13-06-2012, 20:32. ავტორი: Nessie მანქანაში ჩავსხედით და ხელები ჩავჭიდეთ ერთმანეთს. გიომ გადმომხედა და მის თვალებში მარტო ერთი კითხვა იკითხებოდა ‘’მზად ხარ?’’, მე თავი დავუქნიე, მან გამიღიმა, ნაზად შეეხო ჩემს ბაგეებს და მანქანა დაძრა. მამიდაჩემის სახლამდე მისასვლელად დიდი დრო არ დაგვჭირდა. გიომ მანქანა გააჩერა და ერთად ავედით სახლში. მოუთმენლად დავაკაკუნე, მამიდამ კარი გაგვიღო და მაშინვე გაიწია, გზა დაგვითმო.
-ნინი ახლა დავაძინე,- ერთი ეს გავიგე, მაგრამ საერთოდ არ მაინტერესებდა არაფერი. ჭკუის გადაკეტვამდე მენატრებოდა ჩემი გემრიელი ბიჭი. ჩემი პატარა, ვარდისფერი ბუშტი. ოთახში შევედი და დავხედე... ზურგზე ეძინა, პატარა თათუნები თავთან ეწყო და მშვიდად ფშვინავდა.
-დედი,- მთელი ჩემი გრძნობები ჩავაქსოვე ამ სიტყვაში.
ორი ურთიერთსაპირისპირო გრძნობა მახრჩობდა - ჩემს ერთ ნაწილს უნდოდა ხელში აეყვანა ბუნების (ჩემი და გიოსიც, რა თქმა უნდა) ეს საოცარი ქმნილება, ხოლო მეორე, ნაკლებ ეგოსტური ნაწილი არ მაძლევდა იმის საშუალებას, რომ გამეღვიძებინა ამ ტკბილი ძილიდან.
უეცრად თვალები გააღო და პირდაპირ მე შემომხედა. თითქოს იგრძნო დედის სიახლოვე, თითქოს მიხვდა... მერე გაიღიმა და ხელები ჩემსკენ გამოიწვდინა. ჯერ ერთი თვისაც კი არ იყო გიო და მისმა ასეთმა საქციელმა ისე დამაბნია, რომ შოკისაგან ერთ ადგილს შევეზარდე.
პატარას მოთმინებამ სულ რამდენიმე წამში უმტყუნა და რადგან არ ავიყვანე ხელში, უბრალოდ ატირდა. ამ ხმას ვერ გავუძელი, მაშინვე მასთან მივირბინე და მთელი არსებით ჩავეხუტე, ისე, თითქოს ვცდილობდი ჩემში მეგრძნო ისევ. დიდხანს ვკოცნიდი მის პაწაწუნა ხელებსა და ფეხებს. გიო კარში იდგა და გვიყურებდა, ტკბებოდა ჩვენი ცქერით. ისეთი ნეტარი სახე ჰქონდა, როგორც ბუდისტს ნირვანას განცდისას. ძალა უნებურად გამეცინა.
-გიო არ გინდა შენი ვაჟკაცის გაცნობა?- ვკითხე და თავით ვანიშნე მოსულიყო. მან თავი დამიქნია.
-კი, მაგრამ მეშინია,- უეცრად სახე მოექუფრა.
-რისი გეშინია?- ვკითხე გაოგნებულმა.
-რომ ვერ მიცნოს?- ამ სიტყვებზე გიჟივით გამეცინა. პატარამ შუბლი შეკრა.
-შენი აზრით ის ვინმეს სცნობს ახლა?
-ნინი შენ მაშინვე გიცნო...
-გიო, მე ის 9 თვე მუცლით ვატარე, ასე რომ არაა გასაკვირი...
-მეც მაგას ვგულისხმობ,- არ მაცადა დასრულება. მან არ იცოდა ფეხმძიმობისას ჩემი ავადმყოფობის ამბავი. ვარჩიე ჯერ არ მეთქვა, მაგრამ ახლა უკვე სხვა გზა არ მქონდა.
-გიო, მე ჩემი ფეხმძიმობა არ მახსოვს, მთელი პერიოდი საგიჟეში გავატარე, ჩემს სამყაროში ჩავიკეტე, სადაც შენთან ყოფნა შემეძლო.- ვუთხარი ერთი ამოსუნთქვით.
-რა... რა თქვი ნინი?- სახეზე საშინელი ტკივილი აღებეჭდა.
-დიდი ისტორიაა, ეს იმიტომ გითხარი, რომ ბავშვს მთავარია სიყვარული დაანახო და აგრძნობინო, სულაც არ არის აუცილებელი 9 თვე მუცლით ატარო. ასე რომ... მოდი!
გიო მოგვიახლოვდა, მის მინი კოპიოს ღიმილით დააკვირდა. ახლა, როდესაც ორივე გვერდით მყავდა, შევამჩნიე თუ რამდენად ჰგავდა ჩემი პატარა მის მამიკოს. საოცარი გრძნობა იყო, როდესაც ჩემთვის ორი უძვირფასეს ადამიანს ერთად ვუყურებდი. მამიკო დიდხანს უყურებდა აღფრთოვანებული გიოს, თავის მხრივ პატარაც სწავლობდა მისთვის უცხო ადამიანის გამომეტყველებას, სახეს, ღიმილის და უეცრად კიდევ ერთხელ გამაოცა, მე შემომხედა საოცრად ჭკვიანი თვალებით (ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ დედა ვარ), მერე კი გიოს მიუბრუნდა და მისკენ გაიწვდინა პაწია, ბუთქუნა ხელები. გაოცებულმა ამომხედა გიომ, მე შოკს გავუმკლავდი და გავუღიმე:
-ხელები ისე დაიკავე, როგორც მე,- ვუთხარი ნაზად, თან გამამხნევებლად.
-ნინი ჩვილი ბავშვი ხელში არასოდეს მჭერია.
-არა უშავს, ახლა ისწავლი.- მანაც გააკეთა ხელებით იმპროვიზირებული აკვანი და მე ფრთხილად ჩავუწვინე იქ ჩემი ყველაზე დიდი განძი.
-მამიკო,- ერთი ეს თქვა გიომ და პატარას შუბლზე აკოცა.
ამ ერთი, უბრალო სიტყვაში იმდენად დიდი სითბო და სიყვარული გამოხატა გიომ, რომ ყველანაირი ტკივილი და იმედგაცრუება დამავიწყა, თითქოს არც ყოფილა ის თვეები რაც ერთად არ ვიყავით, თითქოს საგიჟეში არ ვმკურნალობდი... ყველაფერი ეს წაიშალა ჩემი გონებიდან, დარჩნენ მარტო ეს ორი არსება, რომლებიც ასე ჰგავდნენ ერთმანეთს და რომლებსაც სახეებზე ღიმილი დასთამაშებდათ.
-ნინი, მამიდა, აჭამე ბავშვს,- მითხრა ოთახში შემოსულმა მამიდამ.
-კარგი, ოღონდ ჯერ მამამისს ჰყავდეს ცოტა ხანს.
-ჰმ,- მამიდაჩემმა წარბი ასწია და გიოს შემფასებლურად გადახედა. მაშინ მივხვდი, რომ ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ.
-გიო, გაიცანი ეს ლია მამიდაა,- ხელით ვანიშნე,- მამიდა, ეს გიოა, ჩემი შვილის მამა.- გიოს ბავშვი ფრთხილად გამოვართვი, რათა ხელის ჩამორთმევის შესაძლებლობა ჰქონოდა.
-და მისი მომავალი მეუღლე,- ხელი ჩამოართვა გიომ.
ეს სიტყვები იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ პატარა ლამის ხელიდან გამივარდა.
-სასიამოვნოა,- უთხრა მამიდამ.
-გიო... რა თქვი?- ვკითხე ისე, რომ ჯერ კიდევ არ ვიყავი ბოლომდე გონზე მოსული. გიომ სიცილით შემომხედა.
-ნინი, შენ რა გგონია ამ ყველაფრის მერე ოდესმე მაინც მოგეშვები? და ნებას მოგცემ ვინმე სხვასთან იყო?
-ეგ არც მიფიქრია,- ვუთხარი გაბრაზებულმა.
-აბა მაშინ რა პრობლემაა, ჩემს ვაჟკაცს ნამდვილი ოჯახი სჭირდება...
-ჩემს ვაჟკაცს ნებიერიძე, მოუსვი აქედან,- ბავშვი მთელი ძალით მივიხუტე. გიო მოვიდა, თავზე მაკოცა და სიყვარულით მითხრა:
-ჩემი პატარა ეგოისტი, ნეტავ როდის გაიზრდები,- გაეცინა,- ჩვენ დაგტოვებთ, შენ გიოს აჭამე და გამოდი, კარგი?
-ოკეი,- ჯერ კიდევ გაბუტული ვიყავი, არ მსიამოვნებდა ის ფაქტი, რომ გიოს სიყვარული ვინმესთან უნდა გამეყო...
ორივე გიოს სიყვარული. ვეჭვიანობდი შვილზე და საქმროზე... რა უცნაურად ჟღერს ეს სიტყვა. დილას ჯერ კიდევ მარტოხელა დედა ვიყავი, ახლა კი მყავდა მამაკაცი, რომელიც არ აპირებდა ჩემთან განშორებას და ჩემი სიამაყე, ჩემი ბიჭი, რომელიც მომავალში ალბათ არაერთხელ გამაოცებს თავისი არაორდინალურობითა და ჭკუით.
გიოს ვაჭამე და დავაძინე, მაგრამ მისი საწოლში ჩაწვენა არც მიფიქრია, მასთან ერთად გავედი მისაღებში, სადაც გიო და ლია მამიდა საუბრობდნენ.
-რაზე ჭორაობთ უჩემოდ? მე მჭორავთ ხომ?- ვუთხარი სიცილით (გაბრაზებამ კარგა ხნის წინ გადამიარა) და ჩავჯექი რბილ სავარძელში. ხელი ისე დავიჭირე, რომ გიო კომფორტულად ყოფილიყო.
-კი, იმას მიყვებოდა მამიდაშენი, თუ როგორი აუტანელი ბავშვი იყავი.- მითხრა სერიოზული სახით გიომ.
-ვინ? მე?- ცრემლი მომადგა თვალებზე.
-გიო,- გაუწყრა მამიდა,- ნინი შენზე მაგას არასოდეს ვიტყოდი, ხომ იცი? ყველაზე ჭკვიანი და დამჯერი ძმიშვილი მყავდა დედამიწის ზურგზე.
-მყავდა თუ მყავს მამი?
-ნუ იცი შენ სიტყვებზე გამოკიდება,- ხელი ისე აიქნია მამიდამ, თითქოს აბეზარი ბუზის მოშორებას ცდილობსო.
-ნინი ბავშვი საწოლში რატომ არ ჩააწვინე?- მკითხა გიომ. ის ჯერ კიდევ ვერ გრძნობდა მონატრებას, რადგან მხოლოდ ახლახანს გაიცნო ჩვენი ჩემპიონი. ვნახოთ როგორ ილაპარაკებს დიდხანს რომ მოუწევს განშორება.
-იმიტომ რომ მენატრებოდა,- ენა გამოვუყავი.
-ხო კარგი, ნუ იცი ავარდნა, დამშვიდდი.
-ვაიმე, შენ რომ ვინმეს დამშვიდებას დაუწყებ.
-შენსავით ბუტია მაინც არ ვარ.
-იქნებ გაჩუმდეთ?- მამიდას მობეზრდა ჩვენი ბავშვური კამათი და გაგვაჩუმა. მე და გიომ ერთმანეთს გადავხედეთ და გავუღიმეთ. შერიგება დასრულებულად ჩავთვალეთ სამივემ.
-ნინი, მოკლედ მე და ლია ვსაუბრობდით,- მე მარცხენა წარბი ავწიე, გიომ შემომხედა და თავი დამიქნია. მიხვდა, არ მესიამოვნა სახელით რომ მიმართა მამიდაჩემს და მიმახვედრა, რომ მან დართო ნება.- ხვალ გვინდა ჯვრისწერა დავნიშნოთ. რას იტყვი?
-რას ვიტყვი? ის გაინტერესებთ მე რას ვიტყვი?- მოუთმენლად მიყურებდნენ ორივენი,- იმას ვიტყვი, რომ ორივეს სიცხემ აგიწიათ. არ ვაპირებ თეთრი კაბის გარეშე დავიწერო ჯვარი, ამას კი რამდენიმე დღე მაინც დასჭირდება.
-მე კი მგონია რომ არა,- მითხრა მამიდამ და მის ოთახში გავიდა. რამდენიმე წუთში უკან დაბრუნდა, ხელით მოჰქონდა ულამაზესი თეთრი კაბა, რომელიც რაღაცით რომაელი ქალღმერთების სამოსელს ჩამოჰგავდა, დაყრილი ნაჭერი იყო, ნაზი ყვავილებითა და მარგალიტებით გაწყობილი.
-რა ლამაზია მამი,- აღფრთოვანება ვერ დავმალე,- საიდან ეს საოცრება?
-დედაშენმა მომცა შენზე მეცხრე თვეში რომ იყო. ასე მითხრა, ჩემი გოგო ისე გაიზრდება მე ვერაფერში დავეხმარები, მაგრამ მინდა, რომ ქორწილზე მაინც იგრძნოს ჩემი მხარდაჭერაო. ამ ყველაზე მნიშვნელოვანი დღის მთავარი ატრიბუტი კაბაა და მინდა, რომ ეს ჩემგან ჰქონდეს ჩემს პატარასო.
-დედამ დამიტოვა?- ცრემლები მახრჩობდნენ, მაგრამ პატარას გაღვიძება არ მინდოდა. გიო მიმიხვდა, მოვიდა ჩემთან და ბავშვი გამომართვა. მე წამოვდექი, მამიდასთან მივედი და კაბას ნაზად შევეხე.
-მთელი ფეხმძიმობის მანძილზე სხვებისათვის კერავდა, ცოტა ფული შეაგროვა, იყიდა ყველაფერი აუცილებელი და ეს შეკერა.
-ეს... დედას შეკერილია?- მის წინ მუხლებზე დავეცი, კაბა გამოვართვი, გულში ჩავიხუტე და პატარა ბავშვივით ავტირდი.- დედა... სად ხარ დედიკო?- მთელი ტკივილი, რასაც წლების განმავლობაში გულში ვატარებდი, გადმოვანთხიე.
უსასრულოდ დიდხანს ვტიროდი, მაგრამ არც მამიდას და არც გიოს არ უცდიათ ჩემი დამშვიდება, ორივენი გრძნობდნენ, რომ მე ეს ძალიან მჭირდებოდა. როდესაც დავმშვიდდი გიომ ბავშვი მამიდას ჩააბარა, თავად კი ჩემთან მოვიდა, ჩემს წინ დაიხარა, კაბა გამომართვა, მერე ხელში ამიყვანა და დივანზე დამაწვინა. გვერდით მომიწვა და ჩამეხუტა. არც არაფერი უთქვამს, არც დავუმშვიდებივარ, უბრალოდ მაგრძნობინა, რომ ჩემთან იყო. მამიდაც მიხვდა ამას და პატარასთან ერთად ოთახში გავიდა. მე კი გიოს მკლავებში ჩამეძინა.
სიზმარში დედა ვნახე, ანგელოზივით ლამაზს, ნათელი შარავანდედი ედგა თავზე. შუბლზე მაკოცა და გვერდით მომიჯდა. მე უბრალოდ ვუყვებოდი ჩემს ცხოვრებაზე, ერთად ვიცინოდით და ვტიროდით. უეცრად მზეს გახედა, რომელიც უკვე ცეცხლისფრად იღებებოდა. სევდიანად გამიღიმა, კიდევ ერთხელ მაკოცა, გიოსთან ერთად ცხოვრება დამილოცა და ჩამავალი მზის სხივებს გაჰყვა.
მე ტირილით გავიღვიძე და გიოს მივეკარი:
-გიო, ხვალ ვიქორწინოთ, გთოვ,- სუნთქვა მეკვროდა ემოციებისაგან.
-რა თქმა უნდა პატარა, ხვალიდან ერთმანეთს ვერავინ დაგვაშორებს.
-და დიდხანს და ბედნიერად ვიცხოვრებთ.
-რა იცი?- სიცილით მკითხა გიომ.
-დედამ დაგვლოცა,- ვუთხარი და მისი ხელების რკალში გემრიელად მოვკალათდი.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев