17-06-2012, 21:56. ავტორი: Nessie ‘’არა’’, ეს ვიკივლე მხოლოდ და მაშინვე გულწასული ლოგინზე მივესვენე. არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი უგონოდ, მაგრამ როდესაც გამოვფხიზლდი, პირველი რაც დავინახე, იყო ედისონის შეშინებული თვალები. ოდნავ წამოვიწიე და მიმოვიხედე. გიო მერი-კეიტს ეჯდა კალთაში, მანანა დეიდა და გიო კარადასთან იდგნენ და რაღაცას ეძებდნენ:
-მე ამისი...- გიომ პირველად შეიგინა ქალების თანდასწრებით,- ვიცი, რომ აქ ინახავს ნინი.
-მიმიშვი შვილი, მე ვნახავ,- უთხრა მანანა დეიდამ.
-რას ეძებთ?- ვიკითხე სუსტი ხმით. გიომ მაშინვე ჩემთან მოირბინა, ედი უკან გადაჯდა, რათა გიოსათვის ადგილი დაეთმო.
-ნინი, როგორ ხარ?- მუცელზე მომეფერა.
-ნორმალურად, გიო რას ეძებ?- ჩემი ტვინი ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებდა ბოლომდე ყველაფერს.
-პასპორტს,- მითხრა და მზერა ამარიდა,- ნინი, არ მომატყუო, ხომ კარგად გრძნობ თავს?
-გიორგი შემომხედე!- იშვიათად მივმართავდი მას სრული სახელით, ამიტომ მაშინვე თვალებში ჩამხედა. მის თვალებში წავიკითხე მტკიცე გადაწყვეტილება და გამახსენდა...- გიო მამიდა... ის... დაჭრეს...- წამოდგომა ვცადე, მაგრამ გიომ დამიჭირა.
-ნინი დამშვიდდი,- მთხოვა ჩემმა მეორე ნახევარმა.
-გიო როგორ უნდა დავმშვიდდე? ის ხომ... ის სულ მარტო იყო და ჩემს გამო...- ცრემლი წამსკდა.
-ჩავალ და ყველაფერს მოვაგვარებ,- მითხრა გიომ და თავზე მაკოცა.
-რა თქვი?- თვალები გამიფართოვდა,- მეც მოვდივარ.- ისევ ვცადე წამოდგომა, მაგრამ გიოს ძლიერი ხელები არ მიშვებდნენ.
-არც იოცნებო!- ეს ისეთი მკაცრი ხმით იყო ნათქვამი, რომ სხვა შემთხვევაში შეწინააღმდეგებას ვერ გავბედავდი, მაგრამ ახლა საქმე ლია მამიდას ეხებოდა.
-გიორგი ის ჩემი გამზრდელი მამიდაა, ჩემს გამო ლამის მოკლეს. მისი ერთად ერთი სურვილი ჩემი ნახვაა და შენი აზრით მე აქ გავჩერდები? არც იფიქრო ჩემი შეჩერება, თორემ ეს ჩვენი პირველი და უკანასკნელი ჩხუბი იქნება.- მუქარაზე გადავედი.
-ნინი, მისმინე,- მის ხმაში მუდარა გაისმა, ხვდებოდა, რომ მხოლოდ ამით შეეძლო ჩემი დაყოლიება,- მალე მშობიარობა გიწევს, შენთვის ფრენა არ შეიძლება.
-არ მაინტერესებს.
-ნინი ის კაცი შენს მოკვლას აპირებს!- თანდათან ბრაზდებოდა.- ჩემზე არ ფიქრობ? ან გიოზე?- ხელით მანიშნა ჩემს უფროს ბიჭზე, რომელიც უკვე ედისონის მკლავებიდან გვიყურებდა დაბნეული და შეშინებული, მისი მშობლები პირველად კამათობდნენ,- ან ამ პატარა არსებაზე, რომელიც ჯერ კიდევ არ მოვლენია ამ ქვეყნიერებას?- მუცელზე დამადო ხელი,- ან ყველა იმ ადამიანზე ვისაც უყვარხარ.
-გიო, გამიგე. მასზე მეტად არავის ვყვარებივარ, მან გადამატანინა უდედობა და მამის სიცივე, მან აღმზარდა და ჩამომაყალიბა სრულფასოვან ადამიანად.
-და სწორედ ამიტომ, რომ გადარჩება და გაიგებს როგორ რისკავდი ძალიან გეჩხუბება. ჩემზე იფიქრე ნინი გთხოვ, უშენოდ მოვკვდები. არ მინდა რაიმე დაგიშავოს იმ კაცმა.
-ვერ დამიშავებს.
-ნინი ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაცული ციხიდან გაიქცა თანამზრახველთან ერთად, შენი აზრით გაუჭირდება შენი მოძებნდა და...- ვეღარ დაასრულა წინადადება.
-და შენ რომ მოგძებნოს?- ვკითხე ახლა უკვე შიშით და მას მივეკარი.
-მე თავს დავიცავ პატარა. არ მინდა გაწყენინო, მაგრამ შენზე გაცილებით ძლიერი ვარ,- მითხრა ყოველგვარ მხიარულებას მოკლებული სიცილით.
-გიო,- ეს ვუთხარი და მის მკერდში ჩავმალე თავი,- გიო მამიდასთან მიდი და აკოცე ჩემს მაგივრად, უთხარი რომ მიყვარს და რომ გამაგრდეს.
-აუცილებლად ვეტყვი,- დამპირდა. მე უეცრად ხელი გავაშვებინე, წამოვდექი, კარადასთან მივედი და იქიდან მისი პასპორტი ამოვიღე. გავუწოდე და რომ გამომართვა თავისკენ მიმიზიდა და ძლიერად მაკოცა. მერე ყველა გადაკოცნა, საბოლოოდ გიო აიყვანა და უთხრა:
-მამი შენ რჩები ახლა აქ უფროსად. შენ ხარ ოჯახში კაცი და ქალებს მიხედე კარგი? არავინ დაგვჩაგროს.
-მათ არავინ აწყენინებთ მა,- უთხრა ომახიანად და ჩაეხუტა, მერე კი ხმადაბლა უთხრა,- მამიკო ლია მამიდას უთხარი რომ არ წავიდეს, მე მიყვარს, დედიკოსაც, შენც და სანდრო ბაბუასაც. უთხარი ჩვენთან დარჩეს.
არ ვიცი საიდან ჰქონდა ამდენი მიხვედრილობა ამ თითისტოლა ბავშვს, მაგრამ დღითი დღე უფრო და უფრო მაოცებდა თავისი საუბრებითა და გამოთქმებით.
გიომ ბავშვი კართან ჩამოსვა, ისიც მაშინვე ედისონს მიეკრო. ყველამ გზა დაულოცა გიოს და სთხოვეს თავს გაფრთხილებოდა. მერე კი საბედნიეროდ ტაქტი ეყოთ და ყველანი გავიდნენ და მარტო დაგვტოვეს დამშვიდობების წინ:
-გიო, ჩვენი სიყვარული დაიფიცე, რომ თავს გაუფრთხილდები და უკან დამიბრუნდები.
-ჩვენს სიყვარულს გეფიცები,- მითხრა და ისე ძლიერად მაკოცა, რომ უნებლიედ დავიჯერე მისი სიტყვები.- შენ ბავშვებს გაუფრთხილდი ნინი და პირველ რიგში საკუთარ თავს, არ ინერვიულო, კარგი?
-გპირდები,- კიდევ ერთხელ ვაკოცე და წავიდა.
...
გიო თბილისში მშვიდობით ჩავიდა. მამას მძღოლი დახვდა აეროპორტში და მაშინვე მამიდასთან წაიყვანა. იქიდან დამირეკა და დამამშვიდა, მითხრა, რომ მამიდა უკეთ იყო. თავიდან არ მჯეროდა, მერე კი გიო და ჩვენი ჯერ კიდევ მუცლად მყოფი პაწია დაიფიცა და მეც დავუჯერე.
მეორე დღეს პოლიციაში წავიდა... ამის მერე კი არც მირეკავდა და არც სატელეფონო ზარებზე მპასუხობდა. შიშისაგან გული მელეოდა. მამამ მითხრა, რომ ალბათ შენიღბული შეიპარა მკვლელის გარემოცვაში. უცნაური გრძნობა მკლავდა.
-ედი, საქართველოში მივდივარ,- გამოვუცხადე მეოთხე დღეს, ბილეთი ტელეფონით დავჯავშნე და მხოლოდ ერთი ხელჩანთით წავედი აეროპორტში.
მთელი გზა ვწრიალებდი, ერთ ადგილას ვერ ვისვენებდი. ღმერთს მადლობას ვწირავდი იმისათვის, რომ პირველი კლასით ვმგზავრობდი და ჩემს გვერდით არავინ იჯდა, რადგან რომ მჯდარიყო, აუცილებლად შევაწუხებდი და არავინ მოითმენდა ამდენს. მახსენდებოდა ის საშინელი დღეები, როდესაც გიოს გარეშე ჩემს სამყაროში ვიყავი ჩაკეტილი და ცრემლს ძლივსღა ვიკავებდი.
თბილისი წვიმით შემეგება. სველი ბალახისა და ხეების სასიამოვნო სურნელი იდგა ჰაერში. სახლში რომ მივედი მამა ჯერ გაოცდა, მერე გაბრაზდა.
-მამა სად არის გიო?- არ ვაცადე პრეტენზიების გამოთქმა.
-გიო...- დაიბნა,- არ ვიცი.
-რას ჰქვია არ იცი მამა? ქალაქში მკვლელი დადის რომელსაც ჩემი ქმრის მოკვლა სურს და შენ... მშვიდად ზიხარ სახლში?- უეცრად პატარამ ფეხი მომარტყა და ძალიან მეტკინა. ვერც გავიაზრე ისე ვიტაცე მუცელზე ცალი ხელი, მეორეთი კი მაგიდის კიდეს ჩავეჭიდე.
-ნინი, დამშვიდდი მა, გთხოვ.- თვალებში შიში ჩაუდგა მამას.
-დამშვიდებას ნუ მთხოვ, ვერ დავმშვიდდები თუ არ მეცოდინება სად არის გიო და რა სჭირს. იქნებ დახმარება სჭირდება? იქნებ დაჭრილი სისხლისაგან იცლება სადმე? გულხელდაკრეფილი ვერ ვიჯდები.- თავი ხელში ავიყვანე, გავიმართე და მტკიცედ განვაცხადე,- პოლიციაში მივდივარ.
-არა ნინი, არ გინდა...- დაიწყო მამამ, მაგრამ ისე გადავხედე, რომ გაჩუმდა, მიხვდა, რომ ვერ გადამათქმევინებდა,- იმის ნება მაინც მომეცი, რომ წაგიყვანო.
-არ მინდა, მადლობა,- ვუთხარი ცივი ხმით, იმ წუთს ჩემთვის მნიშვნელოვანი მარტო გიო იყო, სხვას ყველაფერს მერე მივხედავ როდესაც დავრწმუნდები, რომ კარგად არის.
-მაშინ ჩემი მანქანით წადი,- გამომიწოდა გასაღები, ამაზე უარი აღარ მითქვამს, გამოვართვი და სახლი დავტოვე, თან ჩემს პატარას ვეხვეწებოდი ცოტა ხანს მოეთმინა რადგან ყრუ ტკივილები დამეწყო.
გიოს ყოფილი სამუშაო ადგილი ვიცოდი, ამიტომ გეზი პირდაპირ იქით ავიღე. რომ მივედი კაპიტანთან შეხვედრა მოვითხოვე, მაგრამ უარი მითხრეს, აღმოჩნდა, რომ რაღაც სპეცოპერაცია ტარდებოდა. გულმა ცუდი მიგრძნო და დაუკითხავად ავედი მესამე სართულზე, რომელზეც კაპიტანის კაბინეტი მეგულებოდა. მერე ადვილად მივაგენი. ყველა გაოცებული მიყურებდა, მაგრამ ჩემს შეჩერებას ვერავინ ბედავდა, ალბათ წაშლილი დ არანორმალური ადამიანის სახე მქონდა.
დაუკაკუნებლად შევედი. კაპიტანმა გაბრაზებულმა ამომხედა, მაგრამ როგორც კი დაინახა, რომ მის წინ ახალგაზრდა, ფეხმძიმე გოგონა იდგა თავი შეიკავა და ზრდილობიანად, თუმცა გაღიზიანებულმა მკითხა:
-რით შემიძლია დაგეხმაროთ?
-ქმარი მაპოვნინეთ,- ვუთხარი და ცრემლი წამსკდა. მაშინვე ფეხზე წამოდა და დივანთან მიმიყვანა, დამსვა და წყალი მომაწოდა. როდესაც ცოტა დავმშვიდდი მკითხა:
-ვინ არის თქვენი ქმარი და რა დაემართა?
-გიორგი ნებიერიძე,- ამის გაგონებაზე გაშრა, სახეზე მკვდრის ფერი დაედო. ამან უფრო შემაშინა.- რა სჭირს ჩემს ქმარს?
-თქვენ ნინი ხართ?
-დიახ. რა სჭირს გიოს? არ დამიმალოთ, გთხოვთ.- მან ჩემს მუცელზე გადაიტანა მზერა, ალბათ ეშინოდა რაიმე არ დამმართნოდა.- არაფერი მომივა, უბრალოდ მითხარით.
-გვთხოვა მისთვის დაგვევალებინა ჯაშის და მისი თანამზრახველის თვალთვალი. ჩვენც არ გავუწიეთ წინააღმდეგობა, რადგან ამ საქმეში დიდი გამოცდილება ჰქონდა, თან ჯაშს კარგად იცნობდა. ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ბოლოს ხაზზე 2 საათის წინ გამოვიდა და უცნაური რაღაც თქვა...- ნერწყვი გადაყლაპა.- ‘’თუ რაიმე მომივა, ნინის პატიება სთხოვეთ’’ და გაითიშა. სწორედ ახლა მზადდება სპეცოპერაცია იმ სახლში შესაღწევად სადაც ბოლოს იყო.
-სად იყო?- ჩემდა გასაოცრად საკმაოდ მშვიდად ვიკითხე. ალბათ ადრენალინისაგან დამთვრალმა ბოლომდე ვერ გავიაზრე მისი სიტყვები.
-თბილისიდან რამოდენიმე კილომეტრში, ახლა მივდივარ იქით. ნინი გპირდები ქმარს უვნებელს დაგიბრუნებ...- დაიწყო, მაგრამ მე გავაწყვეტინე.
-მეც თქვენთან ერთად მოვდივარ.- ეს ისეთი ტონით ვთქვი, რომ არც უცდია შეწინააღმდეგება.
ჩავჯექი მანქანაში მის რამდენიმე კოლეგასთან ერთად და წავედით, მაგრამ ერთი პირობა წამიყენეს, რომ აუცილებლად უნდა დავრჩენილიყავი სპეციალური ხაზის გარეთ. ამაზე დავთანხმდი. სწრაფად დადიოდა მძღოლი, ამიტომ მალევე მივედით დანიშნულების ადგილას, რომელიც აღმოჩნდა დაუმთავრებელი და მიტოვებული შენობა.
მაშინვე გადავედით მანქანიდან, ჩვენთან მოვიდა ერთ-ერთი სპეცნაზელი, უცნაურად ამათვალიერა, კაპიტანმა ოდნავ შესამჩნევად დაუქნია თავი და მან უფროსობას მოახსენა მდგომარეობა.
-შიგნით სრული სიჩუმეა, მაგრამ ნებიერიძის მობილურიცა და ყველა გადამცემიც ამ შენობაშია. თუმც მის ზუსტ ადგილმდებარეობასა და სხვა დეტალებს სანამ არ შევალთ იქამდე ვერ გეტყვით.- მუხლებში სისუსტე ვიგრძენი.
ამ დროს კი... საშინელი აფეთქების ხმა გაისმა. კაპიტანმა მაშინვე თავისი სხეულით დამიფარა. მე ყურებზე ავიფარე ხელები და ჩავჯექი. რამდენიმე წუთის შემდეგ სრული სიჩუმე გამეფდა მთელს პერიმეტრზე. ყველანი წამოდგნენ, მეც დამეხმარნენ წამოდგომაში. ისე ვუყურებდი ირგვლივ ყველაფერს, თითქოს საშინელ კოშმარში ვიყავი და ვერ ვიღვიძებდი. უეცრად ერთ-ერთმა თქვა:
-იქ მამაკაცის გვამია.- ყველამ იქით გაიხედა, საითაც ის ანიშნებდა. იქ მართლაც ეგდო მამაკაცის დასახიჩრებული გვამი. კაპიტანმა თან რამდენიმე სპეცნაზელი გაიყოლა და გვამთან მივიდნენ, ცოტა ხანს უყურეს, მერე კი უკან დაბრუნდა, თვალებში ვერ მიყურებდა.
-არა,- ვთქვი ხმადაბლა.
-არ ვიცი ის არის თუ არა,- მითხრა სიმართლე,- აღნაგობა მისი აქვს, მაგრამ სახე ერთიანად დამწვარი აქვს.
-მანახეთ, მე ვიცნობ.- ვუთხარი მტკიცედ.
-არ გირჩევთ. თუ... თუ ის არის... ეს მოგონება სამუდამოდ შეგაწუხებთ.
-მიმიყვანეთ,- ვუთხარი და პასუხს არც დაველოდე ისე გადავდგი ნაბიჯი.
როდესაც მივედი, მარტო ის გავიფიქრე, მადლობა ღმერთს არაფერი რომ არ ვჭამეთქო, სანახაობა ნამდვილად არ იყო სუსტნერვიანებისათვის. სახე მართლაც მთლიანად დამწვარი ჰქონდა, ტანსაც მხოლოდ ნაფლეთები უფარავდა. ვერ ვხვდებოდი როგორ უნდა მეცნო... მერე გამახსენდა... SAUDADE... დავიხარე, და გულთან გადავუწიე ნაჭერი...
-ღმერთო,- ეს ვთქვი და ხმამაღლა ავტირდი. კაპიტანი მოვიდა და მხარზე შემეხო:
-ვწუხვარ,- მე ავხედე.
-ის არ არის,- ვუთხარი და სახე ისევ ხელებში ჩავრგე. არავის შევუწუხებივარ ამის მერე.
-ნინი?- გავიგე ნაცნობი ხმა რამდენიმე წუთში. თავი ავწიე და შევხედე ასე ახლობელ, გულის წასვლამდე სიმპატიურ და ერთიანად გამურულ სახეს.
-გიო,- გაჭირვებით წამოვდექი და ჩავეხუტე.
ოდნავ მომიშორა. მამაკაცი, რომელიც მხარზე ჰყავდა გადაკიდებული ძირს დააგდო და კაპიტანს უთხრა:
-მეორეს ხელნაკეთი ბომბი აუფეთქდა, ამან გაქცევა სცადა, მაგრამ... შეგიძლიათ აიყვანოთ და უკეთ ჩაკეტოთ.- მერე მე მომიბრუნდა,- ნინი აქ რას აკეთებ?- თვალებიდან ელვას ჰყრიდა.
-გიორგი მერე გამიბრაზდები, ახლა მშობიარობა მეწყება,- ვთქვი და ვიკივლე.
მაშინვე მანქანაში ჩამსვა და სამშობიაროში გამაქანა. მე კი ტკივილისაგან ვიკრუნჩხებოდი. როგორს იქნა მივედით, ხელში ამიყვანა და ყვირილით შევარდა სამშობიაროში. მაშინვე დაგვეხვივნენ თავს მედდები. ერთ-ერთმა გიოს ჰკითხა:
-შემოხვალთ ბლოკში?
-კი,- მის მაგივრად ვუპასუხე და ხელი მოვუჭირე.
-მაშინ სჯობს გამოიცვალოთ,- უთხრა მედდამ. სანამ ის იცვლიდა, მე გასასინჯად შემიყვანეს.
-ყელი გახსნილია, დროა,- იყვირა ექიმმა. როდესაც პირველად გაჭინთვა მთხოვეს გიოც შემოვიდა, რომ დავინახე, მარტო ეს ვუთხარი:
-ნებიერიძე... მეზიზღები... ეს რა მიქენი,- ისევ გაუსაძლისი ტკივილი. კიდევ კარგი გიო გაუტკივარებით გავაჩინე. ნეტავ სხვა ქალები როგორ აჩენენ 10 და 12 ბავშვს? მე გადავყვებოდი. ამ ერთს თუ არ გადავყევი,- თუ გადავრჩი... მოგკლავ.
ამის მეტი აღარაფრის თქმა აღარ შემეძლო, ტკივილისაგან სული მეხუთებოდა. მაგრამ ცოტა ხანში პატარას ტირილის ხმა გავიგე და ყველა ტკივილი დამავიწყდა. კიდევ ერთი საოცრება მოევლინა ქვეყანას.
-გილოცავთ, გოგო გყავთ,- მითხრა ექიმმა.- მამას ხომ არ უნდა ჭიპლარის გადაჭრა?- ჰკითხა გიოს. გიომ შეხედა ბავშვის ჭიპლარს და გული წაუვიდა. მე ისტერიკული სიცილი ამივარდა.
...
-შეიძლება?- პალატის კართან ორი ჩემი ყველაზე საყვარელი მამაკაცი იდგა.
-კი,- გავუღიმე მე,- პატარა მალე დაამთავრებს ჭამას,- ვუთხარი და თავზე ვაკოცე პაწია გოგონას.
-დედი, როგორ ხარ?- მკითხა გიომ.
-კარგად დედი, როგორ იმგზავრეთ?
-კარგად. ედისონი და მერი-კეიტი გარეთ გელოდებიან.
-ნინი ლია მამიდა კარგად არის, რამდენიმე დღეში გამოწერენ,- მახარა გიომ. მე შვებით ამოვისუნთქე და უფალს მადლობა შევწირე.
-დე რა ჰქვია?- მკითხა გიომ, როდესაც საწოლზე ჩემს გვერდით მოკალათდა.
-ვიქტორია, და იცი რატომ?
-რატომ?- მკითხეს მამა-შვილმა ერთად.
-იმიტომ, რომ ეს სახელი გამარჯვებას ნიშნავს.
-ამხელა სახელი უნდა დავუძახო?- უკმაყოფილო იყო უმცროსი გიორგი ნებიერიძე.
-შეგიძლია ტორი დაუძახო.
-ტორი?- დაფიქრდა,- მომწონს.
მე გიოს ავხედე, მან მარტო გამიღიმა, მერე კი სამივე ჩაგვიხუტა.
-დღეიდან ყველაფერი ჩვეულ რიტმში გაგრძელდება,- მერე კი ყურში ჩამჩურჩულა:- მიყვარხარ ნინი.
-მეც მიყვარხარ,- ვუთხარი ჩუმად. დაიხარა და მაკოცა.
-მე შენ არასოდეს მიგატოვებ...
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев