14/27 ივნისი - წინასწარმეტყველისა ელისესი (IX ს. ქრისტეს შობამდე)
------------------
წინასწარმეტყველი ელისე იყო წინასწარმეტყველ ელია თეზბიტელის მოწაფე და მემკვიდრე. მსახურებისთვის ღმერთმა მას სიყრმის ასაკშივე მოუწოდა. იგი მიწათმოქმედი საფატის ოჯახში აღიზარდა. ერთხელ ელია მინდორში მომუშავე ელისეს მიუახლოვდა და თავისი ხალენი მოახურა, რაც მის წინასწარმეტყველად მოწოდებას ნიშნავდა. ელისემ მაშინვე ორი ხარი დაკლა და გამოსათხოვარი ტრაპეზი გამართა. ეს მოქმედება სიმბოლურად ღვთის უმაღლესი მსახურებისათვის ყოფითი კავშირების გაწყვეტას მოასწავებდა. ამის შემდეგ იგი თან გაჰყვა ელიას და მას ემსახურებოდა.
როცა ელიას ზეცად აღტაცების დრო მოვიდა, წინასწარმეტყველმა დაკეცა ხალენი, იორდანეს დაჰკრა და როცა წყალი გაიპო, მოწაფესთან ერთად შიგ გავიდა. ელიამ ელისეს უკანასკნელი სურვილის შესრულება აღუთქვა, მან კი ეს ითხოვა: „იყავნ სული ეგე, რომელ არს შენ ზედა, მრჩობლ ჩემ ზედა“. მოძღვარმა უპასუხა: „განაფიცხე თხოვაჲ ეგე; გარნა თუ მიხილო მე ამაღლებული შენგან, გეყავნ ეგრე, უკუეთუ არა, ვერ იყოს“.
ამ საუბარში იყვნენ, როცა გამოჩნდნენ ეტლნი ცეცხლისანი და ცხენნი ცეცხლისანი და განაშორნეს ურთიერთას და აღიტაცა ელია ძრვით ვითარცა ზეცად“. ელისე ღაღადებდა: „მამაო, მამაო, ეტლო ისრაელისაო და მჴედარო მისო!“ (IV მეფეთა, 2;9-12). ზეცად აღტაცებულმა წინასწარმეტყველმა თავისი ხალენი გადაუგდო მოწაფეს. მან სცა იგი იორდანეს „და არა განიპო წყალი იგი“. მეორეჯერაც დაჰკრა „და განიყვნეს წყალნი იგი იმიერ და ამიერ და განვიდა იგი ჴმელად“.
წინასწარმეტყველი ელისე 65 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოღვაწეობდა ისრაელის მეფეების: აქაბის და იოსიას დროს. იგი უშიშრად ამხელდა მათ უსჯულოებასა და კერპთაყვანისმცემლობისკენ მიდრეკილებას. ელისეს მოღვაწეობის დროს ისრაელში გამრავლდა სარწმუნოებრივ-საგანმანათლებლო სკოლები. ამ სკოლებში ღვთისგან გამორჩეული და ცხოვრებისეული გამოცდილებით განბრძნობილი წინასწარმეტყველების ხელმძღვანელობით განისწავლებოდნენ ახალგაზრდები, სწორედ ის ახალგაზრდები, რომლებიც წმიდა წერილში „ძენი წინასწარმეტყველთანის“ სახელით არიან მოხსენიებულნი.
ელისემ იერიქონში სასწაული მოახდინა: წყალი, რომელიც უნაყოფობასა და სიკვდილს იწვევდა, მარილით გააუვნებლა. იერიქონიდან ელისე ბეთილში გაემგზავრა. როდესაც იგი ქალაქს მიუახლოვდა, გზაზე ბავშვები შეხვდნენ და დაცინვა დაუწყეს. უკეთურ ბავშვებს საშინელი სასჯელი ეწიათ: 42 მათგანი ტყიდან გამოსულმა ორმა დათვმა დაგლიჯა. ამის შემდეგ წინასწარმეტყველი კარმილის მთისკენ გაემართა, ხოლო იქიდან სამარიაში დაბრუნდა.
როდესაც ისრაელის მეფე იორამი, იუდეველთა მეფე იოსაფატი და ედომელთა მეფე მოაბელთა წინააღმდეგ საბრძოლველად შეიკრიბნენ, წინასწარმეტყველი ელისეც მოკავშირეთა ჯართან ერთად იყო. უდაბნოში მგზავრობის სიმძიმისა და უწყლობის გამო ჯარი მეტად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. წინასწარმეტყველმა კიდევ ერთი სასწაული მოახდინა - ჯარი და საქონელი მიწიდან სასწაულებრივად აღმოცენებული წყლით მოამარაგა.
ელისეს მიერ მოხდენილ სასწაულთა შორის აღსანიშნავია აგრეთვე ქვრივისათვის ზეთის სასწაულებრივი გამრავლება. ელისეს რჩევით ქვრივმა, რომელსაც მევალეები აწუხებდნენ და ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში შვილების მონებად გაყიდვით ემუქრებოდნენ, მეზობლებისგან ნათხოვარი ცარიელი ჭურჭელი თავისი ზეთიანი ჭურჭლიდან შეავსო.
ამ გზით გამრავლებული ზეთი იმდენი აღმოჩნდა, რომ ქვრივმა ვალებიც გაისტუმრა და შვილებიც გამოკვება. ამ მოვლენის შემდეგ წინასწარმეტყველი ისაქარის ტომის ქალაქ სომანში გადავიდა, სადაც იგი ერთმა კეთილმორწმუნე დედაკაცმა ისტუმრა სახლში. დედაკაცმა ელისეს თავის სახლში ოთახი გამოუყო, რომლითაც მას სურვილისამებრ შეეძლო ესარგებლა. ელისეს მასპინძლები უშვილონი იყვნენ, რაც ებრაელთა შორის ღვთისგან მოვლინებულ უმძიმეს სასჯელად ითვლებოდა.
წინასწარმეტყველის სიტყვისამებრ, დედაკაცსა და მის მეუღლეს შვილი შეეძინათ. ერთხელ, მკის დროს ყრმა მამასთან წავიდა მინდორში და უეცრად თავის ტკივილი იგრძნო. როდესაც იგი დედასთან მიიყვანეს, მშობლის კალთაში გარდაიცვალა. დედაკაცი თვითონ წავიდა წინასწარმეტყველთან კარმილის მთაზე. ელისემ იგი შორიდანვე დაინახა, თავის მსახურ გეზს მიეგება და მოკითხვა უბრძანა: „მშვიდობა არს შენდა და მშვიდობა არს ქმრისა შენისა, გინა მშვიდობით არსა ყრმა იგი?“ (IV მეფ. 4,26).
ელისეს ეს სიტყვები იმაზე მიანიშნებს, რომ წინასწარმეტყველები ყველაფერს კი არ ჭვრეტდნენ, არამედ მხოლოდ იმას, რასაც მათ სულიწმიდა უცხადებდა. წინასწარმეტყველი დედაკაცს გაჰყვა და მისი მხურვალე ლოცვის შემდეგ ყრმას სიცოცხლე დაუბრუნდა.
ეს იყო მდინარე იორდანესთან ახლოს მდებარე სოფელი, სადაც იგი ძალიან ხშირად ჩერდებოდა. აქ ხშირად მოდიოდნენ წინასწარმეტყველის მოწაფეები. ისინი თავს იყრიდნენ ხოლმე ელისესთან, მისგან სწავლა-დარიგებების მოსასმენად. ერთ-ერთი ასეთი თავშეყრის დროს, როდესაც გალგადში შიმშილობა იყო, წინასწარმეტყველმა მსახურს ხილის შეჭამადის მომზადება დაავალა.
მოსამსახურე მინდორში გავიდა, იქ გარეული ყურძენი მოაგროვა და ქვაბში ჩაყარა. როდესაც მოწაფეებმა ამ ნაყოფებისგან მომზადებული საჭმელი გასინჯეს, შეამჩნიეს, რომ ქვაბში საწამლავი იყო და შიშისგან დაიყვირეს: „სიკვდილი არს, კაცო ღმრთისაო, ქვაბსა მაგას“ (4 მეფ. 4,40). ელისეს ბრძანებით ქვაბში ფქვილი ჩაყარეს და არავინ მოწამლულა. ამ დროს მიეკუთვნება, აგრეთვე, ელისეს მიერ ოცი პურით ასი კაცის დაპურება.
ელისემ სასწაულებრივ განკურნა კეთრისგან ასურეთის მეფის მხედართმთავარი ნემანიც. ყველა საშუალება, რომელსაც მხედართმთავარმა ამ სენისგან განსაკურნებლად მიმართა, უშედეგო აღმოჩნდა. ბოლოს, მას ერთმა მოსამსახურემ - ტყვე ისრაელელმა ქალიშვილმა სამარიაში წასვლა ურჩია. ნემანმა მეფეს სთხოვა, მიეცა ისრაელში წასვლის უფლება. მეფე დათანხმდა, თან ისრაელის მეფესთან წერილიც გაატანა და თავისი მხედართმთავრის განკურნებას ითხოვდა. ასეთი უცნაური თხოვნა ისრაელის მეფემ, რომელსაც მკურნალობის ნიჭი არ ჰქონდა, ომის საბაბად მიიჩნია. მან ტანსაცმელი შემოიხია, რაც ებრაელთა შორის გლოვის გარეგნულ გამოხატულებად ითვლება, და თქვა: „ღმერთი ნუ ვარა მეა, ვითარცა მოვაკვდინე და ვაცხოვნე?. უწყოდეთ და გულისხმაჰყავთ, რამეთუ მიზეზობს რასმე“ (IV მეფეთა, 5,7).
როდესაც ამის შესახებ ელისემ გაიგო, მან ნემანის მოყვანა ბრძანა. მხედართმთავარი ეტლებით მიადგა წინასწარმეტყველის სახლს. ელისემ მსახურის პირით შეუთვალა: „მივედ, იბანე იორდანესა შვიდგზის და მოიქცეს ფერი შენი შენდა და განსწმნდე“ (4 მეფ. 5,10).
წინასწარმეტყველის ასეთმა დამოკიდებულებამ და მკურნალობის სიმარტივემ ასურელი დიდებული განარისხა და უკან დაბრუნება გადაწყვიტა. მიუხედავად ამისა, მსახურების რჩევით, მან მაინც შეასრულა ელისეს ნათქვამი იორდანეში შვიდგზის განიბანა და განიკურნა. სასწაულით გაოცებულმა ნემანმა წინასწარმეტყველს საჩუქრები შესთავაზა, მაგრამ ელისემ არაფერი მიიღო.
სამაგიეროდ, გეზმა ისარგებლა მისი სახელით და ნემანს ორი ტალანტი ვერცხლი და ორი ბრწყინვალე სამოსელი გამოსთხოვა, რისთვისაც სასტიკად დაისაჯა - ნემანის კეთრი მასზე გადავიდა.
როდესაც ასურელებსა და ისრაელელებს შორის საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, წინასწარმეტყველი ისრაელის მეფეს მოწინააღმდეგეთა მზაკვრული გეგმების შესახებ აწვდიდა ცნობებს. განრისხებულმა ასურეთის მეფემ ელისეს შესაპყრობად მთელი ლაშქარი გაგზავნა.
ზეციური მხედრობა, რომელიც ცეცხლოვანი ეტლებითა და ცხენებით წინასწარმეტყველის გასამხნევებლად იყო გამოგზავნილი, მისმა ერთ-ერთმა მოწაფემაც იხილა. აქ ელისემ კიდევ ერთი სასწაული მოახდინა. მის შესაპყრობად გამოგზავნილი მეომრები უეცრად დაბრმავდნენ, თუმცა სამარიაში, ისრაელის მეფესთან ჩაყვანის შემდეგ ელისემ ლოცვით ისევ აუხილა მათ თვალები და თავიანთ მეფესთან დააბრუნა.
ამის შემდეგ მეფე ბენ-ჰადადმა ალყაში მოაქცია სამარა და ქალაქი შიმშილობის უკიდურეს ზღვრამდე მიიყვანა. მეფე იორამმა მიზეზი ელისეში დაინახა და წინასწარმეტყველის შესაპყრობად მეომრები გაგზავნა, ხოლო შემდეგ თვითონაც მივიდა მასთან. ელისემ მეფეს, ღვთის სახელით, მეორე დღისთვის შიმშილობის შეწყვეტა აღუთქვა.
მართლაც, იმავე დღეს მოულოდნელი შიშით ზარდაცემულმა მოწინააღმდეგემ ალყა მოხსნა და უკუიქცა, ხოლო მეფის დიდებული, რომელმაც არ ირწმუნა ელისესი, წინასწარმეტყველის სიტყვებისამებრ: „აჰა, იხილო თუალითა შენითა და მისგან შენ არა სჭამო“ (IV მეფეთა, 7,2), ხალხის მიერ იქნა გადაქელილი ქალაქის კარიბჭესთან.
სომანელ დედაკაცს, რომელსაც შვილი მკვდრეთით აღუდგინა, ელისემ მოსალოდნელი შიმშილობის შესახებ უწინასწარმეტყველა და ურჩია მას, ამ ხნის განმავლობაში ფილისტიმელთა ქვეყნისათვის შეეფარებინა თავი. მეზობელ ქვეყანაში დროებით გადასახლებას სომანელი დედაკაცის სახლისა და მიწების სხვა მეპატრონის საკუთრებაში გადაცემა მოჰყვა შედეგად. ქალი იძულებული გახდა, მეფესთან წასულიყო საჩივლელად. ამ დროს მეფეს წინასწარმეტყველის სასწაულების შესახებ ესაუბრებოდნენ.
მეფე იორამმა, ეჭვგარეშეა, ამ საუბრით გულმოლბობილმა, დედაკაცის საუბარი გულისყურით მოისმინა და სათხოვარი შეუსრულა. ამ დროს ასურეთის მეფე ბენ-ჰაიდი მძიმე სენით დაავადდა. როგორც კი მეფემ წინასწარმეტყველის ჩამოსვლის შესახებ შეიტყო, მაშინვე გაგზავნა მასთან აზაილი. ელისემ აზაილს მოკლე ხანში მეფის გარდაცვალება და მისი გამეფება უწინასწარმეტყველა, მაგრამ ამის თქმა ბენ-ჰაიდისთვის აუკრძალა.
წინასწარმეტყველი ელისე ღრმა მოხუცებულობაში, დაახლოებით ასი წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი საფლავი ნეტარი იერონიმეს აზრით, სამარიის მახლობლად მდებარეობდა. სასწაულები, რომლებსაც წინასწარმეტყველი ახდენდა, მხოლოდ მისი ამქვეყნიური ცხოვრებით როდი შემოიფარგლებოდა.
გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ ელისეს საფლავის ახლოს მიცვალებულს მიასვენებდნენ. ამ დროს მოაბელთა რაზმი გამოჩნდა. ხალხი შეშინდა და მიცვალებული უახლოეს გამოქვაბულში დაასვენა, სწორედ იმ გამოქვაბულში, სადაც წინასწარმეტყველი იყო დაკრძალული.
ელისეს ძვლებთან შეხებით მიცვალებული მკვდრეთით აღდგა. უფალმა ამ სასწაულით გარდაცვალების შემდეგაც ადიდა თავისი ერთგული მსახური.
-------------
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев