მანანა ნოზაძე
გადახედავს თუ არა საქართველო პოზიციას ამერიკასთან მიმართებით, ეს ამერიკის მხრიდან შემხვედრ ნაბიჯებზეა დამოკიდებული. ამ ეტაპზე მთავრობის ადმინისტრაციაში არ გამორიცხავენ, საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარ პოზიციებს გადახედოს, თუკი ამერიკა ქართველი პოლიციელებისთვის სანქციების დაწესების მსგავს კიდევ ერთ გადაწყვეტილებას მიიღებს.
აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრისას პრემიერმა ირაკლი კობახიძემ შეშფოთება გამოთქვა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების გამო, რომელიც საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, პოლიციელების მიმართ სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, განმეორების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების თვისებრივი გადახედვა განაპირობოს, რადგან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება წინასაარჩევნოდ ოპოზიციის შანსების გაუმჯობესებაზეა გათვლილი, რაც სრულიად კონტრპროდუქტიულია და ოპოზიციის საარჩევნო შედეგს ვერ წაადგება.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ კობახიძისა და დანიგანის შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა თქვა ის, რასაც ქართველი ხალხი ამბობს.
„ქართულ ოცნებაში“ პრემიერის განცხადებას იზიარებენ ამერიკასთან მიმართებით და შემხვედრი ნაბიჯების გადადგმაზე საუბრობენ. „ქართული ოცნების“ დეპუტატის გივი მიქანაძის თქმით, თუკი ამერიკის მხრიდან ეს რიტორიკა, ეს პოზიციები და ასეთი უსამართლო გადაწყვეტილებები გაგრძელდება, გუნდში იქნება მსჯელობა, რა შემხვედრი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას „ქართული ოცნების“ მხრიდან.
რას ნიშნავს ამერიკის მიმართ საქართველოს პოზიციის გადახედვა მაშინ, როცა ურთიერთობის გადატვირთვაზეა საუბარი საქართველო-ამერიკას შორის, რაც, მმართველი გუნდის აზრით, ამერიკაში ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ დაიწყება?
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ქართული მხარის მხრიდან პირველად გავიგეთ სიტყვების ასეთი კონსტრუქცია-გადავხედავთ ურთიერთობას ამერიკასთან მიმართებით, თორემ ამერიკული და ევროპული მხარეებისგან ხშირად გვესმის ასეთი მუქარა, ისინი ხშირად გვემუქრებიან, თუ „გამჭვირვალობის შესახებ კანონს“ უკან არ დააბრუნებთ, გადავხედავთ პოზიციას საქართველოსთან მიმართებითო, მაგრამ ჯერჯერობით არსებითად არაფერი ხდება, გარდა იმ ოთხი ადამიანის ვიზებთან დაკავშირებული შეზღუდვების.
„ასეთი მუქარით ჩვენ არ მივმართავთ სხვა ქვეყნებს, რადგან ჩვენ სულ მოწაფის როლში ვართ. მასწავლებელმა რომ მოწაფეს უთხრას, ახლა გაგაგდებ ოთახიდან, ამას შეჩვეულნი ვართ, მაგრამ მოსწავლემ რომ მასწავლებელს აკადროს იგივე, ამას არ ვართ შეჩვეულნი. ჯერჯერობით უბრალოდ სიტყვებით ჭიდაობა მიმდინარეობს, ესაა კუნთების თამაში, თუმცა კუნთებიც არ გვაქვს, ამიტომ რას ვათამაშებთ, კაცმა არ იცის. უბრალოდ, ჩემი აზრით, ამერიკელებმა იმ ტონში მიიღეს პასუხი, რა ტონშიც თვითონ გვესაუბრებიან“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.
რამდენად გაჭრის ამერიკასთან მიმართებით მუქარის ტონი და შეგვიძლია თუ არა სტრატეგიული პარტნიორი -ამერიკა გავცვალოთ სხვა ქვეყანაში, ამასთან დაკავშირებით რამაზ საყვარელიძე განმარტავს, რომ ორი მხარიდან ერთი როცა მაგიდაზე ხელებს გიბრახუნებს, მერე მეორე ადამიანსაც მოუნდება, ხელები დაუბრახუნოს. ანუ ადამიანური რეაქციაა, რომ სხვას მოექცე ისე, როგორც თვითონ გექცევა. ამერიკელები თვითონ გვექცევიან ასე, გვაფრთხილებენ, არ გადახვიდეთ ხაზზე, ჩვენც ასევე ვუპასუხეთ.
„ჭრის თუ არა ეს ტონი ამერიკაზე, დავაკვირდეთ, ისინი ხშირად იმუქრებიან, ოღონდ ჯერჯერობით, რომ შევაჯამოთ, ას კაცთან მიმართებით მაინც უნდა ჰქონდეთ სანქცია დაწესებული, ვინაიდან ორმოც კაცთან მიმართებით იყო ადრე საუბარი, ახლა კი 60 კაცზეა, ჯამში, ეს გამოდის 100 ადამიანი. თუმცა სად არის ეს დასანქცირებული ასი კაცი, რომელსაც ეძებს მთელი საქართველო და ვერ ვიპოვეთ, არავინ იცის. ვინმე დასანქცირდა? როგორც იმუქრებოდნენ, დასანქცირებული პოლიტიკური ელიტა სად არის? პარლამენტში არ უნდა იყოს? სამაგიეროდ, „ალტ ინფოს“ დაუწესეს სანქციები და პოლიციელებს. ანუ ამერიკელებიც გაბედულად ვერ იქცევიან, უფრო მეტი მუქარაა მათ განცხადებებში და თავიანთ მუქარას ვერ ასრულებენ ისე, როგორც ამბობენ“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ საკმაოდ დამაბნეველი განცხადებაა ამერიკის მიმართ პოზიციების გადახედვა. კობახიძის განცხადება უფრო მუქარას და შანტაჟს ჰგავს, ვიდრე რეალობას.
ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ძნელი წარმოსადგენია, საქართველოს რა საპასუხო რეაქციები ექნება ამერიკასთან მიმართებით, რით დააზიანებს ამერიკას. მაშინ, როდესაც, თუ ჩვენი პარტნიორები გააგრძელებენ სანქციების დაწესებას, ეს არ იქნება მარტო პოლიტიკური გადაწყვეტილება და სანქციებს მოჰყვება ის, რომ საქართველო რამდენიმე დღეში დაიცლება საზღვარგარეთელი ინვესტორებისგან, ბრენდებისგან, კიდევ უარესიც შეიძლება მოხდეს, თუკი დაიწყო არალეგალი ქართველების დეპორტირება ევროპიდან და ამერიკიდან.
„ფინანსური ინსტიტუტები მთლიანად მოიშლება, ჩვენ ხომ, ფაქტობრივად, დასავლურ დახმარებებსა და ჩვენდამი გატარებულ სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკაზე ვართ ჩამოკიდებულნი. რა შეუძლია საქართველოს, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი რუსეთთან უფრო მჭიდრო კავშირი გვექნება?! ცალსახად, თუკი ამერიკას ომს უცხადებ, გინდა თუ არ გინდა, სხვა ვარიანტი არ არსებობს, რუსეთის გარდა. რაც შეეხება ჩინეთს, ეს ქვეყანა ძალიან შორსაა, ჩინეთი სხვა პოლიტიკას ატარებს, საქართველოს გულისთვის ჩინეთი ამერიკასთან რაიმე კონფლიქტზე წავა? ჩინეთი ისედაც გაჭირვებულია, რადგან ამერიკა უზღუდავს ვაჭრობას ამერიკის ტერიტორიაზე. მეორე მხრივ, ჩინეთს საკუთარი პოლიტიკა აქვს რუსეთთან მიმართებით, ნელ-ნელა იპყრობს რუსულ ბაზარს და არც ამერიკის, არც რუსეთის გაღიზიანებაზე ჩინეთი არ წავა. რომც შემოვიდეს ჩინეთი საქართველოში, რას შემოიტანს? ჩინეთს ხომ თავისი პროდუქციის გასაღებაც უჭირს. ჩინური ინვესტიცია თუ შემოვა საქართველოში, იმ განზრახვით კი არა, რომ მას საქართველოს ბაზარი აინტერესებს, შემოვა სწორედ იმ განზრახვით, რომ საქართველოს ეკონომიკური შეღავათები აქვს ევროკავშირში და საქართველოში დამზადებული ჩინური პროდუქცია შეიძლება ევროპაში შეღავათიანად გავიდეს. თუ ევროპა ამ გზას ჩაკეტავს, მაშინ ჩინეთს საქართველო რაში სჭირდება?!“ - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ for.ge-სთან საუბრისას.
მანვე დასძინა, რომ სექტემბრის ბოლოს კობახიძეს ამერიკაში ვიზიტი აქვს, საბოლოოდ ამ ვიზიტის შემდეგ გაირკვევა, საქართველო უბრუნდება რეალურ და მისთვის მისაღებ კურსს, თუ ჩვენი ხელისუფლება აგრძელებს იმ პოლიტიკას, რა პოლიტიკაც დღეს აქვს დასავლეთთან მიმართებით. ჩვენ ბელორუსზე გაცილებით მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით ეკონომიკურადაც და სოციალურადაც, რადგან ბელორუსმა შეინარჩუნა საბჭოური წარმოება, ჩვენ კი აღარც ძველი წარმოება გვაქვს და ვერც ახლის წარმოებას ვახერხებთ. ამდენად, ამერიკის გარეშე ყოფნა კატასტროფა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, ამდენად, სასურველია, ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობა დარეგულირდეს და ჩვენ დავუბრუნდეთ იმ რეალობას, რაშიც ვცხოვრობდით თუნდაც 2022 წლამდე, უკრაინაში ომის დაწყებამდე. სავარაუდოდ, გარდა სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკაზე საუბრისა, კობახიძეს უსაფრთხოების გარანტიებზეც ექნება საუბარი ჩვენს პარტნიორებთან.
Комментарии 1