----------
მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების ყველა ძირითადი საკითხი მოცემულია მრწამსში. მასში 12 მუხლია (წევრი), რომელიც ყველა ქრისტიანმა უნდა იცოდეს. ეს ტექსტი წმინდა მამებმა დაადგინეს პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებებზე, ჯერ კიდევ IV საუკუნეში და მას შემდეგ წმინდად ინახება მართლმადიდებელ ეკლესიაში.
"მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა;
და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა.
ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა.
რომელი ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა.
და ჯუარს ეცვა ჩუენთვის პონტოელისა პილატესზე და ივნო, და დაეფლა.
და აღსდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა.
და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა.
და კუალად მომავალ-არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ.
და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ.
ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა.
მოველი აღდგომასა მკუდრეთით.
და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა, ამინ."
რა არის მრწამსი ქრისტიანისთვის?
მრწამსი, ანუ რწმენის სიმბოლო არის მოკლე გარდამოცემა იმ ძირითადი სარწმუნოებრივი დებულებებისა, რომელთა აღიარება და შესრულება ყოველი ქრისტიანისათვის აუცილებელია.
მრწამსის მნიშვნელობა ჩანს იქიდანაც, რომ ჩვენს ყოველდღიურ ლოცვებში სხვა ლოცვებთან ერთად მრწამსს წარმოვთქვამთ. ფაქტიურად, ამ ლოცვებს შორის მრწამსი ერთადერთია, რომელიც არ არის ლოცვა ამ სიტყვის მკაცრი გაგებით. იგი სარწმუნოებრივი დებულებების გადმოცემაა.
რატომ გვირჩევს ეკლესია, რომ ყოველ დილით გავიმეოროთ სარწმუნოების ძირითადი დებულებები, ანუ სიმბოლო სარწმუნოებისა?
იმიტომ, რომ ესაა ის ძირითადი ფუნდამენტი, რომელზეც დგას მთელი მართლმადიდებელი სარწმუნოება. არც ის არის შემთხვევითი, რომ მრწამსი წირვა-ლოცვის დროსაც იგალობება, ანუ ყოველ წირვაზე ეკლესია მორწმუნეებს შეახსენებს იმას, რისი ერთგულიცა და მიმდევარიც აუცილებლად უნდა იყოს ყოველი ქრისტიანი.
მრწამსის ისტორია მსოფლიო საეკლესიო კრებებს უკავშირდება. მრწამსის მუხლები მიღებული იქნა პირველ (325 წ) და მეორე (381 წ) მსოფლიო საეკლესიო კრებებზე.
პირველ კრებაზე მიიღეს რამდენიმე მუხლი, მეორე კრებაზე კი დადგინდა მუხლების დანარჩენი ნაწილი. III მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილებებში აღნიშნული იყო ისიც, რომ არაფერი უნდა დაემატოს და გამოაკლდეს მრწამსის ტექსტს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
შემდგომში, საუკუნეების შემდეგ, კათოლიკებმა მრწამსში შეცვალეს ერთ-ერთი მუხლი და ამ ცვლილების გამო ისინი მოკვეთილ იქნენ ეკლესიიდან, ვინაიდან მრწამსში ცვლილების შეტანა ერესია, მწვალებლობაა.
ახლა კი დავუბრუნდეთ მსოფლიო საეკლესიო კრებებს და მათ მნიშნვნელობას. სულ შვიდი საეკლესიო კრება ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო ეპოქა, როცა საკმაოდ ძნელი იყო ადამიანების ერთად შეკრება, ვინაიდან სატრანსპორტო საშუალებები არ იყო კარგად განვითარებული.
მიუხედავად ამისა, მაშინდელი მართლმადიდებელი სამყაროს სხვადასხვა კუთხეებიდან მსოფლიო საეკლესიო კრებებზე თავს იყრიდნენ ეპისკოპოსები. და მიუხედავად იმ ხიფათისა, რაც მათ მგზავრობას ახლდა, ისინი მაინც ჩადიოდნენ ამ კრებებზე. თუ ყოველივე ამას გავითვალისწინებთ, დავინახავთ, თუ რამხელა სულიერ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მღვდელმთავრები ამ კრებებზე დასწრებას.
მსოფლიო საეკლესიო კრებაზე ერთად იკრიბებოდნენ ეკლესიის მამები და საეკლესიო საკითხებს წყვეტდნენ. საეკლესიო კრებები, როგორც წესი, რომელიმე ერესის წინააღმდეგ იმართებოდა. ეს არ იყო უბრალოდ საღვთისმეტყველო საკითხებზე სასაუბროდ შეკრება. კრებების ჩატარება იყო ეკლესიის აუცილებელი მოთხოვნილება, რისკენაც ამოძრავებდათ სურვილი იმისა, რომ ეკლესია დაეცვათ არასწორი სწავლებებისაგან, რაც ამა თუ იმ ეპოქაში სხვადასხვა სახით ემუქრებოდა ეკლესიას.
ეს იყო ფაქტიურად რეაქცია ამა თუ იმ ერესზე. მაგალითად, პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების მიზანი, რომელიც ნიკეაში 325 წელს ჩატარდა, იყო ეკლესიის დაცვა არიოზელობისაგან. იმ პერიოდში ერესიარქი არიოზი, ერესის მამამთავარი არასწორ სწავლებას ქადაგებდა ძე ღვთისას შესახებ. სწორედ ასე ხდებოდა დოგმატური საკითხების ჩამოყალიბება. ეს იყო ეკლესიის თავდაცვა უცხო, გარეშე სწავლებებისაგან განკრძალვა.
ბუნებრივია, თუ საკითხს ასე გავიაზრებთ, მაშინ გასაგები იქნება საეკლესიო კრებებისა და დადგენილებების მნიშვნელობა. მათ შორის უპირველესი მრწამსი იყო.
ქართული სახელწოდება მრწამსი მომდინარეობს პირველი სიტყვიდან: „მრწამს ერთი ღმერთი..“ ეს პირველი სიტყვა იქნა აღებული განზოგადოებულ სათაურად ამ მოკლე ტექსტისა. მას ასევე მეორენაირად ეწოდება სიმბოლო სარწმუნოებისა. სხვა ენებში იგი სწორედ ასეა გადმოცემული.
როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, მრწამსი ითქმება არა მარტო დილის ლოცვებში, არამედ წირვაზეც, რითაც ეკლესია მრწამსის მნიშვნელობას გვახსენებს.
მრწამსი წარმოითქმის ნათლისღების საიდუმლოს აღსრულების დროსაც. ნათლობისას კათაკმეველი ვალდებულია, წარმოთქვას მრწამსი. ეს ნიშნავს, რომ ის ეთანხმება და აღიარებს ყოველ მუხლს, რაც მრწამსშია გადმოცემული და ის ინათლება იმ სარწმუნოებრივი ჭეშმარიტებების მიმართ, რაც მრწამსშია გადმოცემული.
ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მრწამსს, რომლის ცოდნა და არა მხოლოდ ცოდნა, არამედ აღიარება, ყოველი ქრისტიანისათვის აუცილებელია.
ადამიანმა უნდა დაადასტუროს, რომ ღმერთი სწამს სწორედ ამგვარად და არა სხვანაირად. მართალია, შეიძლება ადამიანს გულში ჰქონდეს ეს რწმენა, მაგრამ აუცილებელია ასევე, რომ მას თავისი სარწმუნოების არ შერცხვეს ადამიანთა წინაშე.
როდესაც ადამიანს რცხვენია სარწმუნოებისა, ეს ნიშნავს, რომ რცხვენია უფლისა. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, უფლისგან წყალობას არ უნდა ველოდოთ, ვინც უარყოფს უფალს კაცთა წინაშე, იგი უარყოფილი იქნება ღვთის წინაშე იმქვეყნიური სამსჯავროს დროს.
სარწმუნოების დადასტურება არის ერთ-ერთი ნიშანი ქრისტიანისა და ქრისტიანობისა.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев