(. 6. )
სამსახურში მისულ თაიას თანამშრომელთა დიდი ფაციფუცი დახვდა, მიზეზიც მალე გაიგო--ცოტა ხნის წინ ლევანს გაუფრთხილებია, საახალწლო ნობათი და საჩუქრები უნდა მოგართვათო. ბავშვთა სახლი სტუმრების დასახვედრად ემზადებოდა, მართლაც არ გასულა დიდი დრო და ეზოს ორი მანქანა მოადგა, ერთი, მსუბუქი კი იცნეს, ვისიც იქნებოდა, მაგრამ მეორე სატვირთო სამარშრუტო იყო. ეზოს დიდი ჭიშკარი ფართოდ გააღო დარაჯმა და ორივე შემოუშვა. დიდი მანქანა პირდაპირ კიბესთან გაჩერდა უკანა მხრით. მსუბუქი მანქანიდან ლევანი და მისი მეგობრები გადმოვიდნენ, სატვირთოდან მძღოლი, რომელმაც საბარგულის ორივე კარები გახსნა. მანქანა სავსე იყო მუყაოს ათასნაირი ყუთებით. არ თოვდა, მაგრამ გვარიანი სიცივე იყო, ამიტომ საჩუქრების გადმოცლაში ყველამ მიიღო მონაწილეობა. ყუთებს შესასვლელ ფოიეში აწყობდნენ და იმდენი დაგროვდა, სამოძრაო ადგილი აღარ დარჩა ლამის.
ქალბატონმა ნანამ პატივსაცემი.სტუმრები ყავაზე მიიპატიჟა, მათ უარი არ უთქვამთ, მიირთვეს, შემდეგ ბავშვები მოინახულეს, ლევანმა გული რომ იჯერა თავისი ქალიშვილის მოფერებით, დაემშვიდობნენ მათ და თავიანთ საქმეზე წავიდნენ. თან დაჰპირდნენ რომ ახალი წლის დღეს მათთან გაატარებდნენ.
სტუმრების გაცილების შემდეგ აღმზრდელთა ნაწილმა საჩუქრების და ტკბილეულის გადარჩევა დაიწყო. რა არ იყო იქ....სათამაშოები, სახატავი რვეულები, პატარა ზომის პალიტრები, ფერადი ფანქრები, საღებავები, ლამაზად დასურათებული საბავშვო წიგნები, თოჯინები, ასაწყობი კუბურები, სათამაშო ლამაზ-ლამაზი ჭურჭელი, ხალიჩები, დაბალი გასაშლელი სკამები, ტკბილეული და ახალი ჩასაცმელებიც კი, ყველა ბავშვისთვის. აღმზრდელთა გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. საქმე ბევრი ჩანდა, რადგან საჩუქრები ცალცალკე უნდა გაემზადებინათ ორმოცდახუთი ბავშვისთვის. სწორედაც რომ საშური იყო საქმე, რადგან ორ დღეში ახალი წელიც დგებოდა.
თავი არცერთ თანამშრომელს არ დაუზოგია, ყველას უნდოდა ლამაზი დღე ყოფილიყო, ბავშვებს დამახსოვრებოდათ კიდეც...
და აი...ახალი წლის დილაც გათენდა, სწორედ ისეთი, როგორიც შეეფერებოდა, თოვდა და რას თოვდა ...მიწაც გადათეთრებული იყო და ისეთ მსხვილ ფანტელებს ყრიდა ზეცა, უკეთესს რომ ვერც ინატრებდი.
