(4)
5-05-2013, 17:06. ავტორი: lullaby გოგოებს დავურეკე და ვუთხარი, რომ ნახევარი საათით დამაგვიანდებოდა. მიზეზი არ მითქვამს. თეომ იბუზღუნა და მობილური გაბრაზებულმა გამითიშა.
ექიმმა პატარ-პატარა პროცედურები ჩამიტარა და რაინდი პოლიციელი დაარწმუნა, რომ არაფერი მიჭირდა. მითხრა, კარგი იქნება თუ ბევრს არ ივლი და დაისვენებო და კაბინეტიდან გამომისტუმრა. პოლიციელმა მიმღებში თანხა გადაიხადა და საავადმყოფოდან გამოვედით.
- შემიძლია სახლამდე მიგიყვანო. - მითხრა მან, როცა მანქანასთან მივედით. შემატყო, რომ იქ ჩაჯდომას აღარ ვაპირებდი.
- სახლში არ მივდივარ. - ვუპასუხე მე.
- იქ მიგიყვან, სადაც მიდიხარ.
ეჭვის თვალით შევათვალიერე მიმზიდველი პოლიციელი, რომელსაც ხელები თეძოებზე დაეწყო და ჩემს პასუხს უცდიდა. ბანკი, რომელშიც მე მივდიოდი ვაკეში იყო, ჩვენ კი წერეთელზე ვიმყოფებოდით. საკმაოდ შორი მანძილი იყო, ეს კი საკმარისი მიზეზი იყო იმისთვის, რომ პაპანაქება სიცხეში ავტობუსით მგზავრობაზე უარი მეთქვა. თუმცა ისიც არ ვიცოდი, რატომ უნდა დავთანხმებულიყავი მის წინადადებას.
- და შემდეგ შენი სამუშაო, პოლიციელო? - ვკითხე.
- გეგა მქვია. არაუშავს, ჩემს პარამეტრზე მხოლოდ მე არ ვარ. გავაფრთხილებ და მიზეზს ავუხსნი.
- კარგი, მხოლოდ ერთი პირობით - ღვედს არ გავიკეთებ!
- შევთანხმდით, მაგრამ ღვედი რას გიშავებს წითელთმიანო?
- მეგი მქვია. იმას მიშავებს, რომ თავისუფლება მიყვარს და დაბმულ მდგომარეობას ვერც ფიზიკურად და ვერც სულიერად ვერ ვიტან.
ახალგაცნობილ გეგას ჩაეცინა, მანქანის კარი გააღო და ხელით მანიშნა დაჯექიო. თვითონაც საჭეს მიუჯდა, ვუთხარი სადაც მივდიოდი და მანქანაც დაძრა.
- მაინც სად გარბოდი ასეთი დაბნეული? - მკითხა მან.
- ბედთან შესახვედრად. - ჩავუფხუკუნე, მაგრამ გულში რაღაცამ გამკრა. ბოშას სიტყვები გამახსენდა - “ის ხომ ერთ ნაბიჯშიაო”. ჯანდაბა! თავი გავიქნიე და ტუჩზე ვიკბინე.
- რაა? - გაეცინა მას.
- დაივიწყე. ფორმა რატომ არ გაცვია? - სასწრაფოდ შევცვალე თემა.
- უბნის ინსპექტორი ვარ. თანამდებობა მაძლევს უფლებას ხანდახან უფორმოდ ვიყო.
- დიდი ხანია “ძაღლი” ხარ? - ვთქვი თუ არა, მაშინვე ტუჩზე ვიკბინე. “უი, უკაცრავად!” გავიფიქრე, მაგრამ ხმამაღლა არაფერი მითქვამს, მხოლოდ ჩემს ტავზე გამეცინა.
- ორი წელია. - წარბები აზიდა და უნდობლად შემათვალიერა.
- არ გეტყობა, იარაღს თუ არ ჩავთვლით.
- ხო, რა ვიცი, შუბლზე არ მაწერია, რომ პოლიციელი ვარ.
- მაინც რა გევალება?
- რა უნდა მევალებოდეს, ყველაფერი უკანონოს აღკვეცა და მოქალაქეთა დახმარება.
- ოხ ეს პროფესიული ტერმინები, კანონი და პატრიოტიზმი! როგორ დავიჯერო, რომ ერთხელ მაინც არ მოგიწევია პლანი ან მარიხუანა?!
ბიჭმა ჯერ გაოცებულმა შემომხედა, შემდეგ გულიანად გადაიხარხარა და მითხრა:
- კარგი ვინმე ხარ, ხო იცი.
- ვიცი. ამიტომაც არ ვეხატები არავის გულზე, გარდა ჩემი ორი მეგობრისა.
- ხო, ალბათ ზალიან დიდი ტავის ტკივილი ხარ!
- ჰმ! - უნდობლად გავხედე.
- ერთით ერთი. - ნიშნისმოგებით თქვა მან.
უცნაური იყო, მაგრამ ეს პოლიციელი მომეწონა. ჭკვიანი და მოხერხებული ადამიანი ჩანდა. თუმცა ისიც, როგორც ნებისმიერი უცხო ადამიანი, ჩემს ცხოვრებაში გამვლელი იყო, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით ოდნავ დიდხანს დამამახსოვრდებოდა, როგორც ის ლამაზი, მატყუარა, მოცლილი ბოშა. გეგა სულ რომ არაფერი, მანქანით დამეჯახა და ეს არც ისე უმნიშვნელო ამბავი იყო ჩემს ცხოვრებაში.
ხელით სარლის უკანა ჯიბე მოვისინჯე, ფული ადგილზე იყო. საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ საშინელი წყურვილის გრძნობა მაწუხებდა და ვფიქრობდი მეთქვა თუ არა “ჩემი გმირისთვის” წყალი რომ მინდოდა, თუ ისევ მომეთმინა.
- რამე მოხდა? - არ გამოეპარა მის დაკვირვებულ თვალს ჩემი ფუსფუსი.
- შეგიძლია სადმე მანქანა გააჩერო? წყლის ყიდვა მინდა.
- იმედია მხოლოდ წყლის ყიდვა და არა გაპარვა.
- გაპარვა რომ მდომოდა, საავადმყოფოშიც მოვახერხებდი.
- კარგი. - თქვა მან და რამდენიმე წამში მანქანა გააჩერა. გადასვლა დავაპირე, მაგრამ მან შემაჩერა. - იყავი, ახლავე მოვალ.
- კი, მაგრამ… - მისი გაჩერება მინდოდა, მაგრამ მანქანიდან გადავიდა და უცბად კარის საკეტის სიგნალის ხმა მომესმა.
ღმერთო, ჩემო, მანქანაში ჩამკეტა! ისე გამაცოფა მისმა საქციელმა, რა გამეფუჭებინა არ ვიცოდი. თან წყლის ყიდვაც თვითონ მომინდომა, ჰაჰ, იდიოტი! არა, მაინც ჯენტლმენური საქციელია, თუ არ ჩავთვლით მანქანაში გამომწყვდევას. რამდენიმე წუთში დაბრუნდა, მანქანა გააღო და ჩაჯდა.
- იქნებ ამიხსნა რა გააკეთე? - გავხედე შუბლშეკრულმა.
- “თავის ტკივილა” ადამიანებს ვერ ვენდობი! - გამიღიმა, ქილა გამომიწოდა და მანქანა დაძრა.
- ეს რა არის?
- ცივი ყავა. ცოტაოდენი კოფეინი შენი მდგომარეობისთვის სასარგებლოა.
- ჰმ, მადლობ. - ვუთხარი, ქილა გავხსენი და ცივი სითხე მოვსვი. მგონი წყალზე მეტად მეგემრიელა. - შენ?
- რა, მე?
- არ გინდოდა ყავა?
- არა, ყავას არ ვსვამ.
- არ მითხრა, რომ არასოდეს დაგილევია.
- არასოდეს. - გამიღიმა მან.
- უცნაურია. - ტუჩები დავბრიცე გაოცებულმა. - დღესდღეობით თითქმის ყველა ყავამანიითაა დაავადებული.
- გამოდის, რომ მე ჯანმრთელი ვარ. - ჩაილაპარაკაკმაყოფილმა. - სამაგიეროდ შავ ცაის მივირთმევ დიდი სიამოვნებით.
- აუცილებლად დაგპატიჟებ, როცა სხვა ცხოვრებაში შევხვდებით.
- არ დამავიწყდება. - გაიცინა მან. - მაგრამ, ვაი თუ სხვა ცხოვრებაში შავი ჩაი აღარ მიყვარდეს?
- მით უკეთესი. იმედია ყავა გეყვარება და ჩაის დაყენებით აღარ მოვიკლავ ტავს. - გავიცინე და ქუჩას გავხედე. უკვე ვაკეში ვიყავი და ბანკსაც ვხედავდი. - აი აქ გამიჩერე. - ვუთხარი მე და რამდენიმე წამში მანქანაც შეჩერდა. დანანებით გავხედე პოლიციელს, მაგრამ ყველანაირად ვეცადე სინანული სახეზე არ აღმბეჭდვოდა. ის იმ თითქოსდა დაუჯერებელი, პატარა თავგადასავლის გმირი იყო, რომელიც მე გადამხდა რამდენიმე საათის წინ და და ცოტა არ იყოს მენანებოდა, უმისამართოდ რომ გაქრებოდა დამშვიდობების შემდეგ. - კარგი გეგა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა დახმარებისთვის. ახლა მე წავალ.
- მუდამ თქვენს სამსახურში… - მხრები აიჩეჩა მან.
- სხვა ცხოვრებაში შევხვდებით ყავაზე.
- ან ჩაიზე. სხვა ცხოვრებამდე, მეგი. - გამიღიმა და თვალი ჩამიკრა. მის ამ ჟესტზე გამეცინა, კიდევ ერთხელ შევათვალიერე მისი ლამაზი სახე, მანქანიდან გადავედი და გარედან ხელი დავუქნიე. მანაც ასევე მიპასუხა, შმდეგ მანქანა დაძრა და რამდენიმე წამში თვალს მოეფარა.
ამოვიოხრა და თითქოს სიზმრიდან გამოვედიო, სულ სხვა თვალით მოვათვალიერე გარემო. თეო და გვანცა არსად ჩანდნენ. ჯიბიდან მობილური ამოვიღე და “მშიერს” დავურეკე. მითხრა ბანკში ვართ და შენი გორილა ძმაც აქ არისო. გამიკვირდა, თედოს იქ რა უნდოდა? ის ხომ სახლში დავტოვე? ალბათ ხელფასისი ასაღებად იყო მისული, მაგრამ რაღა მაინცდამაინც ამ ბანკში? ამაზე ფიქრს თავი ვანებე. დილანდელი ინციდენტი - ჩემს ძმასთან კამათი გამახსენდა ტეოს სურათთან დაკავშირებით და გამეცინა. მობილური გავთიშე და ბანკისკენ წავედი.
მიუხედავად იმისა, რომ თედო არც ჩასხმული იყო და არც მსუქანი, თეო მას ყოველთვის გორილას ეძახდა. როცა მივხვდი, რომ აქ ფიზიკურობა არაფერ შუაში იყო, თეოს გამოგონილ მეტსახელს სრულიად ავუბი მხარი, მაგრამ თავად თედოს ასე არასოდეს მივმართავდი. ჩემი ძმა ფიცხი და ფეთქებადი, მაგრამ ამავდროულად ზომიერად დინჯი იყო. თეოს გამონათქვამებზე ადვილად ღიზიანდებოდა და ალბათ სწორედ ამიტომ მიიღო მისგან ეს ზედმეტი სახელი.
ბანკში ისე კარგად გრილოდა, რომ პირდაპირ ქუჩის სიცხიდან შესულს ტანზე ეკალმა დამაყარა. საკმაოდ დიდ ოთახში ხალხი ირეოდა. ერთ ფერ პერანგებსა და ბაფთებში გამოწყობილი ბანკის თანამშრომლები თავაზიანად უღიმოდნენ და ესაუბრებოდნენ თავიანთ მომხმარებლებს. სალაროებთან რიგი იყო, მათგან ოდნავ მოშორებით კი მოსაცდელ კუთხეში რბილ სავარძელზე თედო, თეო და გვანცა ისხდნენ.
მათთან მივედი და გავიგე, რომ თედო სრულიად შემთხვევით აღმოჩენილა იმავე ბანკში, სადაც ჩვენ ვაპირებდით მისვლას. ცოტა უცნაური იყო ასეთი დამთხვევა, მაგრამ ამაზე ფიქრს თავი ვანებე და მათთან ერთად დავიწყე ლოდინი, როდის მოვიდოდა ჩვენი ჯერი. გვანცამ მკითხა, რატომ დაგაგვიანდაო, მეც ვუთხარი მანქანა დამეჯახა მეთქი.
- მეგი, სანამ სიმართლეში გამომიტყდები, წინასწარ გაფრთხილებ, რომ სულების მეშინია. - დამცინა მან და რა თქმა უნდა ჩემი ნათქვამი არ დაიჯერა. აღარაფერი ვუთხარი, ყველაფერს საღამოს მოვუყვებოდი.
- ყოველ დღე ზომბის გვერდით დადიხარ და სულების გეშინია? - თეო იგულისხმა თედომ.
- საერთოდ ზომბები უფრო საყვარლები ვართ, ვიდრე გორილები. ჩვენ ადამიანური სახეები მაინც გვაქვს. - ჩიფსი ჩაახრამუნა თეომ.
და დაიწყო დაუსრულებელი მეტაფორების სეტყვა. კიდევ კარგი მალევე მოვიდა ჩვენი დრო. თეო სალაროსთან მივიდა თავისი პირადობის მოწმობით. მეც იქვე ვიდექი და მოლარეს მოძრაობებს ვადევნებდი თვალს. გოგო, რომელსაც მკერდზე თავისი სახელი “მარიამი” ეწერა, ხშირად აპარებდა ლამაზად შეღებილ თვალებს თავისი ბანკის უცნაური მომხმარებლისკენ. თეონა კი არ იმჩნევდა და ჩემგან განსხვავებით, არანორმალური მოთმინებით ელოდა, როდის დასრულდებოდა ფულის აღების პროცედურა.
კარს გავხედე, რომელიც არ ჩერდებოდა. ბანკში შემოსულთა რიცხვი გასულებისას აღემატებოდა. შუშის კარიდან კარგად მოჩანდა ქუჩაში მოსიარულე, სიცხისგან შეწუხებული ხალხი. დავინახე, როგორ გაჩერდა ბანკის წინ თეთრი ფურგონი. მანქანა შევათვალიერე და ფანჯარას შევხედე, რომლის მიღმაც ორი ადამიანი მოჩანდა. ერთი, რომელიც თითქოს რაღაც დარიგებებს აძლევდა მძღოლს, დაახლოებით 35 წლის იქნებოდა, მეორე კი უფრო ახალგაზრდა, ალბათ 28 წლის. ხელები საჭესთვის ჩაებღუჯა და გვერდით მჯდომს თავს უქნევდა. უცბად ფურგონის უკანა კარი გაიღო და იქიდან სამი სავებში ჩაცმული კაცი გადმოვიდა, რომლებსაც ერთნაირი ლურჯი სპორტული ჩანთები ეკავათ.
არ ვიცი რატომ, მაგრამ იმ წამს ის საინფორმაციო გადაცემა გამახსენდა, დილით რომ ვუყურე მადრიდში ბანკის გაზარცვასთან დაკავშირებით. გული გამალებით ამიჩქარდა. თედოს და გვანცას გახვედე, რომლებიც ჩუმად საუბრობდნენ და ისევ ფურგონს შევხედე. წინ მჯდარი მამაკაციც გადმოსულიყო, ოთხივე ზურგით იდგა და თავზე შავ ქუდს იხურავდა.
მაშინვე თეონას გავხედე, რომელსაც ხელში უკვე გამოტანილი ფულის კონვერტი ეკავა და რაღაც საბუთზე ხელს აწერდა. მასთან ახლოს მივიწიე, ხელი მაჯაში ჩავავლე და ჩავჩურჩულე:
- ახლავე წავიდეთ აქედან!
თეონამ გაკვირვებულმა გამომხედა, კონვერტი დაკეცა და შარვლის უკანა ჯიბეში ჩაიდო. მაგრამ, ორი ნაბიჯი არ მქონდა გადადგმული, რომ ბანკში შემოვარდნილი ოთხი შეიარაღებული ნიღბოსანიდან ერთ-ერთმა მთელ ხმაზე იღრიალა:
- არავინ გაინძრეს! ყველა იატაკზე!
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев