ლიკა ბერიკაშვილი
სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციას პრეზიდენტობის მეორე ვადით საკუთარ კანდიდატურას ღიად სთავაზობს. ფრანგულ გამოცემა Figaro-სთან ინტერვიუში ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ მანდატის ამოწურვის შემდეგ, მეორე ვადით კენჭი იყაროს.
მის ამ განცხადებას ოპოზიციის ნაწილიც გამოეხმაურა, რომლებმაც ზურაბიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადეს. მმართვეელ გუნდში კი ამბობენ, რომ ჯერ ოპოზიციამ უნდა გაიმარჯვოს საპარლამენტო არჩევნებში, რომ ზურაბიშვილი აირჩიონ. მეორე მხრივ კი, მათი აზრით, ზურაბიშვილი რეალობას არის მოწყვეტილი და ოპოზიციის „მარიონეტად“ მიიჩნევენ.
„მზად ვარ ავიღო დიდი პასუხისმგებლობა, მათ შორის მეორე ვადით, რათა საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას. თუ ჩემ მიერ შეთავაზებული ქარტია ამოქმედდება, მზად ვარ ვიყო მომლაპარაკებელი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან“, - ამბობს Figaro-სთან ინტერვიუში ზურაბიშვილი და ამასთან, დასძინა, რომ ივანიშვილის პარტია გაზაფხულის საპროტესტო აქციების შემდეგ დასუსტებულია და გამოკითხვების მიხედვით, 25%-ზე მეტს ვერ იღებს.
„მმართველი პარტია დასუსტებულია გაზაფხულის საპროტესტო აქციების შემდეგ. გამოკითხვების მიხედვით, 25%-ზე მეტს ვერ იღებენ. ქართველების უდიდესი უმრავლესობა მტკიცე რჩება ევროპისკენ სწრაფვაში, იმ დონემდე, რომ „ქართულ ოცნებას“ მოუწია, გადაეხედა თავისი ლოგოსთვის და საარჩევნო პლაკატად აერჩია ისეთი სიმბოლო, რომელიც აერთიანებს მათ ლოგოს ევროპულ დროშასთან“.
იქნება თუ არა სალომე ზურაბიშვილი ახალ პოლიტიკურ მოცემულობაში საპრეზიდენტო კანდიდატი, ეს პირდაპირ არის დამოკიდებული არჩევნების შედეგებზე. მომავალ პრეზიდენტს 300-კაციანი საარჩევნო კოლეგია (ხმოსნები) ირჩევს. მათგან 150 პარლამენტის წევრია, დანარჩენი 150 კი რეგიონების საკრებულოების და უმაღლესი საბჭოს წევრებით უნდა შეივსოს. ამიტომ ყველაფრი დამოკიდებულია იმაზე, რა პოლიტიკური ბალანსი დაჯდება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
ფრანგულ მედიასთან პრეზიდენტის ინტერვიუს შემდეგ ოპოზიციური პარტიების ნაწილი მეორე ვადით ზურაბიშვილის პრეზიდენტობის მომხრეა. პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა გადამწყვეტ ეტაპზე ქვეყნისთვის საჭირო ნაბიჯები გადადგა და ევროინტეგრაციის პროცესში მისი როლი მნიშვნელოვანი იქნება.
„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტმა ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად სწორი როლი ითამაშა.
პოლიტიკოსის თქმით, თუ ვადის ამოწურვის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობაზე კენჭისყრას გადაწყვეტს, სალომე ზურაბიშვილს „ძლიერი საქართველოს“ მხარდაჭერა ექნება.
პრეზიდენტის ყველა ინიციატივა მოსწონთ და მის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევას მხარს უჭერენ გიორგი გახარიას გუნდში.
რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას, ამ ეტაპზე მათგან მკაფიო პასუხი არ არსებობს. პარტიის გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა თქვა, რომ ახლა მთავარი ფოკუსი, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებაა.
პრეზიდენტის პოლიტიკური განაცხადს „ოცნება“ ილუზიებს უწოდებს. პრემიერი ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის მეორე ვადით გაპრეზიდენტებას გამორიცხავს და ოპოზიციის „მარიონეტად“ მოიხსენიებს.
„ეს ადამიანი აცდენილია ყველაფერს. იცით, რომ ის არ სარგებლობდა დიდი ნდობით, მაგრამ ჩვენი ხათრით, არჩეულ იქნა შესაბამის თანამდებობაზე და დღეს პირდაპირ დაუპირისპირდა იმ ადამიანებს, რომლებმაც ის აირჩიეს და აღმოჩნდა რადიკალური ოპოზიციის ბანაკში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული, კონსტიტუციის მიხედვით, თუმცა ის არის რადიკალური ოპოზიციის რიგებში. სამწუხაროდ, მათი ერთ-ერთი მარიონეტია, ამის ფონზე მისი ასეთი ალოგიკურობა არის აბსოლუტურად ლოგიკური“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ფართო საზოგადოებაში თავი არაადეკვატურობით დაიმკვიდრა, ის არის კონსტიტუციის დამრღვევი, არაკომპეტენტური, რომელიც „ნაცბაბლის“ უნიჭო გზავნილებს იმეორებს.
„რა კვლევებს ეყრდნობა ზურაბიშვილი, როდესაც ფრანგულ გამოცემასთან ამბობს, რომ თითქოს „ქართულ ოცნებას“ 25% აქვს? შემთხვევით ეს ძებნილი კეზერაშვილის ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაკვეთილი კვლევის შედეგები ხომ არ არის?! თუ „მთავარი არხის“, რომელიც „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიაა. ეს აჩვენებს იმას, რომ ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობის“ ნარატივს თუთიყუშივით იმეორებს. სასაცილო ისაა, რომ ის საკანონმდებლო დეტალებშიც ვერ ერკვევა და არ იცის, რომ მომდევნო პრეზიენტს ის პოლიტიკური ძალა ირჩევს, რომელიც ხელისუფლებაში მოვა და უმრავლესობა ეყოლება. პრეზიდენტს ირჩევს 300 ხმოსანი და მათემატიკაშიც კი ვერ ერკვევა ზურაბიშვილი. ილუზია აქვს, რომ ოპოზიცია უმრავლესობით მოვა და ამ 300 ხმოსანში ის გარანტირებულად ხმათა უმრავლესობას მიიღებს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ როცა რადიკალური ოპოზიციის ნიშაში ესა თუ ის პოლიტიკოსი ხვდება, ის მყისიერად, პოლიტიკანი ხდება და აუცილებლად უნდა მოხვდეს უწიგნურებისა და კანონის არმცოდნე პოლიტიკოსების რიგებში.
რაც შეეეხება სხვა განცხადებებს, ისეთი შთაბეჭდილება დარჩება ადამიანს, რომ მას რამდენიმეწლიანი დიპლომატიური და პოლიტიკური გამოცდილება საერთოდ არ აქვს. რასაკვირველია, აქვს, მაგრამ როცა რადიკალები მას ერთ-ერთ პოლიტიკურ რუპორად და შირმად იყენებენ, იქ აუცილებელია მისი ერუდიცია და გამოცდილება დამდაბლდეს ისეთ დონეზე, როგორიც კოლექტიურ ხაბეიშვილებს, წითლიძეებს და ვაშაძეებს აქვთ. ეს არის მისი პირადი ტრაგედია. როცა არჩევნები ჩაივლის და ვერც ერთ გაყალბების მტკიცებულებას ვერ მოიტანენ და „ოცნებაც“ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვა, მაშინ მას საფრანგეთში გადახვეწა მოუწევს ან სხვაგან წასვლა. მას ვერ აიტანს ის მოსახლეობა, რომელმაც 2018 წელს აირჩია და ასე უმტყუნა“, - ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, სჯობს ჯერ რადიკალები შეთანხმდნენ ვინ იქნება მათი ე.წ. პრემიერ-მინისტრი. სასაცილოა, რომ ზურაბიშვილს მხარდაჭერას ის პარტიები უცხადებენ, რომელთა ბარიერის გადალახვაც კი გაუჭირდებათ.
„ჯერ ჯობია მომავალი ეფემერული პრემიერი დაასახელონ და ხალხს გააგებინონ ვინ ჰყავთ ლიდერი, რომელმაც ქვეყანა უნდა მართოს. ხოლო მერე დაასახელონ ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი. თუმცა ოპოზიციისგან მიჩვეულები ვართ პოლიტიკურ საბავშვო ბაღის თამაშს. ე.წ. კოალიციურ მთავრობაზე, ტექნიკურ მთავრობაზე საუბარი არაერთხელ მოგვისმენია. თუმცა ამ რადიაკლებს, რომლებიც დეკრალირებულად ვითომ პროდასავლური ძალები არიან და რეალურად ანტისახელმწიფოებრივი ძალები არიან, სერიოზული პრობლემა აქვთ. ოპოზიცია ლეგიტიმაციას დასავლეთში ეძებს და არა ქართულ საზოგადოებაში. ამიტომაც ზურაბიშვილის მეორედ პრეზიდენტად დასახელება, როგორც ჩანს, დასავლეთის გულის მოსაგებად უნდათ, თორემ მას ლიდერად და რაიმე რეიტინგის მქონე პოლიტიკოსად არც მიიჩნევენ. საქართველოს ნებისმიერ არჩევით ორგანოს თუ პირს, საქართველოს მოსახლეობა ირჩევს, სადაც ნაცრადიკალებს არანაირი შანსი არა აქვთ, რომ უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვონ. ამიტომ ამ ტრაგიკომიკურ სურათს ვუყურებთ, როცა ჯერ არჩევნები არ მოუგიათ და უკვე პრეზიდენტის არჩევანზე მსჯელობენ“, - ამბობს აბაშიძე.
Комментарии 10