დილის ცხრა საათისთვის ყველა თანამშრომელი ადგილზე იყო და ნაძვისხეც მორთული, ფერადი ნათურებით გაბრდღვიალებული ჰქონდათ. საუზმის შემდეგ ყველა პატარა ახალ ტანსაცმელში გამოაწყვეს, გოგონებს ფერადი ბაფთები დაუმაგრეს თმებზე, ბრჭვიალა წვიმები შემოავლეს მხრებზე და ასე საზეიმოდ მორთულები შეიყვანეს დარბაზში. ბავშვებმა მორთული ნაძვის ხის დანახვაზე სიხარულით ხტუნვა დაიწყეს, ყველას უნდოდა ნაძვის ხესთან მისვლა და სათამაშოების ხელით შეხება, მაგრამ აღმზრდელებმა პატარები მის გარშემო ორ მწკრივად დააწყვეს და ზეიმის დასაწყებად მოამზადეს. დიდი ხნის ლოდინი არ დასჭირვებიათ პატარებს, სტუმრები მოვიდნენ, ახლა უფრო ბევრნი, ქალაქის მერი და მისი თანმხლები პირებიც და ყველა ხელდამშვენებული, ძალიან ისახელეს თავი...ბავშვთა სახლში საზეიმო განწყობა გამეფდა. პატარებს ჯერ ქალაქის მერი მიესალმა, შემდეგ ლევანი, მსურველები სხვებიც გამოდგნენ, თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ პატარების მოფერებაში და დაპირებების დადებაში. ბოლოს დირექტორმა მიულოცა პატარებს, ბედნიერი წელი და მომავალი უსურვა და სტუმრებს უსაზღვრო მადლობა გადაუხადა. უეცრად დარბაზის კარებზე კაკუნის ხმა გაისმა...წამიერი სიჩუმე ჩამოვარდა...თაია გაემართა კარების გასაღებად, გააღო და...დიდი, თეთრ წვერებიანი თოვლის ბაბუა გამოჩნდა, რომელიც თეთრსავე ნაბადში იყო გახვეული და ძლივს შეეტია კარებში, იმხელა ჭრელი ხურჯინი გქონდა მხარზე გადაკიდებული. მან ხურჯინი იატაკზე დადო, პატარები გარს შემოიკრიბა და ახალი წელი დაულოცა, შემდეგ კი სათითაოდ გადასცა საჩუქრები. თვალებგაბრწყინებული ბავშვები ადგილს ვერ პოულობდნენ, ყველას ეჩქარებოდა გაეხსნა ჩანთები და ენახა, რა მოუტანა თოვლის ბაბუამ.
ზეიმი რომ ცოტა ჩაწყნარდა, აღმზრდელებმა ხალიჩები გაშალეს და ზედ ბავშვები დასვეს, საშუალება მისცეს თავიანთი ხელით გაეხსნათ საჩუქრები...დიდი სიხარული დატრიალდა დარბაზში, ბავშვების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.
კარგა ხანს გაგრძელდა საახალწლო ვნებათა ღელვა, რომელიც საბოლოოდ დიდი ტორტის გაჭრით დასრულდა, ეს ლამაზი ტორტი ნაძვის ხით და თოვლის ბაბუათი მორთული, ლევანის და მისი მეგობრების საჩუქარი გახლდათ. თითო ნაჭერი ბავშვებს მიართვეს და დანარჩენი თვითონ გაინაწილეს. მხოლოდ ამის შემდეგ წავიდნენ სტუმრები და უზომოდ კმაყოფილი დატოვეს დიდებიც და პატარებიც.
შობამდე ლევანის მეგობრები საქართველოდან კმაყოფილები გაემგზავრნენ, რადგან შეთანხმებას მიაღწიეს მათი შვილობილი კომპანიის საქართველოში გახსნის თაობაზე, გახარებული იყო ლევანიც, რადგან მისი სამშობლოში დაბრუნება და დაფუძნება უკვე რეალური ჩანდა. შობას მან ისევ გაახარა პატარები , ისევ ბევრი სიახლე და საჩუქარი მიიღო ბავშვთა სახლმა.
უქმე დღეების გასვლის შემდეგ ლევანმა მალევე შეიძინა კეთილმოწყობილი ბინა, არც დაპირებულის შესრულება დავიწყებია, ისე შეაყვარა თანამშრომლებსაც თავი, რომ მასზე მეტი იმედი ვერავინ წარმოედგინათ.
თვის ბოლოს ბინაც გაიფორმა, მხოლოდ ახალი ავეჯი დარჩა შესაძენი, მაგრამ არ იჩქარა, რადგან ისევ გასამგზავრებელი იყო საზღვარგარეთ ახალი კომპანიის საქმეების გამო. წასვლისას თავის ერთასთან ტოვებდა გულს და სულს,არ ეთმობოდა ბავშვი ისევ დასატოვებლად, მაგრამ სხვაგვარადაც არ ეხერხებოდა, მაგრამ ნინის გვერდით თაია ეგულებოდა თითქოს თავის ნაცვლად. ლევანი მიხვდა, რომ მისი გოგონა განსაკუთრებით ახალგაზრდა აღმზრდელთან გრძნობდა თავს კარგად და ისიც იგრძნო, რომ თაიაც განსაკუთრებული სიყვარულით იყო მისი შვილის მიმართ განწყობილი.
საქართველოში ყოფნის პერიოდში თითქმის ყოველდღე სტუმრობდა მათ და ხელცარიელი არასოდეს მისულა, მან კარგად გაიცნო ბავშვთა სახლის ყველა თანამშრომელი, ყველა ეიმედებოდა, თაია ყველაზე მეტად. მან არაფერი იცოდა გოგონას გადაწყვეტილების შესახებ და მის განსაკუთრებულ ყურადღებას ნინის მიმართ, მხოლოდ ახალგაზრდულ ასაკს აწერდა. თაიას კი იმის დარდი აწუხებდა, რომ ბავშვთან დაშორების დრო თანდათან ახლოვდებოდა, იცოდა გაუჭირდებოდა, მაგრამ უნდა შეგუებოდა, რა უფლება ჰქონდა მათ შორის ჩამდგარიყო.
დადგა თებერვალი და ლევანი გერმანიაში გაემგზავრა, არც იქედან გაუწყვეტია კონტაქტი აღმზრდელებთან და ბავშვებთან, უფრო კი, დირექტორთან ჰქონდა ურთიერთობა.
მალე გაზაფხულმაც შემოაბიჯა, მარტის თვემ, ეზოში იები აყვავდა, კარგ ამინდებში ბავშვები უკვე გარეთაც გაჰყავდათ და უკეთესად მოწყობილ ეზოში პატარები მხიარულად თამაშობდნენ. მათი ასაკი ოთხ წელს არ აღემატებოდა, განსაკუთრებულ ყურადღებას და მოფერებას, მზრუნველობას ამიტომაც საჭიროებდნენ. საგაზაფხულოდ ლექსებიც შეასწავლეს ბავშვებს, მაგრამ დიდი სიფრთხილით, გული რომ არ ტკენოდათ.
სწორედ ის დღე იყო, თაია მორიგეობიდან რომ დაბრუნდა, ივახშმა და დედასთან საუბრობდა, ტელეფონის ხმა რომ გაისმა, მას მეორეც მოჰყვა და თათიამ ხელში აიღო. მეგობრობის თხოვნა იყო ნინის მამისგან და წერილიც...
-რადგან გვიანია და ბავშვებთან დაკავშირებას არ იქნებოდა გამართლებული, თქვენთან ამიტომ გადავწყვიტე...თუ საწინააღმდეგო არ გექნებათ, დამიმატეთ მეგობრებში, ვფიქრობ რომ თქვენგან უფრო კარგად გავიგებ ხოლმე ჩემი შვილის ამბავს, უფრო დეტალურად, ვიდრე სხვებისგან,რადგან მგონია ნინის თქვენ გამორჩეულად უყვარხართ, ეს ვიგრძენი მანდ ყოფნის პერიოდში. გთხოვთ, ნუ დაინანებთ მისთვის თქვენს ყურადღებას და სითბოს, ჩემს დაბრუნებამდე, მან ხომ არც კი იცის, რა არის მშობლის სიყვარული, დედის მითუმეტეს. შეიძლება ზედმეტიც მომდის, ასეთ რამეს რომ გთხოვთ, მაგრამ მაპატიეთ ჩემი სუბიექტურობა, რადგან მეც ახლა გავიგე შვილის სიყვარული რა ყოფილა...
,,ეთო". სექტემბერი. 2024.
გაგრძელება იქნება.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев