცთა მაცხოვარი თვითონ უბიწო და უცოდველი უნდა ყოფილიყო, რადგან ამგვარი ვნებებისგან კაცობრიობის განკურნებ მხოლოდ ღმერთს თუ შეეძლო!
ადამის შემცდენელი მზაკვარი ეშმაკი ხედავდა, როგორ მისდევდა მთელი ქმნილება ცოდვის გზას. სიკვდილი მეუფებდა ადამიდან მოსემდე, ანუ მოსეს სჯულის დასრულებამდე. ადამიანები იძულებით სცოდავდნენ ისე, რომ არც კი სურდათ შეცოდება, როგორც მოციქული ამბობს: "ვინაიდან კეთილს კი არ ვაკეთებ, რომელიც მსურს, არამედ ბოროტს, რომელიც არ მსურს" (რომ. 7:19).
დამწუხრდა ღმერთი, კაცის შემქმნელი. მას არ სურდა ძალდატანებით გამოეტაცნა ადამიანი ეშმაკის კლანჭებიდან, რადგან ღმერთი სამართლიანია - და თვითონ აწესებს სჯულს სიმართლით, უსამართლოთ კი სჯის. ამიტომაც, როგორ შეუძლია თვითონ ქმნას უსამართლობა და ძალით წაართვას ეშმაკს ადამიანი, რომელიც მას ნებით დაემონა? ასე რომ მომხდარიყო ღმერთი შესცოდავდა, რაც შეუძლებელია, რადგან ღმერთი უცოდველია.
ღმერთს თვით ეშმაკის მიმართაც კი არ სურს იყოს უსამართლო. ყოვლისშემძლე უფალს ეშმაკზე გამარჯვება თავისი ყოვლისშემძლეობით რომ მოეპოვა, მაშინ ეშმაკი იტყოდა: "მე უსამართლო ვარ, მაგრამ სამართალი არც ღმერთს გააჩნია, რადგან ის ყველაფერს ძალდატანებით აკეთებს; მე გავიმარჯვე ადამიანზე, მაგრამ ღმერთმა დამამარცხა, ძალადობითა და უსამართლობით წარმტაცა ჩემი მონაპოვარი", - და მართალიც იქნებოდა. მაგრამ უფალმა არ მისცა ეშმაკს ასე ლაპარაკის შესაძლებლობა; რომ მან გაიმარჯვა ადამიანზე, ხოლო თვითონ ღმრთისგან იქნა ძლეული, რადგან შემოქმედმა თავისი გამოუთქმელი განგებულებით ჩაიფიქრა, როგორ მოენიჭებინა ჩვენთვის ეშმაკზე ძლევის იარაღი.
მაშ, იხილე, რას აღასრულებს ის ამისთვის, რას ეუბნება იგი თავის ძეს. როგორც წმ. იოანე ოქროპირი ბრძანებს: "გმართებს ჩემო მხოლოდშობილო ძეო და სიტყვავ, ჩემი დიდების ნათელო, შეიმოსო ხრწნადი ადამიანი და მიიღო მთელი ადამი; გმართებს ჯვარცმა, ვნება, ჯოჯოხეთს შთასვლა და იქიდან კაცთა აღმოყვანა; როგორც ეშმაკმა მოატყუა ადამიანი, ასევე შენც უნდა იმარჯვო ხერხი და სძლიო მტარვალი შენი სიბრძნით".
კაცთა მოდგმას წინასწარმეტყველთა შეწევნაზე უმეტესი დახმარება სჭირდებოდა - და მიიღო კიდეც: და აჰა, თავად ღმერთი, ღმრთის სიტყვა, დაუსაბამო, უხილავი, გარეშემოუწერელი, უხორცო, უნივთო, დასაბამიერი სიტყვა, ნათელი ნათლისაგან, წყარო სიცოცხლისა და უკვდავებისა, ხატი პირველხატისა, ჩვენ კაცთათვის ხდება ადამიანი, შეიმოსება ხორცით და შეუერთდება გონიერ სულს, რათა თავისი სულით განწმინდოს ჩვენი სულები და თავისი უპატიოსნესი ხორცით განკურნოს ჩვენი დაცემული და შებილწული ბუნება. ის გახდა სრული კაცი, ოღონდ ცოდვის გარეშე, იშვა უთესლოდ ქალწულ მარიამისგან და სულიწმიდისგან. ხოლო მანამ, როდესაც მთავარანგელოზმა გაბრიელმა ახარა მას უფლის ჩასახვა და შობა, ჯერ სულიწმიდით განწმინდა ქალწულის სული და სხეული. ვარსკვლავმა ზეცითგან ასწავლა სპარს მოგვებს მისი თაყვანისცემა, ანგელოზებმა კი მისი შობა მწყემსებს ახარეს. როდესაც იოანესგან მოინათლა იორდანეში, ზეცითგან გაისმა ხმა მამისა, რომელმაც ბრძანა: "ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე შევიტკბე" (მათე 3:17) და სულიწმიდა მტრედის სახით გადმოვიდა მასზე. როდესაც სასწაულთა ქმნა დაიწყო, აღადგენდა მკვდრებს, კურნავდა სნეულთ და დევნიდა ეშმაკთ. აირჩია 12 მოწაფე და უბრძანა მათ კაცთათვის ცათა სასუფევლის მოახლოვება ექადაგათ.
ქრისტეს მნახველი ეშმაკი დაეჭვებული და გაოგნებული იყო, რადგან ხედავდა ადამიანს, რომელიც ღმერთივით ახდენდა სასწაულებს, რადგან იესუ ქრისტემ, თავისი მიუწვდომელი განგებულებით, ეშმაკს თავისი ღვთაებრიობა დაუმალა, რათა შეშინებული ეშმაკი მისგან არ გაქცეულიყო არამედ, პირიქით, თავს დასხმოდა ისევე, როგორც ესხმოდა იგი სხვა ადამიანებს. ამიტომაც მაცხოვარმა საიდუმლოდ დაჰფარა საკუთარი ღმრთეება.
ხოლო ეშმაკი, ხედავდა რა ქრისტეს, რომელიც ყველას სიკეთესა და სათნოებებს ასწავლიდა, განაშორებდა მათ ბოროტებას და მიჰყავდა ისინი მარადიულ ცხოვრებამდე, გააფთრებული დაესხა თავს ქრისტეს, როგორც ესხმოდა მანამდე თავს ძველ წინასწარმეტყველთ, რადგან უბრალო ადამიანი ეგონა.
ეშმაკმა მწიგნობრებსა და მღვდელმთავრებს მაცხოვრის სიკვდილით დაესაჯათ შთააგონა. ის უსამართლოოდ მოკლეს. ქრისტეს კაცობრივი ბუნების მიღმა ისევე იმალებოდა მისი ღვთაებრიობა, როგორც ანკესზე გამობმული ჭიაყელა ფარავს ნემსის კაუჭს, და როდესაც ეშმაკმა მისი სულის გადაყლაპვა მოინდომა და შავეთის უფსკრულში ჩაიყვანა ისევე, როგორც ადრე ჩაჰყავდა მართალთა სულები, ჯოჯოხეთის კარიბჭე ქრისტეს ღვთაებრიობის საკვირველი ელვარებით შეიმუსრა! აი მაშინ წარმოაჩინა იესუმ თავისი ღმრთეება, და ვითარც ძლიერმა ქუხილმა საშინელი სიტყვებით დაიგრგვინა: "მე ვარ ღმერთი ღმერთისგან, გარდამოსული ზეცითგან და განკაცებული. მიმითითეთ ჩემი ცოდვა, რის გამოც მომკალით და ჩემი სული საგეჰენიოდ გასწირეთ!" შეძრწუნებული დემონები გაოგნდნენ, შეშინდნენ, შერცხვნენ და ვერაფერს პასუხობდნენ. ქრისტემ დაამარცხა ისინი თავისი ღვთაებრივი სიდიადით, ჩაამხო ისინი ცეცხლსა და ტარტაროზში, შეჰკრა რკინის საკვრელებით, ადამი კი გაათავისუფლა. აღსდგა რა მკვდრეთით მესამე დღეს, უფალმა ადამთან ერთად ყველა ძველაღთქმისეული მართალიც აღმოიყვანა საპყრობილიდან, შემდეგ კი ხორციელად ამაღლდა ზეცად და სულიწმიდა მოუვლინა თავის მოწაფეებს, რომლებმაც ქრისტეანული ქადაგებით მსოფლიო განანათლეს და ღმრთისშემეცნებას აზიარეს.
ამ დღიდან ცხონდებოდა და ცხონდება დღემდე ყველა ადამიანი, მზის აღმოსავალიდან დასავლამდე. ცხონდებიან მისი სწავლებითა და მადლით, რომელიც მოგვეცა ჩვენი მაცხოვრის განკაცებით, მისი გამოუთქმელი სიბრძნით, რომელმაც ხერხი იხმარა ეშმაკზე და ცარიელზე დატოვა. როგორც მეთევზეები მოარგებენ ხოლმე კაუჭს ჭიაყელას, რათა წყლის სიღრმეში თევზი მიიზიდონ, - ასევე, კაუჭზე წამოცმული სატყუარასავით შეიმოსა ქრისტემ კაცის ხორცი, მიიზიდა ბოროტი და დაამხო მისი მძლავრება კეთილგონივრული სიბრძნით. ამგვარი ხერხით იქნა შეპყრობილი მზაკვარი ეშმაკი, ასე დაიხსნა ქრისტემ კაცობრიობა სატანის მონობისგან.
კარგად ბრძანებს ამის შესახებ წმიდა იოანე ოქროპირი: "თუ ვინმე ტანჯავს და ცემს თავის მევალეთ და საპყრობილეში აგდებს, ხოლო შემდეგ უდანაშაულოსაც ისევე დატანჯავს და ჩაამწყვდევს - განა ეს უსამართლოდ შეპყრობილი და ტანჯული არ გაამართლებს სხვებსაც, რომლებიც სამართლიანად განისაჯნენ?! ან თუკი მძვინვარე მტარვალი განურჩევლად ჰკლავს ყველას, ვინც კი ხელში მოხვდება, და ამგვარი ქმედებით მოჰკლავს მეფის წულსაც - მეფის ძის სიკვდილი განა ყველას სიკვდილს არ გაამტყუნებს?! რას იზამს მეფე? - ადგება და დასჯის მტარვალს, დაარღვევს ციხეს და ყველა ტყვეს გაათავისუფლებს. ასე მოიქცა ქრისტეც: რადგან ის იყო უცოდველი და უდანაშაულოდ მოჰკლეს, თავისი ღვთაებრიობით სძლია ეშმაკს და მით ადამი და მთელი კაცობრიობა გამოისხნა სიკვდილისგან, რომელსაც მანამდე, როგორც შემცოდენი, სამართლიანად ექვემდებარებოდნენ https://m.youtube.com/watch?v=v_m7XtQY9sM
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев