------------------
ჭეშმარიტი ქრისტიანები ამ ქვეყანაზე მგზავრებივით, მწირებივით და უცხოებივით ცხოვრობენ; სულიერი თვალით, რწმენით ყოველთვის ზეციური სამშობლოსაკენ იმზირებიან და მისკენ ისწრაფვიან. შენც გახდი ამქვეყნად მწირი და უცხო, მუდმივად შენი ზეციური მამისკენ იმზირე და ისწრაფე. და სოფელი თავისი ყველა ხიბლითა და საცდურით შეგძულდება. ვინც მარადიულ ნეტარებას ეძიებს და მისი მოპოვებისთვის ისწრაფვის, ის ყველაფერ წარმავალს უგულებელყოფს, რათა დროებითის ძებნაში მარადიული არ დაკარგოს.
შეადარე დრო მარადისობას, აწმყო მომავალს, ცოცხალი ადამიანები მიცვალებულებს და გაგინათდება გონება; თავად მიხვდები და აღიარებ, რომ ცუდად იქცევა ის, ვინც "იუნჯებს თავისა თვისისა და არა ღმრთისა მიერ განმდიდრდებოდის" (ლუკ. 12,21). ყველამ, ვინც მოკვდა, დატოვა ეს სოფელი, შენც იგივე მოგელის, თუნდაც მთელი ქვეყანა შენ გემორჩილებოდეს; მხოლოდ კეთილმსახურება გაგვყვება იმქვეყნად. ბოლომდე კეთილმსახური იყავი და მხოლოდ ეს მიიჩნიე ჭეშმარიტ განძად.
მეტისმეტად ერიდე ნებისმიერი ადამიანის შეურაცხყოფას სიტყვით ან საქმით, რადგან ეს მძიმე ცოდვაა. როცა შეურაცხყოფენ ადამიანს, შეურაცხყოფენ ღმერთსაც, რომელსაც უყვარს ადამიანი; ადამიანის შეურაცხყოფა ვერ იქნება ღვთის შეურაცხყოფის გარეშე. ვინც ადამიანის წინააღმდეგ სცოდავს, ის ღვთის წინააღმდეგაც სცოდავს; მძიმეა ეს, როგორც ხედავ. ამიტომ, როგორც კი შეურაცხყოფას მიაყენებ შენს მოყვასს, მაშინვე დამდაბლდი მის წინაშე, სიმდაბლით სთხოვე შენდობა და აღარ დაისჯები ღვთის სამართლიანი მსჯავრით.
ფუფუნებას მომაკვდინებელი სენივით ერიდე. ის ძლიერ ასუსტებს ქრისტიანის სულს; გვასწავლის სხვისი საკუთრების მიტაცებას, ხალხის დაჩაგვრას და მოწყალების გაცემისაგან (რაც ქრისტიანს ევალება) თავის შეკავებას.
ფუფუნება, როგორც გაუმაძღარი სტომაქი, როგორც უფსკრული, მთელ დოვლათს ნთქავს, მას ყველაფერი ეცოტავება და უფრო მეტი უნდა. ცუდი სახლი მაქვს, თითქოს, ახალი უნდა ავაშენო; უვარგისი ტანსაცმელი მაქვს, უკეთესი უნდა შევიკერო; მრცხვენია უბრალო ეტლით სიარული, ინგლისური კარეტა უნდა შევიძინო; ამის ჭამა მომბეზრდა, უკეთესი უნდა მოვხარშო; უბრალო ღვინის სმა არ შემიძლია, ძვირფასი არაყი უნდა ვიყიდო; არ შემეფერება, ჩემი მსახურები ასეთ კაბებში რომ არიან გამოწყობილნი, უკეთესად უნდა ჩავაცვა; და ა.შ.
ასე შთანთქავს ფუფუნება ყველაფერს და აუძლურებს გონებას. უფრთხილდი მას. ბუნება მცირედით კმაყოფილდება, გულისთქმა და ფუფუნება კი ბევრს ითხოვენ.
სხეულს თავმოსაწონი სამოსით ნუ შეიმკობ ზოგიერთივით, არამედ შენი წოდების შესაფერისად შეიმოსე. ქრისტიანული სამოსი სულიერი სამოსია, მან სული უნდა შეამკოს და არა სხეული. სულის სილამაზე ღვთის ხატებაა, როგორადაც ვართ შექმნილი; ასეთი სილამაზისკენ ისწრაფე და მასზე იზრუნე.
ნებისმიერ ადამიანს მოეპყარი არა პირფერობით, არამედ უბრალოდ, როგორც საკუთარ თავს. როგორიც გარეგნულად ხარ მის წინაშე, ისეთივე უნდა იყო შინაგანადაც, და რასაც ეუბნები, ის უნდა გქონდეს გულშიც. პირფერობა და მზაკვრობა წარმწყმედელთა საქმეა, რომელთა გულებში ეშმაკი ცხოვრობს და ასწავლის მათ პირფერობასა და მზაკვრობას ჩვენს საცდუნებლად. გაფრთხილდი, არ მოექცე მოყვასს ცბიერად და მზაკვრულად, არ დაუტოვო ეშმაკს შენს გულში ადგილი, რათა არ დაგეუფლოს და არ დაგატყვეოს.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев