ლიკა ბერიკაშვილი
„დილა მშვიდობისა, უნგრეთო! გზად ლამაზი გამარჯვებისკენ...“ „ახლახან მქონდა პირველი სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან არჩევნების შემდეგ. მომავლისთვის დიდი გეგმები გვაქვს...“ - ამ სიტყვების ავტორი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანია. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სწორედ, ვიქტორ ორბანი მასპინძლობს. ეს, არჩევნების შემდეგ, ირაკლი კობახიძის პირველი ვიზიტია ევროპაში. ეს ვიზიტი განსაკუთრებულად შეიძლება ჩავთვალოთ თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ საქართველოში არჩევნების ჩატარებამდე ორბანი დონალდ ტრამპს შეხვდა, ორბანი იყო პირველი, ვინც ირაკლი კობახიძეს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, ხოლო არჩევნების მეორე დღეს თბილისს ეწვია და კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა. არის გონივრული ეჭვი, რომ საქართველოს ხელისუფლება ორბანის მეშვეობით აწარმოებდა მოლაპარაკებებს დონალდ ტრამპთან.
რა გავლენა ექნება ამ ვიზიტს ქვეყანაში არსებულ დაძაბულობაზე, რა გზავნილით ჩავიდა კობახიძე ევროპელ ლიდერებთან და გამოიყენა თუ არა პრემიერმა ის საქართველოში მიმდინარე პროცესებზე სასაუბროდ?
უნგრეთში პრემიერი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტის ფარგლებში მიიწვიეს და ჰქონდა შესაძლებლობა გამოსულიყო სიტყვით და ესარგებლა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებით. როგორც პრემიერი ამბობს, მას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე ევროპელი ლიდერებისთვის ინფორმაცია მიეწოდებინა.
დახურული ფორმატის დისკუსიაში, ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა საქართველოს როლს ევროკავშირთან დაკავშირებადობის გაუმჯობესების კუთხით და სატრანსპორტო სფეროში მიმდინარე თუ დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
ბუდაპეშტში, პრემიერ-მინისტრი ასევე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა. ალან ბერსესთან შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე რეფორმების განხორციელების პროცესში.
მთავრობის მეთაური უნგრეთის დედაქალაქში, რობერტ ფიცოსაც შეხვდა. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა. საპასუხოდ პრემიერ-მინისტრმა სლოვაკ კოლეგას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოში მოიწვია.
საქართველოს პრემიერმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ის რამდენიმე ქვეყნის ლიდერს შეხვდა და ეს ფორმატები გამოიყენა იმისათვის, რომ გზავნილები მაქსიმალურად მიეტანა პარტნიორებთან:
„შარლ მიშელთან მქონდა ძალიან მეგობრული, კონსტრუქციული საუბარი, მას აინტერესებდა, როგორ ვითარდება მოვლენები საქართველოში“, - განუცხადა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში ქართველ ჟურნალისტებს.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შარლ მიშელს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე.
„შარლ მიშელს ვუთხარი, რა მდგომარეობაც არის დღეს საქართველოში, მათ შორის ისიც ვუთხარი, რომ ოპოზიციას ძალიან უჭირს ადამიანების მობილიზება, ოპოზიციას არ აქვს სახალხო მხარდაჭერა. ასეთ პირობებში ვფიქრობ, რომ მოვლენები ბევრად უფრო მარტივად წარიმართება, ვიდრე წარიმართა 4 წლის წინ. მე კიდევ ერთხელ გავიმეორე შარლ მიშელთან, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია ნებისმიერი დისკუსიისთვის, ვართ აბსოლუტურად მოქნილი და ეს არის ჩვენი ღია პოზიცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული როლი იმაშია, რომ ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი ბუნებრივი ფუნქცია და დავაკავშიროთ აღმოსავლეთი დასავლეთს და პირიქით. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, რომლებსაც ქმნის ჩვენი ქვეყანა, იმ ეკონომიკურ განვითარებასა და შედეგებზე, რომლებიც აქვს უკვე საქართველოს და იმ პოტენციალზე, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ქმნის სხვადასხვა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებით, რაც ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას. პრემიერ-მინისტრმა ცალსახად გაუსვა ხაზი მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკურ განვითარებაზე, წინსვლასა და პროგრესზე. ჩვენი მხრიდან აქცენტი გაკეთდა ამ თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რომ ვითანამშრომლოთ ყველა იმ დაინტერესებულ მხარესთან, რომელსაც შეუძლია, განსაკუთრებული წვლილი შეიტანოს ამ პროცესში“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოს პრემიერის ამ სამიტში მონაწილეობის მიღება ძალიან კარგია, რადგან მას პირისპირ მიეცემა საშუალება ევროპელ კოლეგებთან ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე ისაუბროს და არჩევნების შესახებ დამატებითი ინფორმაცია მათ პირველ წყაროდან მიიღონ.
„ახლა ყველაზე კარგი დროა, რომ ევროპაში რაღაცების გადაფასება და ცოტა ტონის შერბილება მოხდეს. მით უმეტეს, საქართველოსთან მიმართებაში, ბოლო დროს ვხედავთ რამხელა პრეტენზიები და ულტიმატუმები ჰქონდათ. საქმე კი ისაა, რომ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ევროპას დაბნეულობა ეტყობა. ზოგიერთებს ინტონაციებში თითქოს ბზარი შეეპარათ. თან მკაცრები არიან, თან ამბობენ, მიდი გამოიძიეთო, გელოდებითო - აყოლებენ. ხოლო არც ის ავიწყდებათ, რომ ერთად ვიქნებით.
ამ ფონზე ქვეყნის პირველი პირის, პრემიერის ევროპაში ჩასვლა, უშუალოდ ქვეყნების ლიდერებთან პირისპირ შეხვედრა, ახსნა იმის შესახებ თუ რა მოხდა არჩევნების დროს, რა უნდა ოპოზიციას - პირველ წყაროდან ინფორმაციის მიღება, ყველაზე მნიშვნელოვანია. ხელისუფლებას სჭირდება მაქსიმალური კომუნიკაცია, ღიაობა და საუბარი თავის პარტნიორებთან. ყველა ვთანხმდებით იმაზე და „ოცნებაც“ ამას ამბობს, რომ ჩვენი გზა ევროპისკენ არის. ამიტომ ამ ხალხს უფრო მეტი უნდა ელაპარაკოს ხელისუფლებაც, მიუხედავად მათი კრიტიკული პოზიციებისა. ახლა კი მით უმეტეს ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, სიტუაცია ასეთი აღარ იქნება. ბევრი დაწყნარდება, დაშოშმინდება, ასე ხელების და თითის ქნევას შეწყვეტენ“, - ამბობს საყვარელიძე.
მისივე თქმით, რა თქმა უნდა, ევროპა ეცდება რაღაცების გამოვაჭრებას საქართველოსთან. თუნდაც ეს ის დასახელებული ორი კანონპროექტი, რომლის გაწვევასაც „ოცნებას“ სთხოვენ. თუმცა საყვარელიძე ფიქრობს, რომ მმართველი გუნდისთვის შესაძლოა „გამჭვირვალობის“ კანონი უფრო არ იყოს ისეთი რთული დასათმობი, როგორც ოჯახის ღირებულებებთან დაკავშირებული კანონი.
„ფაქტია, რომ ევროპაც გარინდებული ელოდება და პირდაპირ არავინ არაფერს ამბობს. მხოლოდ რაღაცა პირობების წამოყენება ხდება ამ ეტაპზე მათი მხრიდან. თუმცა არავინ იძახის, რომ არჩევნები არალეგიტიმურია და ა.შ. ამიტომ „ოცნებაც“, ალბათ, თავის მხრივ ივაჭრებს. პოლიტიკა ვაჭრობაა, აბა, სხვა რა არის. თუმცა მმართველ გუნდს უკან დასახევი ნაბიჯები ფართო არა აქვს. მას შეიძლება გაუადვილდეს „გამჭვირვალობის“ კანონის გაუქმება, მაგრამ ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი უკან წაიღოს, ნაკლებად მოსალოდნელია. ასევე, მნიშვნელოვანი იქნება თუ ტრამპი ორბანთან ერთად ევროპაში კონსერვატორების გაერთიანებას შეძლებენ და ისინი აიღებენ მართვის სადავეებს ევროკავშირში. ორბანს ასევე ვიცით არა აქვს ცუდი ურთიერთობა ტრამპთან და ამავდროულად, ის ჩვენი მეგობარიც არის. ამიტომ, შესაძლოა, მან ტრამპთან შუამავალობაც აიღოს საკუთარ თავზე. თუმცა აქ მაინც ამერიკის ინტერესები იქნება გადამწყვეტი. თუ ტრამპისთვის ჩინეთი ისევ პრობლემაა, მაშინ მარტივი არ იქნება რაღაცების დალგება, რადგან ჩინეთთან ახლა ჩვენ ვკონტაქტობთ და კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. „ოცნებას“ ლავირება და დიპლომატიური ტაქტიკა სჭირდება, რომ ამ ამღვრეულ და არეულ სიტუაციაში პარტნიორებთან რაღაცები დაალაგოს“,-ამბობს საყვარელიძე.
Нет комментариев